"მოღალატეები არც "მეოცნებეებს" გამოადგებათ" - კვირის პალიტრა

"მოღალატეები არც "მეოცნებეებს" გამოადგებათ"

"გაუმაძღარი ჩინოვნიკების მადის გამო მოსახლეობა უპატრონოდაა მიტოვებული"

"თავისუფალი დემოკრატები" წინასაარჩევნოდ ადგილობრივი რესურსის უკანონოდ გამოყენებაზე საუბრობენ. პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, ქვეყნის 27 მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურების ხარჯები კანონით განსაზღვრულს საგრძნობლად აღემატება:

- კვლევის შედეგების მიხედვით, კარგად ჩანს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი უმიზნოდ იხარჯება და ჩვენი გადახდილი ფული ძირითადად, ადგილობრივი მოხელეების ფუფუნებას ხმარდება. მაგალითად, მარტვილის მუნიციპალიტეტში, 2016 წლის ბიუჯეტის თანახმად, შრომის ანაზღაურებაზე 1 828 600 ლარია გათვალისწინებული, რაც ბიუჯტის 30,5%-ს შეადგენს. ხობში კი, 1 996 400 ლარია ხელფასებისა და პრემიებისთვის გამოყოფილი, რაც ბიუჯეტის 26,15%-ია. აბაშაში ეს რიცხვი - 28, 2% აღწევს, სენაკში - 27,7%, ონის მუნიციპალიტეტში - 35,89%, ლენტეხში - 33,38%, ქედის რაიონში კი, 52,35%, ანუ ბიუჯეტის 4 896 774 ლარიდან, ქედელი ჩინოვნიკების ხელფასებსა და პრემიებზე 2 563 700 ლარი იხარჯება. ეს წარმოუდგენელი ნონსენსია. ანალოგიური ვითარებაა დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც. არადა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, თეთრზე შავით წერია, რომ გამგეობის, მერიისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. წარმოდგენილი ციფრები კი, ხაზგასმით მიანიშნებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო პირი კანონდემბლობას დაუფარავად არღვევს.

- თქვენი ინფორმაციით, ბიუჯეტი მხოლოდ მიმდინარე წელს გაიზარდა თუ ანალოგიური მონაცემები წინა წლებშიც ფიქსირდება?

- ბუნებრივია, ეს საარჩევნო წელს უკავშირდება. უამრავი ფაქტი გვაქვს, რომელიც ადასტურებს, რომ შტატები ხელოვნურად იზრდება, ერთი ვაკანტური ადგილი რამდენიმე პირზე ნაწილდება და ა.შ. ეს ყველაფერი კი, იმ ფონზე ხდება, როდესაც რეგიონები წარმოუდგენელ სიდუხჭირეში ცხოვრობენ, ხიდები ინგრევა, მოსახლეობას სტიქია უტევს და მოსავალი უნადგურდება. მიკვირს, როგორ ბედავენ ეს ადამიანები ამხელა პრემიებისა და დანამატების საკუთარი თავისთვის გამოწერას, რა უნდა უთხრან ხალხს თანამდებობებზე რომ აღარ იქნებიან თუ ამ ქვეყანაში ცხოვრებას აღარ აპირებენ? გაუმაძღარი ჩინოვნიკების მადის გამო მოსახლეობა უპატრონოდაა მიტოვებული. მაგალითად, ერთ-ერთმა მუნიციპალიტეტმა, რომელმაც მთელი ბიუჯეტი ხელფასებსა და პრემიებს დაახარჯა, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ცენტრალურ ბიუჯეტს მიმართა, ცენტრალურმა ბიუჯეტმა კი, პრემიერის სარეზერვო ფონდში გადაამისამართა. პარადოქსია, არც ამ ფონდშია საკმარისი თანხები, რადგან კულტურის სამინისტროს "დამსახურებით", 30 მილიონზე მეტი კონცერტებზე უკვე დაიხარჯა. როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება რეალობას აბსოლუტურად მოწყდა - ამ ფაქტებს კი, აუდიტის სამსახურიც არ იძიებს. პირიქით, თორდია მშვიდად უყურებს ჩინოვნიკების პარპაშს. ფაქტია, რომ ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტით ცდილობს საჯარო სექტორში დასაქმებულების დაპურებას და ამ მეთოდით მათ საარჩევნოდ გამოყენებას. "ქართულ ოცნება"-ს ავიწყდება, რომ გაუმაძღარი ჩინოვნიკი ყოველთვის მერყევია. სწორედ ასეთ ადამიანებზე იდგა სააკაშვილის ხელისუფლებაც, მაგრამ ყველამ ერთი მეორეს მიყოლებით დატოვა.

- ბოლო პერიოდში თქვენ პარტიასაც აქტიურად ტოვებს რეგიონალური აქტივი, ხობისა და ტყიბულის შემდეგ, აბაშაშიც ყოფილი "თავისუფალი დემოკრატები" "ქართულ ოცნებას" შეუერთდნენ.

- დიახ,აბაშელმა შოთაძემაც გვიღალატა, მაგრამ ვერ გამიგია, რატომ ეამაყებათ ამ ადამიანებს პარტიის ღალატი?! სასიქადულოა, როდესაც შენ გუნდს ღალატობ და მეორე პარტიის დროშის ფონზე განცხადებას აკეთებ? მერწმუნეთ, მოღალატეები არც "აბაშელ მოეცნებეებს" გაოადგებათ. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების წასვლა გარკვეულ გულისწყვეტას გვიტოვებს, მაგრამ მათ ნაცვლად კიდევ უფრო ღირსეული ხალხი მოვა პარტიაში. რაც მთავარია, ჩვენგანი წასული მოღალატეები სუს-თან ერთად სოფელ-სოფელ დადიან და მოსახლეობას აშინებენ, "თავისუფალ დემოკრატებთან" მისვლა არ გაბედოთო.

- კონკერტული ფაქტები დაასახელეთ.

- სწორედ აბაშაში ჩვენი პარტიის ყოფილი წევრი , 25 წლის ახალგაზრდა შოთაძე ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის. მსგავსი ინფორმაცია, ჩვენ შტაბში ფაქტობრივად, ყოველდღიურად შემოდის, რომელსაც მოსხლეობას კონკრეტულად უახლოეს მომავალში დეტალურად გავაცნობთ.

რუსუდან შელია