"არ მინდა საქართველოს მთავრობაში ვიხილო მინისტრები, რომლებიც პრორუსულ პოლიტიკას გაატარებენ" - კვირის პალიტრა

"არ მინდა საქართველოს მთავრობაში ვიხილო მინისტრები, რომლებიც პრორუსულ პოლიტიკას გაატარებენ"

"არ მინდა საქართველოს მთავრობაში ვიხილო მინისტრები, რომლებიც ანტიევროპულ და პრორუსულ პოლიტიკას გაატარებენ", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსფაშვილმა პრორუსული ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მე არ მინდა საქართველოს მთავრობაში ვიხილო მინისტრები, რომლებიც ანტიევროპულ და პრორუსულ პოლიტიკას გაატარებენ, თუმცა მე მოვესწარი ამ ქვეყანაში ცხოვრებას, რომელშიც მხოლოდ პრორუსები მართავდნენ ამ ქვეყანას, ანუ კომუნისტები. დარწმუნებული ვარ, ეს ეპოქა ამ ქვეყანაში აღარ დაბრუნდება, ამისთვის საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ამას უნდა მივაღწიოთ დარწმუნებით, თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებით, პროევროპულმა, დასავლურმა ძალებმა ერთმანეთთან თანამშრომლობით და არა ძალისმიერი მეთოდებით“, - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, საზოგადოების ნაწილი, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვს, დამნაშავეებად არ უნდა გამოცხადდნენ.

"ისე არ უნდა გამოგვივიდეს, რომ საზოგადოების ნაწილი დამნაშავედ გამოვაცხადოთ იმიტომ, რომ რაღაც საკითხზე განსხვავებული აზრი აქვს. დამნაშავედ ადამიანს კანონი და პროკურორი აცხადებს. მე არ მინდა და დარწმუნებული ვარ, რომ ვერ ვიხილავ ანტიევროპელ და პრორუს მინისტრებს საქართველოს მთავრობაში. მე არ ვიცი და არ ვარ დარწმუნებული, ვიხილავ თუ არა, ასეთ პარლამენტის წევრებს მომავალ პარლამენტში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, ვის რა ოცნებები და ილუზიები აქვს ერთპარტიულ უმრავლესობაზე, თუ სხვაზე, უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პროდასავლური იქნება და ასეთივე მთავრობას შემქმნის. "მთავრობას ქმნის საპარლამენტო უმრავლესობა და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა იქნება პროდასავლური და ასეთივე მთავრობას შექმნის, მაგრამ პარლამენტში 150 ადგილი არის და არ გამოვრიცხავ, რომ აქედან რამდენიმე იმ ხალხმაც მიიღოს, ვინც სხვა მიმართულებას უჭერს მხარს. მე ამას კატარსტოფად არ დავინახავდი. სასურველ მოვლენად არ ვთვლი, მაგრამ ამასთან ხმლით და ტაბურეტკებით ბრძოლა სწორი არ იქნება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"