ბაკურ გულუას "ქართულ ოცნებაში" ვიხილავთ? - კვირის პალიტრა

ბაკურ გულუას "ქართულ ოცნებაში" ვიხილავთ?

"სიის პირველ ნომრად წარდგენა ერთმა ოპოზიციურმა პარტიამაც შემომთავაზა..."

"ჩემი სამინისტროში დაბრუნების საკითხი არ დგას, თუმცა უარს არაფერზე ვამბობ"

როგორც კულუარებში ამბობენ, მმართველი ძალა ახალ სახეებთან ერთად გუნდში უკვე გამოცდილ კადრებსაც ეპატიჟება. მათ შორის, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ბაკურ გულუაც არის. ბაკურ გულუამ დაგვიდასტურა, რომ "ქართული ოცნებისგან" სამეგრელოში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენის შემოთავაზება მიიღო:

- ამ ეტაპზე, დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ერთს კი ვადასტურებ - "ქართული ოცნების" ერთმა მთავარმა ფიგურამ მითხრა, სამეგრელოში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ხუთეულში ხარო, როგორც ჩანს, სამეგრელომ მოითხოვა ჩემი ჩართვა. თუ ხარ თანახმა, მაჟორიტარად იყარო კენჭიო, თუმცა არ დაუსახელებიათ ზუგდიდში უნდა მეყარა კენჭი, ჩხოროწყუში თუ სხვა რაიონში. ვის მოუვიდა ჩემი კანდიდატურის წამოჭრაზე აზრი, ვერ გეტყვით. ვუპასუხე, მაჟორიტარობაზე თანახმა არ ვარ და პროპორციულ სიაზე შეჯერდით-მეთქი. ბუნებრივია, ისიც ვიკითხე, თუ სიაში ვიქნები, რა ნომრად უნდა წარმადგინოთ და ვინ იქნება ჩემამდე-მეთქი.

სხვათა შორის, ამავე პერიოდში ოპოზიციურმა პარტიამ სიის პირველ ნომრად წარდგენა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვი. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებაში ისევ ეს ძალა უნდა დარჩეს. ახალი ხალხიც უნდა მოვიდეს, მაგრამ რადიკალური ცვლილებები ან ხელისუფლებაში სხვა პარტიის მოსვლა ქვეყანას დააზარალებს. ჭორიც კი გამივრცელეს, თავის დროზე ჩხოროწყუს მაჟორიტარობაზე უარი იმის გამო თქვა, რაიონი ეპატარავაო. დეპუტატი ვიქნები თუ არა, ჩემს ხელს ამ რაიონს მაინც დავატყობ.

- როგორც შევიტყვეთ, "ქართულ ოცნებაში" გაწევრება პრემიერმა შემოგთავაზათ...

- გიორგი კვირიკაშვილი ჩემთვის უცხო არ გახლავთ, ჩვენ საქმიანი ურთიერთობები გვაკავშირებდა. ვფიქრობ, დღეს ის ყველაზე რეალური მთავრობის თავმჯდომარეა - მისი მართვის სტილსა და პიროვნულ თვისებებსაც კარგად ვიცნობ, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს. ჩვენ წლების წინ მიწის რეფორმა ერთად გავატარეთ, სხვათა შორის, ჩვენთან ერთად მაშინ კიდევ ორი მომავალი პრემიერი - ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ნოღაიდელიც იყვნენ ჩართული.

- არჩევნების შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაბრუნების შემოთავაზებაც ხომ არ მიიღეთ?

- სოფლის მეურნეობას კარგი მინისტრი ჰყავს, მართალია, ოთარ დანელია სულ სხვა სფეროდან მოვიდა, თუმცა სპეციფიკას ალღო თავიდანვე აუღო. როდესაც მას მინისტრობა შესთავაზეს, ჩემთან მოვიდა და მითხრა - იურისტი ვარ და სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობა წარმატებით როგორ გამომივაო. ვუთხარი, მთავარია, კარგ ხალხს მოუსმინო და ყველაფერში გაერკვევი-მეთქი. მართლაც ასე მოხდა. ჩემი სამინისტროში დაბრუნების საკითხი არ დგას, თუმცა უარს არაფერზე ვამბობ.

რუსუდან შელია