„საქართველო არის ევროპა“ - ასოცირების შეთანხმება დღეიდან სრულად ამოქმედდა - კვირის პალიტრა

„საქართველო არის ევროპა“ - ასოცირების შეთანხმება დღეიდან სრულად ამოქმედდა

საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება დღეიდან სრულად ამოქმედდა. 2016 წლის 1-ელ ივლისს ამოქმედებულ მუხლებს შორისაა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული ნაწილი, სადაც მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ.

სრულად ამოქმედდა მუხლები, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან, გარდა ამისა თანამშრომლობა მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ, საჯარო ფინანსების მართვა და ფინანსური კონტროლი, ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, კორპორაციული სამართალი, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი, კორპორაციული მმართველობა, განათლება და ჯანდაცვა.

ასევე, ძალაში შევიდა შეთანხმების ორი დარჩენილი დანართი, რომლებიც ეხება განათლების და ახალგაზრდობის, ასევე, აუდიოვიზუალურ და მედიის სფეროებში თანამშრომლობას.

შეგახსენებთ, რომ ასოცირების შეთანხმების უდიდესი ნაწილი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევიდა ძალაში.

იანოშ ჰერმანმა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია, ასოცირების შეთანხმების სრულად ძალაში შესვლასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„ასეთ ღონისძიებაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ ევროკავშირმა ქართულად ისაუბროს. ბოდიშს ვიხდი, რომ თავად არ შემიძლია ქართულად საუბარი, მაგრამ ვცდილობთ და ვსწავლობთ. ბევრ თქვენგანს ალბათ გაუკვირდა, რომ მხოლოდ ახლა შედის სრულად ძალაში ასოცირების შეთანხმება, ვინაიდან გასულ წლებში ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებდით ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ჩვენ ვაფასებთ იმ მიღწევებს, რომლებიც საქართველოს აქვს ასოცირების შეთანხმების განხორციელების ფარგლებში. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ასოცირების შეთანხმება მოიტანს ”ამას”, გააკეთებს ”იმას”, მე მგონი ახლა არის დრო, როცა მომავალში საუბარი აღარ მოგვიწევს და ვიტყვით, რომ ესა თუ ის პროცესი აწმყოში ხდება. ასოცირების შეთანხმება ქვაკუთხედია ჩვენი ურთიერთობებისა საქართველოსთან".

განცხადება გააკეთა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ილკა კანერვამაც, რომელმაც საქართველოს სასწაულებრივ წარმატებაზე ილაპარაკა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს მიიღებს დაეთანხმა:

„საქართველომ სასწაულებრივ წარმატებას მიაღწია კრიტერიუმების და სტანდარტების დაკმაყოფილების მხრივ. შტაინმაიერის განცხადება არის ძალიან რელევანტური და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პროცესი შეიძლება იყოს ორგანიზებული უახლოეს მომავალში. მე ვფიქრობ, მისი განცხადება ძალიან ნათელია", - აღნიშნა კანერვამ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლას ულოცავენ.

სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” განცხადებებს ავრცელებენ შვედეთის, კვიპროსის, ლატვიის, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების საგარეო უწყებები. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი კი, ”ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგში სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ქართველ ხალხს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლას ქართულ ენაზე ულოცავს.

„მინდა ქართველ და მოლდოველ ხალხს ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული დღე მივულოცო. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეს არის ევროპული გზა და ევროპული პერსპექტივა. მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა, რომელთანაც დღეს გვაქვს საქმე, ევროპა ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროში მსოფლიოს მთავარ მოთამაშედ რჩება. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველო არის ევროპა, მოლდოვა არის ევროპა, უკრაინა არის ევროპა“, - აცხადებს ლინას რინკევიჩუსი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახნაზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წელის აგვისტოს ომი გაიხსენა.

”უახლესი ისტორიის 25 წელი მშფოთვარე და მტკივნეული იყო არა მარტო საქართველოსთვის, იგი დატვირთული იყო, როგორც ამაღლევებელი, ასევე ტრაგიკული მოვლენებით. თუ კარგად დავაკვირდებით ყველა ტკივილი და ტრაგედია, რაც 25 წლის განმავლობაში დატრიალდა ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებსა თუ მსოფლიოში, იყო შედეგი დიალოგის, თანამშრომლობის, ნდობის ნაკლებობის, სწორედ ამიტომ დღეს როდესაც ჩვენ შევიკრიბეთ ამ ღონისძიებაზე მთავარ თემად გამოვიტანეთ - დიალოგი ხალხებს, ერებს, სახელმწიფოებს, დაპირისპირებულ მხარეებს, კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შორის, როგორც ერთადერთი სწორი გზა ნდობის აღსადგენად და პრობლემების მოსაგვარებლად..."

”შესაძლოა დროა დავფიქრდეთ, თანამედროვე ეპოქამ ხომ არ მოიტანა ეუთო-ს შედგომის ტრანსფორმაციის აუცილებლობა, რათა იგი უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს უსაფრთხოების და თანამშრომლობის მზარდ დეფიციტს. ამ მოსაზრებისკენ გვიბიძგებს, მაგალითად, საქართველოს შემთხვევა. ეუთო-მ არათუ ვერ შეძლო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სახმედრო აგრესიის პრევენცია და მისი შეჩერება, არამედ თავადაც კი აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიიდან განდევნილი. სამხრეთ ოსეთიდან ქართველების ეთნიკურ წმენდას, თბილისიდან ეუთო-ს მისიის წმენდაც მოჰყვა, ეს დასაფიქრებელი შემთხვევაა იმისთვის, რომ ვიფიქროთ, ორგანიზაციის მისიის შესასრულებად აუცილებელ ტრანსფორმაციაზე... მოხარულები ვართ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთო-მ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს არ მიანიჭა სამშვიდობო ძალების სტატუსი, როგორც ეს, საქართველოში სამწუხაროდ წლების განმავლობაში ხდებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით. ასე, რომ ჩვენ ვსწავლობთ შეცდომებზე და ამ მხრივ გასაკეთებელი მეტია" - განაცხადა უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით