"ვარდების რევოლუციისას" ნარჩემაშვილის ერთადერთი დამსახურება ისაა, რომ პირადი ინიციტივით რაიმე სისულელე არ გააკეთა" - კვირის პალიტრა

"ვარდების რევოლუციისას" ნარჩემაშვილის ერთადერთი დამსახურება ისაა, რომ პირადი ინიციტივით რაიმე სისულელე არ გააკეთა"

"შემოთვაზება პრემიერისგან მივიღე"

18 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

პრემიერის განცხადებით, ქუთაისის #47-ე ოლქში კენჭს იყრის გენადი მარგველაშვილი, ქუთაისის #48-ე ოლქში - დიმიტრი მხეიძე, ქუთაისის #49-ე ოლქში - კობა ნარჩემაშვილი, წყალტუბოში - ცოტნე ზურაბიანი, ზესტაფონში - შალვა კიკნაველიძე, თერჯოლა-ტყიბულში - ელგუჯა გოცირიძე, საჩხერეში - პაატა კვიჟინაძე, ვანი-ხონის ოლქში გრიგოლ ლილუაშვილი, ჭიათურაში - სულხან მახათაძე, ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში კობა ლურსმანაშვილი, სამტრედიაში კი გია მიქელაძე.

ქუთაისში, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას, კვირიკაშვილმა ყურადღება მომავალი 4 წლის გეგმებზე გაამახვილა და როგორც განაცხადა, დასახული ამოცანების განხორციელების უნარი სწორედ ”ქართულ ოცნებას” შესწევს.

საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნის, კობა ნარჩემაშვილის ერთ-ერთ მაჟორიტარად დასახელებამ.

”კობა ნარჩემაშვილი - მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. იგი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ცნობილი მოვლენების დროს. ბატონი კობა, პირადად ჩემთვის, ნათელი მაგალითია იმისა, როგორ უნდა აარიდო განსაცდელი საკუთარ ხალხს კრიტიკულ სიტუაციაში და გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის და ხალხის სასარგებლოდ. იგი გახლავთ სამართალმცოდნეობის მაგისტრი და ეკონომიკის მაგისტრი. დარწმუნებული ვარ, ბატონი კობა ერთ-ერთი გამორჩეული პარლამენტარი იქნება”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თავად კობა ნარჩემაშვილის თქმით, მან შეთავაზება პრემიერისგან მიიღო.

"2016 წლიდან საქართველოს განვითარების ისტორიაში დგება ახალი ეპოქა, სოციალური სახელმწიფოს განვითარების, კეთილდღეობის სახელმწიფოში გადასასვლელად. აქედან გამომდინარე საინტერესო იყო ჩემთვის საჯარო პოლიტიკაში გარკვეული მონაწილეობის მიღება. შემოთავაზება მივიღე პარტია ,,ქართული ოცნებიდან“, პრემიერისგან“.

ექსპერტ გია ხუხაშვილის მოსაზრებით, შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ქართულ სინამდვილეში არაფრისმეტყველი ფიგურა იყო, შესაბამისად, მის მიმართ როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური რადიკალური შეფასებები საფუძველს მოკლებულია.

გია ხუხაშვილი: ”პრემიერის მხრიდან გაისმა, რომ ის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ქვეყანა განსაცდელს ააცილოს. ამ პათეტიკის უკან, სამწუხაროდ, დიდი შინაარსი არ დევს, რადგან ნარჩემაშვილს „ვარდების რევოლუციის“ დროს მხოლოდ პოლიტიკური სტატუსი ჰქონდა და მასზე არაფერი იყო დამოკიდებული. არ ჰქონდა არანაირი წონა. ერთადერთი მისი დამსახურებაა, რომ პირადი ინიციტივით რაიმე სისულელე არ გააკეთა. შეფასება, რომ ნარჩემაშვილმა ქვეყანას რაღაც ააცილა, რბილად რომ ვთქვათ, კვირიკაშვილმა ან არ იცის, ან შეგნებულად ცდილობს ზედმეტად შეაქოს და შეამკოს კობა ნარჩემაშვილი. მეორე მხრივ, დემონიზაციაც არ არის სწორი, რადგან ის არ იყო სისტემის შემოქმედი. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ნარჩემაშვილის პერიოდში პოლიცია საკმაოდ გარყვნილი, კორუმპირებული სისტემა იყო. შესაძლოა თავად ნარჩემაშვილი კორუფციაში ჩაფლული არ ყოფილა, მაგრამ როგორც მინისტრი ის ქმნიდა ფასადს და შიგნით სისტემაში ათასი უბედურება ტრიალებდა. ესეც არ მეტყველებს მის სასარგებლოდ. ის არც სხვაზე ცუდი იყო, არც სხვაზე კარგი იმ პერიოდში. საკმაოდ არაფრისმეტყველი ფიგურა იყო ქართულ სინამდვილეში.... ყველაზე ვერ ვიტყვი, ყველას არ ვიცნობ, მაგრამ იქ დავინახე პრეცედენტები, რომ ცოტა ნაფტალინის სუნი დატრიალდა, ცოტაც მერკანტილური ინტერესის სუნი. მე ამ შემადგენლობაში პროგრესისტული, მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილება ვერ დავინახე." (წყარო)