"ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი, - ამ შინაარსის რეფერენდუმი თუ დაგვჭირდა, ძალიან ცუდად იქნება საქმე" - კვირის პალიტრა

"ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი, - ამ შინაარსის რეფერენდუმი თუ დაგვჭირდა, ძალიან ცუდად იქნება საქმე"

"ცუდი დღე ევროპისთვის"

23 ივნისს ევროპამ ახალ რეალობაში გაიღვიძა, - დიდი ბრიტანეთის ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროპის კავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლას. ბრიტანეთში ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვა რეფერენდუმის მონაწილეთა 51,9%-მა. 382-ივე საარჩევნო ოლქის შედეგებით, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას მხარი დაუჭირა 16,8 მილიონმა ამომრჩეველმა, ხოლო დარჩენას - 15,7 მილიონმა. ევროკავშირის დატოვების მოწინააღმდეგეთა უმრავლესობას შეადგენენ ლონდონში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები ამომრჩევლები.

"ცუდი დღე ევროპისთვის" – ასე გამოეხმაურა დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგს ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერი. თუმცა, რეფერენდუმის შედეგით კმაყოფილი დარჩნენ ევროპელი ულტრამემარჯვენეები. საფრანგეთის "ეროვნული ფრონტის" ლიდერის, მარინ ლე პენის აზრით, დიდ ბრიტანეთში თავისუფლებამ გაიმარჯვა. მისივე თქმით, ახლა ასეთივე რეფერენდუმი უნდა ჩაატარონ საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა წევრებმაც...

რა ძვრებს გამოიწვევს ეს ცვლილება ევროპაში და როგორ აისახება საქართველოზე, ამ და სხვა კითხვებით, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს ვესაუბრეთ:

- მოსალოდნელი შედეგები უკვე სახეზეა, - ეს არის ეროვნული ვალუტის დაცემა და ეკომონიკური პესიმიზმი, რომელიც მხოლოდ ბრიტანეთის კი არა, სხვა სახელმწიფოების განწყობასა და ეკონომიკაზე აისახება. გარდა ამისა, ამას მოჰყვება ისიც, რომ ევროსკეპტიციზმი გაიზრდება, ის ქვეყნები, ვინც ევროკავშირიდან გასვლის მომხრეა, ამაზე უფრო ხმამაღლა დაიწყებენ ლაპარაკს და მათი პროპაგანდა გაიზრდება და მეტ გავლენას მოიპოვებენ. ამიტომაც, ევროკავშირს ძალიან დიდი მუშაობა მოუწევს, რათა ახალი რეფორმები გაატაროს და მსოფლიოს აჩვენოს, რომ უფრო პროგრესულია. ორგანიზაცია ყველა მიმართულებით შეეცდება რეფორმების გატარებას და შეეცდება, კონკრეტულ ქვეყნებს მეტი თავისუფლება მისცეს... ასე, რომ ეს ორგანიზაცია განაგრძობს განვითარებას, ეს გარდაუვალია.

- ცნობილია, რომ მილიონზე მეტი ადამიანი ითხოვს ბრიტანეთში ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებას...

- საქმე ის არის, გასვლის შემდეგ უკან მიბრუნების პრეცედენტი არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს რეფერენდუმის ასე სწრაფად, კვლავ ჩატარების პრეცედენტი. მის ჩატარებას, რამდენიმე წელი მაინც სჭირდება. ქემერონი ამას ვერ შეძლებს, მაგრამ თუ ბრიტანეთში ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური არასტაბილურობა, გართულებები, გამოსვლები და სხვა ტიპის უკმაყოფილებები მოჰყვება, ახალმა მთავრობამ, რომელიც ქვეყანას სათავეში ოქტომბრიდან ჩაუდგება, შესაძლოა, ხელახლა ჩაატაროს რეფერენდუმი, თუ ამ გადაწყვეტილებას მძლავრი სახალხო პროტესტი მოჰყვა....

ევროკავშირიდან გასვლის დაახლოებით ორი წელი მაინც სჭირდება და არ არის გამორიცხული, რომ ბრიტანეთმა ამ დროის განმავლობაში დაიწყოს მოლაპარაკებები და გარკვეულ ეტაპზე მისმა მთავრობამ კვლავ დასვას კითხვა მოსახლეობაში.

- საერთაშორისო ექსპერტთა ნაწილის თქმით, ევროკავშირში რჩებიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მიმართ სიმპათიებით გამოირჩევიან, - კონკრეტულად კი, გერმანია და საფრანგეთი. ეს იძლევა ამ სახელმწიფოს გაძლიერების საფუძველს?

- ნამდვილად რთული კითხვაა. რუსეთის საფრანგეთსა და გერმანიაზე გავლენის საკითხი საკმაოდ რთული თემაა, რადგან მათი ინტერესები გარკვეულ საკითხებში რუსეთისას ემთხვევა, მიუხედავად იმისა, რომ სანქციები დაუწესეს... თუმცა, ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება შემდეგში რუსეთსა და ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, შენარჩუნდება თუ არა ორი-სამი წლის შემდეგ იგივე დამოკიდებულება, ამიტომ წინასწარ რამის თქმა გამიჭირდება, რადგან მსოფლიო პოლიტიკაში ყველაფერი საკმაოდ ჩახლართულია და მოვლენები ძალზე სწრაფად ვითარდება...

- რაც შეეხება, საქართველოს საგარეო კურსს, ხომ არ ფიქრობთ, ეს ცვლილება რაიმე გავლენას მოახდენს მასზე?

- უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ბრიტანეთი. ე.წ. შენგენის ქვეყნების წევრი არ იყო და ეს ვიზალიბერალიზაციაზე არანაირად არ აისახება. რაც შეეხება, პოლიტკურ მხარეს, შესაძლოა, დადებითი როლიც კი ითამაშოს, მაგალითად, - ევროკავშირის ინსტიტუტები ახლა ეცდებიან მთელ მსოფლიოს აჩვენონ, რომ ეს ორგანიზაცია სტაბილურია და ვითარდება, ანუ აგრძელებს თავის პოლიტიკას, ვითომ არაფერი მომხდარა, რადგან ეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნოს და რაც მთავარია, მსოფლიო, ფინანსურ ბაზარზე ევროკავშირის ქვეყნების მიმართ ნდობა არ შემცირდეს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური რეიტინგი... ასე რომ, იმის დემონსტრირება, რომ ყველაფერი რიგზეა, შესაძლოა ჩვენთვის ხელსაყრელი გახდეს. მაგალითად, მათ აჩვენონ, რომ საქართველოს მიმართ გადაწყვეტილება არ შეცვლილა. მათ ევროკავშირში მიღების პროცესი რომ გააჭიანურონ, გავრცელდება ხმები, რომ ბრიტანეთის გასვლამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კოლაფსი გამოიწვია და მათ შორის შეთანხმება არ არსებობს. თუნდაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით და სხვა... ამ და სხვა საკითხების მოუგვარებლობა კი, აუცილებლად გამოიწვევს ევროკავშირის დისკრედიტაციას.

- რაც შეეხება, ქართველი საზოგადოების განწყობას, - გარკვეულმა ნაწილმა უკვე იზეიმა ეს ცვლილება და ევროკავშირს დაშლა უწინასწარმეტყველა...

- დიახ, უკვე გაჩნდა ასეთი შინაარსის სტატიები და უგუნური მოწოდებები ევროსკეპტიკოსებისგან, "ურა"და ვაშა, - ევროკავშირი ინგრევა და გვეშველა, თითქოს ის იყოს დამნაშავე საქართველოს პრობლემებისა. ეს არის მათი მხრიდან მომენტის გამოყენების მცდელობა, რათა პოზიციები გაიმაგრონ, რაც რუსეთის გავლენისა და მის შესაბამის სტრუქტრებთან აშკარა თანამშრომლობის შედეგია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე გავლენას იქონიებს, მაგრამ იმედია, არა იმდენად, რომ მთლიანობაში საზოგადოების განწყობა შეცვალოს.

- ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, იმედია, რეფერენდუმის ჩატარება არ დაგვჭირდება, გვინდა თუ არა ევროკავშირში...

-  ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი, - ამ შინაარსის რეფერენდუმი თუ დაგვჭირდა, ძალიან ცუდად იქნება საქმე...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)