"თურქეთი სამხედრო ოპერაციებს უზღუდავს ნატო-ს ლიდერ ქვეყანას, შეერთებულ შტატებს" - რის მიღწევას ცდილობს ერდოღანი?! - კვირის პალიტრა

"თურქეთი სამხედრო ოპერაციებს უზღუდავს ნატო-ს ლიდერ ქვეყანას, შეერთებულ შტატებს" - რის მიღწევას ცდილობს ერდოღანი?!

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ვითარება კვლავაც უკიდურესად დაძაბულია. ამობოხებაში მონაწილეობის ბრალდებით 6000-მდე ადამიანია დაკავებული, თუმცა სპეცოპერაციები კვლავაც გრძელდება.

17 ივლისის საღამოს სტამბოლის საბაჰი გეგჩენის სახელობის აეროპორტში სამართალდამცველებსა და ამბოხებულთა მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ აეროპორტის შენობასთან გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა და მბოხებულთა დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ საპასუხო ცეცხლით უპასუხეს. ძალოვანებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკება მოხდა თურქეთის ქალაქ ქონიას ავიაბაზაზეც.

ამის პარალელურად აშკარად რთულება ურთიერთობა აშშ-სა და თურქეთს შორის.

(იხილეთ: ვინ არის ფეთჰულლაჰ გიულენი და იქცევა თუ არა ის აშშ-ისა და თურქეთის დაპირისპირების მიზეზად?!)

თურქეთში სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია გენერალი ბექირ ერჯან ვანი, რომელიც ავიაბაზა "ინჯირლიკს" მეთაურობდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განაცხადებით, რომ "ინჯირლიკის" ბაზაზე რამდენიმე სამხედრო პირია დაკავებული. აღნიშნულ ავიაბაზას აშშ და მოკავშირეები სირიასა და ერაყში ავიადარტყმების განსახორციელებლად იყენებენ.

"ინჯირლიკის" ბაზის ბლოკირება ვაშინგტონში დიდ უკმაყოფილებას და წინააღმდეგობას გამოიწვევს", - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილემ და ამერიკის ყოფილი ელჩმა აზერბაიჯანში მეთიუ ბრაიზამ "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მან სტამბოლის მოვლენები ვრცლად შეაფასა და განაცხადა, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით გადატრიალების მცდელობა ჩავარდა, ტაქტიკური მნიშვნელობით კი ოპერაციები ისევ გრძელდება.

"შეერთებული შტატები სრულ თანადგომას უცხადებს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ სამოქალაქო მთავრობას", - ასეთი იყო თეთრი სახლის პირველი რეაქცია თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე. ამბოხების ჩახშობის შემდეგ კი თურქეთი ამერიკას "ინჯირლიკის" სამხედრო ბაზაზე წვდომას უბლოკავს, რასაც ბრაიზა თურქეთის მიერ ამერიკის მთავრობაზე გავლენის მოხდენად აფასებს, რადგან თურქეთს პენსილვანიაში დევნილობაში მყოფი სასულიერო პირის ფეთჰულა გიულენის ექსტრადიცია სურს. "მოსამართლეების ერთი მესამედი დაკავებულია, ჯერჯერობით უცნობია დაკავების საფუძველი, გავრცელებული ინფორმაციით მათ ფეთჰულა გიულენთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. გრძელდება წნეხი ამერიკელ სამხედროებზე, თურქეთის მთავრობა მათ საშუალებას არ აძლევს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია ჩაატაროს თურქეთის "ინჯირლიკის" ბაზიდან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ბაზას ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. ეს ძალიან ძლიერი მესიჯია", - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ, რომელიც მიიჩნევს, რომ "ინჯირლიკის" ბაზის ბლოკირება, რომლითაც ამერიკა და ნატო-ს წევრი სხვა სახელმწიფოები "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კამპანიისთვის სარგებლობნენ, ხელს შეუშლის თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებს, რაც "ვაშინგტონში დიდ უკმაყოფილებას და წინააღმდეგობას გამოიწვევს". კითხვაზე, თუ რა გავლენას იქონიებს არშემდგარი ამბოხი ედროღანის მმართველობაზე და უნდა ველოდეთ თუ არა მისი მმართველობის გაძლიერებას და ოპოზიციაზე წნეხის გაზრდას, ბრაიზა პასუხობს, რომ ერდოღანი მომენტით სარგებლობს.

"სახეზეა პრეზიდენტის ძალის კონსოლიდირება, ეს გამოიხატება მოსამართლეების დაკავებაში, რამდენიმე ათასი ჯარისკაცია დაკავებული, მომდევნო ეტაპი ალბათ კონსტიტუციის შეცვლა იქნება, რაზეც ერდოღანი დიდი ხანია ლაპარაკობს და ამით ქვეყნის პოლიტიკური სისტემა შეიცვლება, სადაც პრეზიდენტს ყველაზე მეტი ძალა ექნება.

თურქეთის სამივე ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი წერილი გამოაქვეყნა და სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო. ნათელია, რომ ერდოღანი ამ მომენტით ისარგებლებს და პოზიციებს გაიმყარებს. თურქეთი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში, ამერიკაში დევნილობაში მყოფ ფეთჰულა გიულენს და მის მოძრაობას ადანაშაულებს. ამბოხებიდან მალევე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ერდოღანმა თქვა, რომ არ შეიძლება "თურქეთის პენსილვანიიდან მართვა. წარსულში ერდოღანის მოკავშირე სასულიერო პირი უკვე 17 წელია პენსილვანიაში ცხოვრობს. გიულენის ორგანიზაცია ერდოღანმა მაისში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, მისი მიმდევრები კი თანამდებობიდან დაითხოვა. ამბოხების შემდეგ, თურქეთის მთავრობა გიულენის ექსტრადიციას ითხოვს, პრეზიდენტმა ერდოღანმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც გიულენის პასუხისგებაში მიცემაში არ დაეხმარება, თურქეთის მტერია. თუ ბერკეტების მსგავსი ბრძოლა გაგრძელდა, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებზე ძალიან პესიმისტური მოლოდინები მაქვს. სულ ცოტა ხნის ნატო-ს სამიტზე განიხილავდნენ როგორ დაეცვათ თურქეთი მეხუთე მუხლით "ისლამური სახელმწიფოსგან", დღეს კი თურქეთი სამხედრო ოპერაციებს უზღუდავს ნატო-ს ლიდერ ქვეყანას, შეერთებულ შტატებს. ჩემს დიპლომატიურ გამოცდილებაში ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა", - განაცხადა ბრაიზამ.

იხილეთ ასევე: "ის მოხდა, რასაც ერდოღანი დიდი ხანია ამზადებდა"