"ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას" - კვირის პალიტრა

"ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას"

ნატო-ს ვარშავის სამიტის ფარგლებში ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის თემაზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.

შეხვედრა ნატს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. რის შემდეგაც, სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების სიტყვით გამოსვლები გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას იმ საერთო ძალისხმევაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ტერორიზმთან ბრძოლაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნები ახორციელებენ.

შეხვედრის მსვლელობისას ქვეყნებმა ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი მდგომარეობა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მიმდინარეობა განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ გაგრძელებას.

ვარშავის სამიტზე ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებასა და საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

იენს სტოლტენბერგი, ნატო-ს გენერალური მდივანი:

"ჩვენ ვაღიარეთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველო აღწევს წევრობის გზაზე. ჩვენ ასევე მკაფიო პოზიცია გვიკავია იმასთან მიმართებაში, რომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებს. ჩვენ ასევე მტკიცე გზავნილით გამოვდივართ, როცა საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ მოვახდინეთ არსებით პაკეტში სხვადასხვა ელემენტების იმპლემენტაცია.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას. საქართველოს ვიზიტით ვესტუმრები შემოდგომაზე, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად და ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი ნატო-ს ძლიერი მხარდაჭერისა საქართველოსადმი, მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი და რეფორმების გატარებისადმი წევრობის გზაზე“.

თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი:

„ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატის გაგრძელებაზე. სკეპტიკოსების განაცხადის მიუხედავად, მისია არ იცვლება. პრეზიდენტმა ობამამაც განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ პროგრამაში და გააგრძელებს პარტნიორებთან ერთად აქტიურ მოქმედებებს, ერთი მხრივ, ავღანური არმიისა და ავღანეთის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად და მეორე მხრივ, ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია გრძელდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო 2016 წლის დეკემბრამდე. დღეს კიდევ ერთი სიახლე ის იყო, რომ ყველა ქვეყანამ დაადასტურა საკუთარი პასუხისმგებლობა 2020 წლამდე. გუშინდელ დღემდე საუბარი იყო მისიის 2018 წლის ბოლომდე გაგრძელებაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, გუშინ ნატო-ს წევრი ქვეყნები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ეს ვალდებულება ასაღებია 2020 წლამდე. ბუნებრივია, თუ ყველაფერი კარგად იქნება ავღანეთში, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მისიის შეწყვეტა. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ოფიციალურად და ღიად დაადასტურა საქართველოს პოზიცია, რომ ჩვენ ვრჩებით ნატო-სთან ერთად ავღანეთში ამ მისიის დასრულებამდე“.

ნატო-ს შემდეგი სამიტი 2017 წელს ბრიუსელში გაიმართება

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით