"ჩატაევი პირადად იცნობს სააკაშვილს" - კვირის პალიტრა

"ჩატაევი პირადად იცნობს სააკაშვილს"

როგორც ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი „ინსტაგრამში“ წერს, თუ აჰმედ ჩატაევის სტამბოლის ტერაქტთან კავშირი დადასტურდა, მაშინ პასუხისმგებლობა ამისთვის დასავლეთისა და საქართველოს სპეცსამსახურებს უნდა დაეკისროს.

ვინ არის ჩატაევი? ის ავსტრიის მოქალაქეა, რომელსაც საქართველოს მოქალაქის პასპორტიც აქვს, პირადად იცნობს სააკაშვილს. 13 წლის განმავლობაში ჩატაევთან ურთიერთობა ბელგიის, შვედეთის, ბულგარეთის, უკრაინის, საქართველოს, თურქეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ. ყველგან მწვანე შუქს უნთებდნენ. რუსეთიდან ის რიგით კრიმინალად წავიდა, ავსტრიაში, საქართველოსა და თურქეთში კი ტერორისტად აქციეს. ჩატაევი ფედერალურ ძებნაშია გამოცხადებული, თუმცა ავსტრიისთვის ის მაინც პოლიტიკური ლტოლვილია. 2011 წელს ჩატაევმა ავსტრიაში დავერბოვკებული ბოევიკების საქართველოდან ჩეჩნეთში გადასროლა სცადა. ჩატაევი დააკავეს, თუმცა გაათავისუფლეს ქართველი მაღალჩინოსნების ბრძანებით. 2013 წლიდან ის თურქეთსა და სირიაშია. გამორიცხულია, თურქულ სპეცსამსახურებს არ სცოდნოდათ, რითია დაკავებული. რუსეთისთვის ზიანის მიყენების მცდელობაში დასავლურმა, ქართულმა და სხვა სპეცსამსახურებმა ჩატაევი აღზარდეს. თუ სტამბოლის მოვლენებთან კავშირი აქვს, მაშინ პასუხისმგებლობა ამისთვის მათ უნდა დაეკისროთ და არა ჩეჩნეთისკენ იყურონ“, - წერს რამზან კადიროვი.

იხილეთ ასევე: აჰმედ ჩატაევის ამნისტია - ჰუმანური აქტი თუ შეცდომა?! - საით მივყავართ შესაძლო ტერორისტის კვალს?!

"ინტერპრესნიუსი"