"ვითხოვთ ბოდიშს" - ცენტრალურ აფრიკაში მომსახურე ქართველი სამხედროების დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობა არ დასტურდება - კვირის პალიტრა

"ვითხოვთ ბოდიშს" - ცენტრალურ აფრიკაში მომსახურე ქართველი სამხედროების დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობა არ დასტურდება

2016 წლის დასაწყისში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა არასრულწლოვან გოგონებზე იძალადეს. (იხ: "ორმა გოგონამ ინტერვიუს დროს თქვა, რომ ისინი ევროკავშირის მისიის ფარგლებში მყოფმა სამხედროებმა გააუპატიურეს")

როგორც კომისარიატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში იყო ნათქვამი, გაერო-ს წარმომადგენლებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არაერთ გოგონასთან ჩაწერეს ინტერვიუ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ისინი უცხოელი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი არიან.

"ორმა გოგონამ ინტერვიუს დროს თქვა, რომ ისინი ევროკავშირის მისიის ფარგლებში მყოფმა სამხედროებმა გააუპატიურეს. კიდევ ორმა გოგონამ კი განაცხადა, რომ მათ სექსუალური კავშირის სანაცვლოდ სხვა მისიის სამხედროებმა ფული გადაუხადეს. სამხედროების ნაწილის ეროვნება უცნობია, სამი გოგონას აზრით კი, მათზე ძალადობა მისიის ქართული კონტიგენტის სამხედროებმა განახორციელეს", - აღნიშნული იყო ინფორმაციაში. მას შემდეგ ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო.

იმავე პერიოდში ქართული მხარის მიერ გაკეთდა განცხადებები. როგორც თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, "თუკი დადასტურდა, რომ ვინმემ ჩაიდინა რაიმე იმასთან მიახლოებული დანაშაულიც კი, რაზეც საუბარია პრესრელიზში, კანონის უმკაცრესი ზომებით დაისჯება სწორედ იმისთვის, რომ ერთი ადამიანის მსგავსი ქმედებით დანარჩენ შეიარაღებულ ძალებს ჩრდილი არ მიადგეს".

როგორც თინა ხიდაშელმა დღეს მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, ცენტრალურ აფრიკაში მომსახურე ქართველი სამხედროების დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობა არ დასტურდება. როგირც თინა ხიდაშელმა განაცხადა, ეს დასტურდება როგორც საქართველოში, ისე ცენტრალურ აფრიკაში ჩატარებული გამოძიებით.

ჩვენი მოთხოვნაა ერთადერთი - ზუსტად იმავე ტრიბუნიდან, იმავე ფორმით უნდა მოხდეს ახალი განცხადების გაკეთება, როგორც მოხდა ქართველი ჯარისკაცებისთვის ბრალის დადება. ვითხოვთ ბოდიშს და იმის თქმას, რომ გაკეთებული განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს'', - განაცხადა ხიდაშელმა.

იხილეთ ასევე: რას ჰყვება "აფრიკული მისიის" ქართველი ჯარისკაცი (ექსკლუზივი)