"საქართველო არის შესანიშნავი, დემოკრატიული ქვეყანა რთული სამეზობლოთი" - კვირის პალიტრა

"საქართველო არის შესანიშნავი, დემოკრატიული ქვეყანა რთული სამეზობლოთი"

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ესტუმრა, ამერიკელი პოლიტიკოსი ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. ასევე გაფორმდა მემორანდუმი საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარღმავების შესახებ. ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

”მოხარული ვართ ვუმასპინძლოთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს საქართველოში. ჩვენთვის უდიდესი პატივია მისი სტუმრობა და ძალიან ვაფასებთ პირადად მისი, აშშ-ის მთავრობის და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და ჯონ კერის ამერიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, რომელიც 4 ივლისს იყო.

სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი საქართველოში ეს არის ორი ქვეყნის მაღალი დონის აქტიური სტრატეგიული თანამშრომლობის და პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება. ამასთან, ბატონი კერის ვიზიტი ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ წარმოადგენს მხარდაჭერას ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

”ბუქარესტის სამიტზე, 2008 წელს ნატო-ს მეკავშირეებმა განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ბუქარესტის სამიტზე აღებულ ვალდებულებას. ამას ხაზი გავუსვით ჩიკაგოსა და უელსის სამიტზე. აღნიშნული ასევე გაიჟღერებს ვარშავის სამიტზეც. საქართველოს მოსახლეობამ თვითონ აირჩია ევროატლანტიკური მომავალი. აშშ თავის ვალდებულებას გრძნობს, დაეხმაროს საქართველოს ამ მიზნების მიღწევაში”, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა კონკრეტულ შედეგებზეც ისაუბრა:

”დღევანდელმა ვიზიტმა კონკრეტული შედეგები მოიტანა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. ხელი მოვაწერეთ მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტს, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს, რომელიც ქმნის გაღრმავებული პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს და მოიცავს იმ სფეროებს, რომლებიც კრიტიკულია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის".

ჯონ კერი: "პრეზიდენტ ობამას სახელით მინდა გამოვხატო, რაოდენ მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვართ იმ გზაზე, რომელზეც დგახართ დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე - ვითარდებით სხვადასხვა მიმართულებით. თქვენ განახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმები და თავისთავად, როგორც ქვეყანა, უდიდეს პატივისცემას იმსახურებთ იმის გამო, რომ ინარჩუნებთ სურვილს, თქვენი მზერა დასავლეთს მიაპყროთ. თქვენი ქმედებები არაა მიმართული დამსჯელობითი, შურისმაძიებლური მიზნებისაკენ და მოქმედებთ თქვენი მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად - ამისთვის ნამდვილად პატივისცემას იმსახურებთ. თქვენ გაატარეთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები, ელოდებით არჩევნებს ოქტომბრის თვეში.

ეს არის ჩემი მეორე ვიზიტი საქართველოში, თბილისში და პირველი ვიზიტი სახელმწიფო მდივნის რანგში. მას შემდეგ, რაც ბოლოს თქვენთან გავსინჯე ხაჭაპური და მშვენიერი ღვინო დავაგემოვნე, მიკვირს, რომ აქამდე არ ჩამოვედი... საქართველო არის შესანიშნავი, დემოკრატიული ქვეყანა რთული სამეზობლოთი. აქ ჩამოვედი პრეზიდენტ ობამას მესიჯით - აშშ ოფიციალურად უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. უსაფრთხოების კუთხით, ჩვენი პარტნიორობა ღრმავდება და ეს ორხმრივი პროცესია“, - განაცხადა კერიმ და ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით