"საფრთხეები იზრდება, ჩვენ კი სამხედრო სავალდებულო სამსახურს ვაუქმებთ"?! - კვირის პალიტრა

"საფრთხეები იზრდება, ჩვენ კი სამხედრო სავალდებულო სამსახურს ვაუქმებთ"?!

"ძალიან ცუდია, როდესაც ვარშავის სამიტის წინ, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში და მათ შორის ნატო - შიც გაიგეს, რომ საქართველოს მთავრობაში ერთიანობა არ არის"

27 ივნისს, თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის ბრძანებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა გაუქმდა. ხიდაშელის განცხადებით, "ძალით მოყვანილი სამხედროები შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება".

"მე დავდე პირობა, რომ ყველაფერი გავაკეთებდი, რათა 2017 წლიდან ჯარში გაწვევა აღარ არსებობდეს. ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარება, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეირაღებულ ძალებში, ეს არ გამოვიდა. თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც თავდაცვის მინისტრს შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალხმრივად და ერთპიროვნულად მივიღო. დღეიდან მოყოლებული, თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აღარ განახორციელებს გაწვევას და მოთხოვნას, წვევამდელების გაწვევაზე".

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის თაობაზე თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება “პოლიტიკურ პასუხისმგებლობად“ შეაფასა. მისივე თქმით, “თავდაცვის მინისტრი პოლიტიკურ ხელთათმანს ისვრის... მას მინისტრობამდე ორი კვირა დარჩა და ასეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას იღებს და ამით ამბობ, მომავალ მინისტრს თუ არ მოეწონება, გააუქმოსო. ეს არ არის სწორი ქმედება, მით უფრო, რომ შეთანხმებული არ ყოფილა არც პრეზიდენტთან, არც უშიშროების საბჭოსთან, არც პრემიერთან და არც თავდაცვის კომიტეტთან. ის აქამდეც ამბობდა, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა არ სურდა, ჩვენ ყველანი ვამბობდით, რომ საჭირო იყო“.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, თავდაცვის მინისტრს მის უწყებაში სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ უნდა მიეღო.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კი მიიჩნევს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილების განხილვა მთავრობის და უშიშროების საბჭოს სხდომების ფორმატში უნდა მოხდეს. მთავრობის მეთაურმა განმარტებით, ეს არ არის საყოველთაო გაწვევის გაუქმება და ამ ტიპის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრი უარს დამატებით კონტიგენტზე ამბობს. მეორეს მხრივ, პრემიერის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, საჭიროა, პირველ რიგში, მთავრობაში, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში მსჯელობა და საკითხი განსახილველია უშიშროების საბჭოზე.

კონკრეტულად რას გულისხმობს ხიდაშელის ეს გადაწყვეტილება და რა გავლენას იქონიებს სამხედრო თვალსაზრისით, kvirispalitra.ge სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარ რედაქტორს, ირაკლი ალადაშვილს ესაუბრა.

- ჩემი აზრით, ამ ბრძანების სწრაფად გამოსვლის აუცილებლობა არ იყო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში სხვა უფრო საჭირბოროტო საკითხებია, მათ შორის ვარშავის სამიტი. ძალიან ცუდია, როდესაც ვარშავის სამიტის წინ, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში და მათ შორის ნატო - შიც გაიგეს, რომ საქართველოს მთავრობაში ერთიანობა არ არის. გამოჩნდა თავდაცვის მინისტრის, პრეზიდენტის, პრემიერ- მინისტრისა და უშიშროების საბჭოს არა ერთობლივი, შეთანხმებული მუშაობა, არამედ პირიქით, რომ მათ შორის ერთგვარი დაპირისპირებაა.

- რაც შეეხება კონკრეტულად გადაწყვეტილებას, სამხედრო თვალსაზრისით რა გავლენას იქონიებს?

- საქართველოში სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზეა. საგაზაფხულო გაწვევა იწყება 2 თებერვალს და გრძელდება 30 ივნისამდე, ხოლო საშემოდგომო იწყება 1 აგვისტოს და გრძელდება 31 დეკემბრამდე. მინისტრის ეს გადაწყვეტილება დიდი ტრაგედია არ არის იმ გაგებით, რომ წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, ბევრს არაფერს შეცვლის. თავდაცვის სამინისტროს მიერ წვევამდელთა რაოდენობა მცირეა ხოლმე, მაგალითად, გაზაფხულზე გაიწვია მხოლოდ 1000 წვევამდელი და ეს არ არის კრიტიკული რიცხვი, მითუმეტეს, როცა შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს მაინც მიჰყავთ ახალწვეულები და აგრძელებენ სავალდებულო სამსახურში გაწვევას.

საქართველოში ერთი წლის განმავლობაში ორჯერ გაწვევის დროს, საერთო ჯამში 6000 ახალწვეულია, მაშინ როდესაც 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდების რესურსი, ვისაც სამხედრო-სავალდებულო სამსახური უწევს, დიდია. ამასთანავე, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების 90% დაკომპლექტებულია კონტრაქტით მოსარგებლე სამხედროებით და როგორც გენშტაბის უფროსი ამბობს, წვევამდელების რიცხვი მხოლოდ 7%-ია.

თავდაცვის მინისტრის ეს გადაწყვეტილება არც ქვეყნის იმიჯს და არც საქმეს წაადგება. ეს არ იყო დიდი პრობლემა და სხვანაირად შეიძლებოდა მისი მოგვარება. საფრთხეები იზრდება, ჩვენ კი, სამხედრო სავალდებულო სამსახურს ვაუქმებთ?! მაშინ, როცა ლიტვამ, რომელსაც სამხედრო-სავალდებულო გაწვევა გაუქმებული ჰქონდა, 21 ივნისს აღადგინა სავალდებულო სამხედრო სამსახური, მართალია ლიტვის უკან ამხელა ნატო დგას, მაგრამ აღადგინა იმიტომ, რომ რუსეთისგან საფრთხე იგრძნო. ასევე ისრაელი, სადაც კაცებიც მსახურობენ და ქალებიც, ჩვენ კი ვამცირებთ.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)