"ჩემს თანამდებობაზე ორ კანდიდატურაზე ჭორაობენ" - კვირის პალიტრა

"ჩემს თანამდებობაზე ორ კანდიდატურაზე ჭორაობენ"

"მე რომ მქონდეს არჩევანი, თუ თინა ხიდაშელი არა, მაშინ სხვა კანდიდატურა მეყოლებოდა, სუფთა, კვალიფიციური, პროფესიონალი... თუმცა ის კაცი კანდიდატურად ვერ გამოდგება, რადგან არასდროს დათანხმდება ამ წინადადებას"

"პრემიერთან საჯარო დებატების გამართვას არ ვაპირებ"

საქართველო ნატოს ვარშავის სამიტზე ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმას მოითხოვს, - აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. სამიტი ვარშავაში 8-9 ივლისს გაიმართება და ვნახოთ, რას მოუტანს ის საქართველოს. თუმცა, სამიტამდე ცოტა ხნით ადრე თინა ხიდაშელი სულ სხვა თემით მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ - მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, არმიაში სამხედრო სავალდებულო გაწვევა გაუქმდა. ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც საზოგადოებაში, ისე ხელისუფლებაში. თინა ხიდაშელთან ექსკლუზიური ინტერვიუ სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ.

- თქვენ განაცხადეთ, რომ რახან ვერ მოხერხდა, აგვეკრძალა გაწვევა შეიარაღებულ ძალებში, იპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც თავდაცვის მინისტრს შეგეძლოთ ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მიგეღოთ. ვისთან ერთად იპოვეთ ცალმხრივად და ერთპიროვნულად სამოქმედო ფორმა ან ახლა რატომ გახდა აუცილებელი ამ ფორმით მოქმედება?

- ძალიან მარტივად, ჩემს იურიდიულ სამსახურთან ერთად ვიპოვე ეს ფორმა. მათ ვთხოვე, მოემზადებინათ დოკუმენტი, რადგან 2013 წელს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო, გაეუქმებინა გაწვევა. 2016 წელი უნდა მოხმარებოდა 2017 წლიდან გაწვევის დასრულების მზადებას. ეს არ მოხდა. პარლამენტში საყოველთაო გაწვევის აკრძალვაზე კანონპროექტიც ჩავარდა. მე, როგორც მინისტრი, ვალდებული ვიყავი, ბოლომდე დავლოდებოდი საკანონმდებლო პროცესს. შემდეგ საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო და რადგან აკრძალვა ვერ მოვასწარით, თავდაცვის სამინისტრომაც გაიწვია წვევამდელები. ეს გაწვევა რამდენიმე დღის წინ დამთავრდა. ძალიან მალე, აგვისტოში, ახალი გაწვევა იწყება, შესაბამისად, უნდა მესარგებლა დროის ლუფტით და ჩემი გადაწყვეტილება გამეცხადებინა. ვარშავის სამიტიდან ხომ არ ვიტყოდი, გაწვევას ვაუქმებ-მეთქი? სხვა არჩევანი არ მქონდა. პრეზიდენტის აქტი ძალაშია, ის არავის არ გაუუქმებია, ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებაც ძალაშია და თუ საშემოდგომო გაწვევაშიც მივიღებდით მონაწილეობას, ვარღვევდი მოქმედ აქტებს, ამიტომაც მოცემული ვადის მიხედვით, აგვისტომდე შევასრულე აღებული ვალდებულება.

- ის, რომ ცალმხრივად მიიღეთ გადაწყვეტილება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ სახელისუფლებო გუნდში ამ საკითხზე უმრავლესობას უარყოფითი აზრი ჰქონდა? ხომ არ გამოვიდა ისე, რომ ჯერ ისევ მინისტრი ხართ და უკვე მმართველი გუნდის ოპოზიციაში აღმოჩნდით?

- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს რომ ჰქონდა საწინააღმდეგო აზრი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი გუნდის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მივიღე. ვიმეორებ, პრეზიდენტის აქტის და ნატოსთან ვალდებულების შესაბამისად, გაწვევის გაუქმების ვალდებულება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა. პროცესი კი, რომელიც პარლამენტში მიდიოდა, ეხებოდა საერთოდ გაწვევის აკრძალვას. თავდაცვის სამინისტროს საყოველთაო გაწვევის აკრძალვაზე არ აუღია ვალდებულება. მხოლოდ თავდაცვის მიმართულებით ვიყავით ვალდებული და შესაბამისად, ჩემი მოვალეობა შევასრულე. რაც შეეხება ჩემს სიტყვებს, ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღე გადაწყვეტილება-მეთქი, მართლაც უხეშად ჟღერს, როგორც ჩანს, სიცხის გამო ვთქვი ასე.

- თქვენს გადაწყვეტილებაზე მთავრობამ და უშიშროების საბჭომ უნდა იმსჯელონ. წინასწარ არ იცოდით, რომ ასე იქნებოდა? თუ იცოდით, რა აუცილებლობა იყო, მიგეღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ სადავო გახდებოდა?

- არის საკითხები, რომლებზეც მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რადგან მინისტრი ვარ. პრემიერმა ამ თემაზე უკვე გააკეთა კომენტარი, ის ჩემი ხელმძღვანელია. ამიტომ მე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ.

- მაინც შეგეკითხებით - ისე გამოჩნდა, რომ თქვენი საქციელი სიურპრიზი იყო ყველასთვის, მათ შორის პრემიერ-მინისტრისთვის. გიორგი კვირიკაშვილთან არ გქონდათ კონსულტაციები და არ იყო საჭირო პრემიერის თანხმობა, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდით?

- უკვე გითხარით, რომ ამ თემაზე კომენტარს არ ვაპირებ. პრემიერ-მინისტრი არის ჩემი უფროსი, რომელსაც უზარმაზარ პატივს ვცემ და არ ვაპირებ მასთან საჯარო დებატების გამართვას. დასკვნა თქვენ გააკეთეთ. ზუსტად იმიტომ, რომ მისი მთავრობის მინისტრი ვარ, ვამაყობ ამით და უზარმაზარ პატივს ვცემ.

- თუმცა, მაინც ისე გამოჩნდა, რომ პრემიერს უსიამოვნო "სიურპრიზი" მოუწყვეთ....

- კი ბატონო, გამოჩნდეს ასე, თუმცა ეს ასე არ არის.

- გარდა ამისა, ექსპერტების ნაწილი, მათ შორის ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები, აცხადებენ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებით შეიარაღებული ძალები დაზარალდება...

- ცივილიზებული სამყარო ელემენტარულ საკითხებზე არის შეთანხმებული. მათ შორის იმაზეც, რომ მონობა აკრძალულია. ეს ბევრჯერ ვთქვი, მათ შორის საკომიტეტო მოსმენებზე, ორჯერ ბატონ სესიაშვილთან. ჯარში სავალდებულო სამსახურში მყოფთა ბედი გარკვეულწილად უტოლდება მონობას. თქვენ რომ სახლში რემონტი ჩაატაროთ, მუშა უნდა დაიქირავოთ და ჯამაგირი გადაუხადოთ, მე, თავდაცვის სამინისტრო რომ რემონტს ვაკეთებ, ჯარისკაცებს უფასოდ ვამუშავებ. ეს არის აბსოლუტურად არათავსებადი ჩემს ზნეობასთან და მორალთან და იმ ყველაფერთან, რითაც დღევანდელ სამყაროში ცივილიზებული ურთიერთობები წესრიგდება. ამიტომაც ამ ტიპის გაწვევის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ბოლო ოთხი თვეა ვმუშაობთ რეზერვის და მობილიზაციის კონცეფციაზე. დღეს სავალდებულო სამსახურის ერთადერთი პლუსია ის, რომ უზრუნველყოფს საზოგადოებას და ჯარს შორის ბმას. ოღონდ ჯარში იძულებით ნამყოფ ყველა ჯარისკაცს შემდეგ ჯარი ეზიზღება, რაც არ უზრუნველყოფს პოზიტივს. პოზიტივს უზრუნველყოფს სწორი სისტემა, რაც რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის მთავარი ამოცანაა. ოთხი თვეა, ამაზე ვლაპარაკობ და ეს არის იმის დასტური, რომ ჩემი გადაწყვეტილება არავისთვის სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო. საჯაროდ, ოფიციალურად, ოთხი თვის წინ გამოვაქვეყნე დოკუმენტი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი მივიწვიეთ კრწანისის სასწავლო ცენტრში, სადაც პოლიტიკური პარტიებისთვის მოვაწყვეთ პრეზენტაცია და იქიდან დაიწყო შეხვედრების უზარმაზარი ციკლი ექსპერტებთან, სტუდენტებთან, დამსაქმებლებთან და ა.შ. ეს თემა მე ძალიან მაწუხებს და მინდა, ფუნდამენტური გარდატეხა შევიტანოთ ამ საკითხში, ჯარი და საზოგადოება დავაახლოოთ, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ ყველა ადამიანს, რომელმაც ჯარი გამოიარა, ჯარი ეზიზღებოდეს. შესაძლოა, სამი, ოთხი, ათი წლის მერე დავუბრუნდეთ საყოველთაო გაწვევის სისტემას, თუნდაც ზუსტად ისე, როგორც ბალტიისპირეთის ერთი ქვეყანა დაუბრუნდა ახლა, როდესაც ყველაფერი გამართა და გაწვევით მოსულ სამხედრო მოსამსახურეს სთავაზობს იმავეს, რასაც კონტრაქტით მოსამსახურეს. სავალდებულო ჯარი ჰგავს ყარაულს, სადაც ჯარისკაცებისგან სამხედრო პერსონები ვერ ყალიბდებოდნენ. გამოსავალი არ არსებობს, თუ ამ სისტემას შევინარჩუნებთ. ეს სისტემა უნდა დაიშალოს და გადავიდეთ რეზერვზე. რეალური მობილიზაცია იმ ადამიანებით უნდა მოხდეს, ვისაც სამხედრო გამოცდილება აქვს. ისინი უნდა შემოვატრიალოთ ჯარისკენ და ამასობაში, თანდათან, გრძელვადიან პერსპექტივაში, დავგეგმოთ პირველ რიგში და ეტაპობრივად გასაკეთებელი საქმე. უნდა განახლდეს თავდაცვის ეროვნული გეგმა, რომელიც განსაზღვრავს მიზანს და ის გამოაჩენს, რა გვჭირდება, რამდენი და როგორი სამხედრო მოსამსახურე, არტილერისტი, ტანკისტი, რამდენი ადამიანი გვჭირდება ლოჯისტიკურ ბაზებზე და ა.შ.

- თქვენი განცხადება, მე მოვაწერე ხელი ამ განკარგულებას და ჩემ შემდგომ სხვა მინისტრი თუ არ ისურვებს, გააუქმოსო, უცნაურად აღიქმება. თავდაცვის მინისტრი ხელს უნდა აწერდეს ისეთ აქტებს, რომლებიც გრძელვადიან სტრატეგიაში მომგებიანი არ იქნება და სხვებს, შესაძლოა, თავსატეხი გაუჩინოს?

- მე, როგორც მინისტრმა, გრძელვადიანი განკარგულება გავეცი, პოპულიზმში კი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ დამდო ბრალი, სხვას არავის უთქვამს. საათიც ჩამირთო, რომ ორი კვირა დამრჩენია მინისტრად ყოფნის. მგონი, მიიღო მაგაზე პასუხი პრემიერ-მინისტრისგან. ამიტომაც ჩემი პასუხი აღარ არის საჭირო.

- თქვენი ყოფილი მოადგილის, ანა დოლიძის გადასვლა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამ განაპირობა? ხომ არ ნიშნავს იმას, რომ არჩევნების შემდეგ თავდაცვის უწყებაში თქვენს თავს და, შესაბამისად, თქვენს გუნდს ვეღარ ხედავთ?

- ანა დოლიძეს თავდაცვიდან წასვლა კარგა ხანია გადაწყვეტილი ჰქონდა. სწორედ ამიტომ დათანხმდა პრეზიდენტის შემოთავაზებას მოსამართლედ წარდგენაზეც. ეს მრავალთვიანი და ადამიანურად საკმაოდ მძიმე პროცესი იყო. ამდენი ხანი ამყოფეს გაურკვევლობაში. 37 მოსმენაზე დაიბარეს და ხან კვორუმი არ იყო და ხან სხვა მხრივ შეფერხდა საქმე. მოკლედ, ბოლოს მოხდა ის, რაც მოხდა. ანას იმდენად კარგად ვიცნობ და ზუსტად ვიცი მისი ღირებულებითი სისტემა, რომ სადაც უნდა იყოს, ყველგან ერთი და იმავე პრინციპების ერთგული იქნება და წარმატებას ვუსურვებ.

- კვლავ მითქმა-მოთქმის საგანია თქვენი და "დელტას" უკვე ყოფილი ხელმძღვანელის ურთიერთდამოკიდებულება. სხვათა შორის, უჩა ძოძუაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში თქვა, რომ თავდაცვის სამინისტრომ არ გამოუყო ფული და ამიტომაც დააგვიანდა სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების დამზადება.

- ამ თემაზე, ანუ ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი პირების საქმიანობაზე, კომენტარებს არ ვაკეთებ, მე ვიღებ გადაწყვეტილებებს. ძოძუაშვილთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, ცოტა უფრო გვიან, ვიდრე უნდა მიმეღო, მაგრამ კარგია, რომ მივიღე... თუ მას რამე პრეტენზიები აქვს, არსებობს სასამართლო და წავიდეს იქ. რაც შეეხება იმას, ვისი დანაშაულია, ამას შესაბამისი ორგანოები გაარკვევენ. გენინსპექციამ წინასწარი მოკვლევა დაასრულა, დასკვნა არსებობს. იმედია, რაღაც მომენტში ეს დასკვნა საჯარო გახდება და ყველა თვითონ გააანალიზებს და დაასკვნის.

- ერთ-ერთი ვერსიით, კონგოში "დელტაში" დამზადებული ქართული ჯავშანტექნიკის გაყიდვის ჩაშლა სწორედ თქვენს სახელს უკავშირდება...

- ამაზეც მივიღეთ ზუსტად ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც უნდა მიგვეღო. აბსოლუტურად არასერიოზულია ძოძუაშვილის კომენტარი. კონგოსთან მქონდა პრობლემა და საუდის არაბეთთან არ მქონდა იგივე პრობლემა? რატომ ჩავშალეთ კონგოს საკითხი და რატომ დავთანხმდით საუდის არაბეთს?

ძოძუაშვილის თქმით, თურმე მის აქტიურ საქმიანობას დავუპირისპირდი. მას არც ვიცნობ, მინისტრობის პერიოდში სულ ორჯერ შევხვდი და ადამიანებს, რომლებსაც არ ვიცნობ, როგორ უნდა დავუპირისპირდე? ვიმეორებ - თუ თვლის, რომ მართალია, ვიმეორებ, წავიდეს სასამართლოში. ოღონდ არა მგონია, ეს მისთვის საუკეთესო არჩევანი იყოს და იმიტომაც არ იქცევა ასე.

- არაოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი სესიაშვილი ან კობა კობალაძე შეგცვლით. ისე, თქვენ პირადად, რომელ კანდიდატურას მიანიჭებდით უპირატესობას?

- ჩემს თანამდებობაზე ორ კანდიდატურაზე, ასე ვთქვათ, ჭორაობენ. ჯერ არც მოვმკვდარვარ და არც გადავმდგარვარ. ამ კითხვაზე პასუხი როგორ უნდა გაგცეთ? მე რომ არ ვიქნები ამ პოსტზე, პრემიერის გადასაწყვეტი იქნება ახალი მინისტრის ვინაობა. მე რომ მქონდეს არჩევანი, თუ თინა ხიდაშელი არა, მაშინ სხვა კანდიდატურა მეყოლებოდა, სუფთა, კვალიფიციური, პროფესიონალი... თუმცა ის კაცი კანდიდატურად ვერ გამოდგება, რადგან არასდროს დათანხმდება ამ წინადადებას.

- ესე იგი, თინა ხიდაშელს შემცვლელის კანდიდატურა ჰყავს?

- მე ვთქვი, რომ კანდიდატურა მყავს? ვთქვი, მე რომ ვწყვეტდე ამ საკითხს, ასეთ პიროვნებას შევარჩევდი-მეთქი.

- თქვენ თქვით, რომ ის კაცი არ დათანხმდება ამ წინადადებასო...

- ჩემი სათქმელი უკვე გითხარით…

- ჯარისკაცები გვწერენ, რომ ფორმის, ბათინკისა და აღჭურვილობის დეფიციტია ჯარში, ჯარისკაცები მოწყობაზე ბოტასებით დგანანო.

- ბოტასებით არსად არ დგანან. თუმცა, არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. ფორმა და ბათინკის პრობლემა შეიქმნა იმიტომ, რომ თურქეთმა, რომელიც რუსეთში ყიდულობდა ნაჭერს, ვერ იყიდა, ვერ შეკერა ფორმა და დაგვაგვიანდა.

- ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ აფრიკაში ქართველ ჯარისკაცებს ცილი დასწამეს. მოუხდიან მათ ბოდიშს გაეროს ტრიბუნიდან?

- ინსტიტუცია, საიდანაც ქართველ ჯარისკაცებს ბრალი დასდეს, საკუთარ რეპუტაციას უფრთხილდება. შესაბამისად, მტკიცებულებები ჩვენი ჯარისკაცების უდანაშაულობის შესახებ ნათელია და მათ ბოდიშს მოუხდიან. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ვიმედოვნებ, არც ამჯერად გაუჭირდებათ.

- ასეთი არაოფიციალური ინფორმაციაც ვრცელდება, რომ შესაძლოა, არჩევნებში პარტიული ნიშნით მონაწილეობაზე უარი თქვათ და მინისტრად დარჩეთ.

- როგორც ბატონმა პრემიერმა თქვა და ვიზიარებ სრულად, ჩემი ყველა გადაწყვეტილება, რომლებიც დღემდე მივიღე, პოლიტიკურად და პრაქტიკული ამოცანებიდან გამომდინარე შეთანხმებული და სინქრონიზებული იყო. ზუსტად ისეთივე იქნება 8 ოქტომბრამდე მიღებული ჩემი ყველა გადაწყვეტილება.

- ანუ, შეიძლება მინისტრად დარჩეთ?

- უკვე გიპასუხეთ, რა შეიძლება გავაკეთო.