რომელი ტელევიზიები უთმობენ ყველაზე მეტ საეთერო დროს სააკაშვილსა და ივანიშვილს - კვირის პალიტრა

რომელი ტელევიზიები უთმობენ ყველაზე მეტ საეთერო დროს სააკაშვილსა და ივანიშვილს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მედიამონიტორინგი „ტელევიზიების განწყობა პოლიტიკური ძალებისადმი“ ჩაატარა. მედიამონიტორინგი 2016 წლის 1-ელი მარტიდან 31 მაისამდე პერიოდში მიმდინარეობდა. კვლევისთვის შერჩეული იყო 7 მაუწყებელი: „პირველი არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, GDS, “მაესტრო”, “კავკასია”, “ტაბულა”.

მედიამონიტორინგის შედეგების თანახმად, „ქართული ოცნება“ უარყოფით ტონში ყველაზე მეტად „ტაბულასა“ და „რუსთავი 2“-ზე გაშუქდა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი - GDS-სა და „იმედზე“.

როგორც მედიამონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, ტელევიზიები საინფორმაციო გამოშვებაში ყველაზე მეტად მთავრობას აშუქებდნენ. ამ სუბიექტს საკუთარი ეთერის ყველაზე დიდი დრო (47%) GDS-მა დაუთმო. მთავარობა სხვა არხებთან შედარებით დადებით ტონში ყველაზე მეტად (43%) GDS-ის საინფორმაციო გამოშვებაში შუქდებოდა, ყველაზე ნაკლები (11%) უარყოფითი გაშუქებაც ამ არხზე დაფიქსირდა. მთავრობა დადებით ტონში ყველაზე ნაკლებად (3%) „რუსთავი 2“-ის ეთერში წარმოჩინდა, ყველაზე მეტი (67%) უარყოფითი ტონიც მთავრობის მისამართით ამ არხზე დაფიქსირდა. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“ და „ლეიბორისტულ პარტიას“, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, ისინი უარყოფით ტონში არც ერთ არხზე არ გაშუქებულა, მათ მცირე დრო დაეთმო და ძირითადად ნეიტრალურ ტონში გაშუქდა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო (44 წუთი) „რუსთავი 2“-მა დაუთმო. მისი დადებით ტონში გაშუქების ყველაზე დიდი მაჩვენებელიც (56%) ამავე არხზე დაფიქსირდა, ხოლო უარყოფით ტონში ყველაზე მეტად (59%) „მაესტროს“ ეთერში გაშუქდა.

ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტი დრო - 1 საათი და 15 წუთი - „რუსთავი 2“-ის ეთერში დაეთმო და ყველაზე მეტად (88%) უარყოფით ტონში გაშუქდა. ბიძინა ივანიშვილი დადებით ტონში ყველაზე მეტად (99%) GDS-მა გააშუქა. ამ არხზე მას ჯამში 17 წუთი დაეთმო.

ამასთან, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დაკვირვების ქვეშ მყოფი ტელევიზიები ყველაზე მეტ დროს პოლიტიკის გაშუქებას უთმობდნენ, განსაკუთრებით მცირე დროს კი – სოციალურ თემატიკას.

"ინტერპრესნიუსი"