"აფხაზეთში ოპოზიციისთვის მთავარია, მოსკოვიდან ჩარიცხულ თანხებთან ახლოს იყვნენ" - კვირის პალიტრა

"აფხაზეთში ოპოზიციისთვის მთავარია, მოსკოვიდან ჩარიცხულ თანხებთან ახლოს იყვნენ"

"ახლა აფხაზეთში ძალაუფლებისთვის ბრძოლაა გაჩაღებული"

სოხუმში საპროტესტო აქციები არ წყდება. ვინ არის მიტინგების ორგანიზატორი, კომენტარი ექსპერტ მამუკა არეშიძეს ვთხოვეთ:

- თავის დროზე ოპოზიციამ ხაჯიმბას წინაშე კატეგორიულად დააყენა საკითხი, ჩატარებულიყო რეფერენდუმი, რათა პრეზიდენტისადმი ნდობა განსაზღვრულიყო... ეს ყველაფერი დაკავშირებულია აფხაზეთის მთავარი სტრატეგიული სიმდიდრის - შავი ზღვის სანაპიროს გაყიდვა-არგაყიდვის საკითხთან. როდესაც ხაჯიმბა ოპოზიციაში იყო, ლოზუნგით, - არ შეიძლება აფხაზეთის მიწების გაყიდვა - ებრძოდა მაშინდელ პრეზიდენტ ანქვაბს (მანამდე ამ საკითხს ბაღაფში შეეწირა და არა მხოლოდ თანამდებობრივად, ფიზიკურადაც). როცა ხაჯიმბა ხელისუფლებაში მოვიდა, იძულებული გახდა, მოსკოვის ნებას დაჰყოლოდა და ამ საკითხზე ლაპარაკი დაეწყო. ეს კი უკვე ოპოზიციამ გამოიყენა და რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა. სხვათა შორის, ხაჯიმბა მალე დათანხმდა რეფერენდუმის ჩატარებას და დაინიშნა თარიღიც - 10 ივლისი. ოპოზიცია მიხვდა, რომ წააგო, ხაჯიმბას შეუძლია მანიპულირება რეფერენდუმის შედეგით, რადგან მას აქვს დიდი გავლენა ორ ეთნიკურ ჯგუფზე. ესენი არიან: პირველ რიგში, სომხები და მერე ქართველები, რომელთა მეშვეობითაც ნებისმიერი შედეგის მიღწევა შეუძლია. ხაჯიმბას გაყალბება არც დასჭირდება, ის მიიღებს სასურველ შედეგს. რასაც იტყვის მთავრობა, იმას გააკეთებენ სომხები. ქართველებიც იძულებული გახდებიან ამაზე წავიდნენ, რადგან ადმინისტრაციულ ორგანოებთან დაპირისპირება არცერთ იქ მყოფ ქართველს არ უნდა. როცა ეს ყველაფერი გააანალიზა ოპოზიციამ და მიხვდა, რომ მარცხისთვის იყო განწირული, გადაწყვიტეს რეფერენდუმის ჩაშლა. ხაჯიმბას პირდაპირ ვერ შეუტევენ, რადგან ის ოპოზიციის მოთხოვნას დაყაბულდა, ამიტომ შეუტიეს შს მინისტრ ძიაპშპას და მიაღწიეს კიდევ მის გადადგომას. ეს ოპოზიციის ერთგვარი გამარჯვებაა, რადგან შს მინისტრის გადაყენების შემთხვევაში, რთულია რეფერენდუმის ჩატარება. ამიტომაც, დიდი ალბათობით, რეფერენდუმი გადაიდება მომავლისთვის. რეალურად, ახლა აფხაზეთში მიდის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ოპოზიციის უკან ის ადამიანები დგანან, რომლებიც ადრე ხელისუფლებაში იყვნენ და მონაწილეობას იღებდნენ მოსკოვიდან გადმორიცხული თანხების გადანაწილების პროცესში...

- ამ ყველაფრით რა სარგებელი შეიძლება ნახოს საქართველომ?

- არავითარი, მეტსაც გეტყვით - ამ ამბებში მოსკოვიც კი არ არის ჩართული. ეს არის ძალაუფლებისთვისა და თანამდებობისთვის ბრძოლა და კავშირი არა აქვს სიმართლესთან, სამშობლოსთან, ფასეულობებთან და სხვ. ამიტომ, მათ შორის ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, საქართველოსთვის არაფერი შეიცვლება.

- ძიაპშპა გადადგა, რეფერენდუმმაც გადაიწია... როგორ ფიქრობთ, გამოსვლები შეწყდება, თუ რაიმე ახალ მოთხოვნას წამოაყენებს ოპოზიცია?

- რეფერენდუმის გადატანა ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ თუ გადაიტანეს, ოპოზიცია მიტინგს დაშლის... მერე გამოჩნდება ახალი ძალა ინტელიგენციის სახით, რომელიც იტყვის, რომ ასეთი გამოსვლები ტურისტული სეზონის ჩავარდნას უწყობს ხელს, ამიტომაც ყველა დამშვიდდება და ეს საქმე გადაიდება... ამასობაში პროკურატურა ჩაატარებს ვითომ გამოძიებას და დაადგენს, რომ ძიაპშპას დანაშაული არაფერში მიუძღვის, ის ისევ დაბრუნდება თანამდებობაზე და დაიწყება კულუარული მოლაპარაკება პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის. დღეს ხაჯიმბამ ოპოზიციონერებს რომ დაუძახოს და რაიმე თანამდებობაზე დანიშნოს, დარწმუნებული იყავით, რომ ხვალ აღარაფერი იქნება... ოპოზიციას მხოლოდ ფულით ვერ გააჩერებს, მათ ძალაუფლება სჭირდებათ, რადგან თუ გავლენა ექნებათ, ფულს თავადვე იშოვნიან. მათთვის მთავარია მოსკოვიდან ჩარიცხულ თანხებთან ახლოს იყვნენ.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)