"ჩემს წამებაში ბოკერია და ადეიშვილი მონაწილეობდნენ" - კვირის პალიტრა

"ჩემს წამებაში ბოკერია და ადეიშვილი მონაწილეობდნენ"

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე 29 ივნისს, დილის 07:00 საათზე პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაიღუპა. მოლაშვილის ძმის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა.

წლების წინ, სულხან მოლაშვილი აცხადებდა, რომ პატიმრობის დროს მის წამებაში გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და გოგა გრიგალაშვილი მონაწილეობდნენ. "ოთახში ბნელოდა, თვალი მქონდა ახვეული, მაგრამ კარგად გავარჩიე, თუ ვინ მონაწილეობდა ჩემს წამებაში. ესენი იყვნენ: გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი, გოგა გრიგალაშვილი და სხვები". (იხ:"ჩემს წამებაში ბოკერია და ადეიშვილი მონაწილეობდნენ")

საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის, ამჟამად მოძრაობა ”ივერიას” წარმომადგენელის, ნიკა რურუას განცხადებით, სულხან მოლაშვილი პოლიტპატიმარი არ ყოფილა, მის წამების ფაქტთან დაკავშირებით კი ეჭვი ეპარება. მან ეს განცხადება გუშინ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ”ის არ ყოფილა პოლიტიკოსი და ვერ იქნებოდა პოლიტპატიმარი. როგორც ვიცი ის ქრთამზე იყო დაკავებული და ამაზე დიდი პიარ კამპანია აგორდა. კადრები არ მინახავს მისი წამების და დარწმუნებული ვარ, რომ ნაწამები არ იყო, ასეთ მითოლოგიას ნუ იჯერებთ.

რურუას განცხადებას ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სატელეფონო ჩართვისას, სულხან მოლაშვილის მეგობარმა, ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, დავით მირცხულავამ უპასუხა.

”ამ სისტემურმა დანაშაულმა, რომელიც ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩაიდანა, სულხანის თავზე გადაიარა. მასზე გამოსცადეს ყველაფერი ის სისაძაგლე, რაც შეიძლება გაეკეთებინათ, მიჩენილი პატიმრებიდან დაწყებული, რომლებიც საშინელებებს აკეთებდნენ, ყველაფერი. სულხანი საღსალამათი შევიდა ციხეში, იქედან კი C ჰეპატიტით დაავადებული და დანგრეული ფსიქიკით გამოვიდა.

ნიკა რურუასნაირი ადამიანები სულხან მოლაშვილზე ასეთი ტონით არ უნდა საუბრობდნენ, ეს უბრალოდ სირცხვილია. სირცხვილია, როდესაც სულხანზე იტყვი, რომ ნაწამები არ იყო. სირცხვილია, როდესაც ამბობ სულხანი არა, მაგრამ ვანო მერაბიშვილია პოლიტპატიმარი. სულხანს სიცოცხლის ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ მის მიმართ სამართლიანობა აღდგებოდა. სულხანს, მეუღლის სახლიდან გაასვენებენ, რადგან საკუთარი აღარაფერი დაუტოვეს.” - განაცხადა დავით მირცხულავამ.

ვიდეო