"ჩვენ გვაბრალებენ, რომ პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური ძალა ვართ, ეს არის აბსურდი" - კვირის პალიტრა

"ჩვენ გვაბრალებენ, რომ პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური ძალა ვართ, ეს არის აბსურდი"

"მრეწველთა პარტიის" ლიდერის, გოგი თოფაძის განცხადებით, მათი პარტიის მიმართ ბრალდება, რომ ისინი პრორუსული ძალები არიან, აბსურდია.

მისივე თქმით, ”25 წელია, რაც მრჩეველების ჩამოსვლამ, აბსტრაქტულმა შემოთავაზებებმა დაანგრია ჩვენი სოფელი, მრეწველობა და საერთოდ ეკონომიკა”.

”ჩვენ ვაცხადებთ ხმამაღლა, რომ რუსეთი აგრესიული მეზობელი გვყავს, ძალიან მძლავრი. მიმაჩნია, რომ რუსების ლანძღვა-გინებით და მუქარით ჩვენ ვერ მივაღწევთ, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა დღეს საქართველოში, ანუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. უფრო დიპლომატიურად, ცოტა მოვეფეროთ შეიძლება - რაც ხდება დიპლომატიაში. ჩვენ არავითარ შემთხვევაში პრორუსული ძალა არ ვართ, ჩვენ პროქართული ძალა ვართ, პატრიოტული სულისკვეთების გუნდი”, - განაცხადა გოგი თოფაძემ და განმარტა, რომ აღნიშნულის მიუხედავად, საჭიროა რუსეთთან მოლაპარაკებები.

გოგი თოფაძე ასევე გამოეხმაურა აშშ-ში საქართველოს ელჩის განცხადებას, რომლის თქმითაც, საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული განწყობის პოლიტიკოსები არსებობენ.

”ვკითხოთ არჩილ გეგეშიძეს არიან თუ არა პროამერიკული ძალები საქართველოში, თუ ის ელჩად ზის ამერიკაში და არ იცის აქ რა ხდება და რამდენად ფინანსდება შეერთებული შტატებიდან არასამთავრობოები და ბევრი პოლიტიკური პარტია? უნდა იცოდეს ელჩმა, თუ არადა, ჩამოვიდეს სქართველოში. იმიტომ არ არის ის ელჩად გაგზავნილი, რომ ასეთი არაობიექტური განცხადებები გააკეთოს”, - განაცხადა გოგი თოფაძემ.

"ინტერპრესნიუსი"