"დიდ პოლიტიკაში სამზარეულოდან გამოტანილი ქვაბები არ უნდა აბრახუნო" - კვირის პალიტრა

"დიდ პოლიტიკაში სამზარეულოდან გამოტანილი ქვაბები არ უნდა აბრახუნო"

"ქართულ ოცნებას" ექსკლუზიური ლოგიკა აქვს, რაც ევროპელებისთვის სრულიად გაუგებარია"

ქვეყანაში უდავოდ ცხელი პოლიტიკური ზაფხულია, საგარეო და შიდა პოლიტიკური პროცესები ერთმანეთს ძალზე სწრაფად ენაცვლებიან; ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობისთვის გიგი წერეთელს სულ რამდენიმე ხმა დააკლდა, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" მიზანმიმართული მუშაობის შედეგს უწოდებს. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, ეს იყო სამარცხვინო ქმედება "ქართული ოცნების" მხრიდან, რომელთაც პირადი და სახელმწიფო ინტერესების განსხვავება ვერ შეძლეს. ბატონ გიას ამ და სხვა აქტუალური პოლიტიკური პროცესების შესახებ ვესაუბრეთ.

- როგორ შეაფასებთ საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის ვიზიტს?

- ეს, პირველ რიგში, დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო ამერიკის ინტერესის სფეროშია. ეს ასევე მნიშვნელოვანია იმ გლობალური პროცესების ფონზე, რაც ამჟამად მსოფლიოში მიმდინარეობს. ამერიკა ცდილობს, თავისი მხარდამჭერები და პარტნიორები შემოიკრიბოს, მას ახლა ეს ძალიან სჭირდება, რადგან კითხვები გაჩნდა, თუნდაც "ბრექსიტთან" დაკავშირებით. ევროკავშირი ახლა განსაკუთრებით სუსტია და მის გარშემო სკეპტიკური განწყობები ძლიერდება. ამას ემატება ვიზალიბერალიზაციისა და ნატოში ინტეგრაციის თემების შეფერხება. ასე რომ, ამერიკას მოუწევს, მინიმუმ იმ სტატუსქვოს შენარჩუნება, რაც ქართულ-დასავლურ ურთიერთობებში არსებობს. გარდა ამისა, არჩევნების წინ ასეთი ვიზიტები, როგორც წესი, ხორციელდება. ჩვენ გვახსოვს ბუშის ვიზიტი საქართველოში... მათ მხირდან ეს ვიზიტი გამოხატულება იქნება იმისა, რომ ამ არჩევნებს ქართულ-დასავლური ურთიერთობებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

- რამდენიმე დღეა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატთა გარშემო კამათია ატეხილი. როგორც გაირკვა, გიგი წერეთელს ამ პოსტისთვის სულ რამდენიმე ხმა დააკლდა და ავსტრიელმა კრისტინა მუტენონიმ გაიმარჯვა. ქართული ოპოზიციის თქმით, ამისთვის მიზანმიმართულად იმუშავა "ქართულმა ოცნებამ". რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ თანამდებობაზე ქართველი პოლიტიკოსის არჩევა და რამდენად გამართლებულია უმრავლესობის ქმედებები?

- ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ევროინტეგრაციისკენ ისწრაფვის, ამ თანამდებობაზე თავისი წარმომადგენლის დანიშვნა, ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვიწრო პარტიული მოტივები უფრო მძლავრად არის წარმოდგენილი, ვიდრე გრძელვადიანი ინტერესი და სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება. ეს არის სამარცხვინო ფაქტი, რაც ევროპელების თვალში ძალზე ცუდად გამოჩნდებოდა. არა მგონია, რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს მსგავსი პრეცედენტი - ასეთ მაღალ თანამდებობაზე მათი ქვეყნის წარმომადგენელი კენჭს იყრიდეს და ქვეყნის დეპუტაცია პოლიტიკური ნიშნით აგდებდეს მის კანდიდატურას. ეს არის არაცივილურობისა და პოლიტიკური კულტურის არქონის მაგალითი. ემოციურად, გასაგებია - გიგი წერეთელი ჩემთვისაც მიუღებელია, მაგრამ როდესაც დიდ პოლიტიკაში სხვა საზომები არსებობს, ემოციები შინ უნდა დატოვო, ქუჩას სხვა თამაშის წესები აქვს, არ შეიძლება იქ სამზარეულოდან გამოტანილი ქვაბები აბრახუნო. სწორედ ასე მოიქცა "ქართული ოცნება", მათ შეეძლოთ, ხმა არ მიეცათ გიგი წერეთლისთვის, მაგრამ არა ამ ფორმით. როდესაც შენი ქვეყნის დეპუტატზე ამბობ, დამნაშავეაო, ევროპელი ფიქრობს, თუ ასეა, მაშინ პარლამენტში რა უნდაო... ასე რომ,"ქართულ ოცნებას" თავისი ექსკლუზიური ლოგიკა აქვს, რაც შეიძლება ჩვენ, ქართველებს გვესმოდეს, მაგრამ ევროპელებისთვის სრულიად გაუგებარია...

ბერიასთან გააკეთეს წერეთლის ასოციაცია და ათასი სისულელე აბრახუნეს. შეიძლება, ევროპელმა სულაც არ იცოდეს, ვინ არის ბერია. ანუ "ოცნება" ამ ფრაზებით ჩვენ, ამომრჩეველს გვესაუბრებოდა და არა ევროპულ საზოგადოებას. მათი არგუმენტი იყო სამარცხვინო. კარგი სახელმწიფო მოღვაწე ცუდისგან სწორედ ასეთი შეფასებებით განსხვავდება. ყველა პოლიტიკოსი გარკვეული მოსაზრებებით ხელმძღვანელობს, მაგრამ როდესაც მისი მოტივი სახელმწიფო ინტერესს ეჯახება, პირადი ინტერესი მეორე ადგილზე უნდა დააყენოს! თუ ამის უნარი არ აქვს, ვერასდროს გახდება კარგი მოღვაწე. ამის დეფიციტი ნამდილად არის ქვეყანაში - დარწმუნებული ვარ, იგივე სიტუაციაში "ნაციონალებიც" ასე, ან უარესად მოიქცეოდნენ. სწორედ მათგან გადმოიბარა "ქართულმა ოცნებამ" ეს უმსგავსო საქციელი...…ამიტომაც გვესმის ასე ხშირად, რომ ევროპული აზროვნებისგან შორს ვართ.

- თუმცა, ევროკავშირი განაგრძობს საქართველოსთან ვიზების გაუქმების საჭირო პროცედურებს. ასეთი განცხადებები, ისევ და ისევ დიპლომატიურ ხასიათს ატარებს თუ შემოდგომისთვის მართლაც უნდა ველოდოთ რეალურ შედეგს?

- ამ საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთ სამწუხარო რეალობამდე მივდივართ. ეს საკითხი საარჩევნო თემა გახადეს, მათთვის მთავარია, მოესწრება თუ არა ვიზალიბერალიზაცია არჩევნებამდე, რათა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა მიიღონ. ანუ "ქართული ოცნებისთვის" ვიზალიბერალიზაცია კი არ არის მნიშვნელოვანი, ხმების რაოდენობაა. იმავდროულად, "ნაციონალური მოძრაობა" იბრძვის, რომ როგორმე ერთი-ორი თვით გადაწიოს ეს პროცესი, რათა "ქართულმა ოცნებამ" ქულები არ დაიწეროს. სინამდვილეში, ეს მათი პოლიტიკური დივიდენდების თემა კი არა, სახელმწიფოს მომავალია, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული ამოცანაა. სამწუხაროდ, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ იაზრებს იმას, რომ სახელმწიფოს მომავალი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ პატარა ადამიანების ვიწრო ინტერესები. ეს მართლაც საშვილიშვილო საქმე, მათთვის მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებას უკავშირდება, ამით აფუჭებენ ყველაფერს.

ამათ ჩატაევთან დაკავშირებით ატეხილ პოლემიკაშიც გამოაჩინეს ნამდვილი სახე. თავიანთი ბეცი რიტორიკით, სახელმწიფოს იმიჯს აზიანებენ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების ზღვარზეა, რათა, როგორმე "ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულოს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი ამათკენ იშვერენ ხელს და სახელმწიფოს ინტერესი ორივე მხარისთვის უმნიშვნელოა.

სამი თემა ვახსენეთ: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ვიზალიბერალიზაცია და აჰმეტ ჩატაევი - სამივე შემთხვევაში, სახელმწიფოს ინტერესი გაწირეს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)