"მე ცოტა ხანში მაინც დავტოვებ საპყრობილეს" - ვანო მერაბიშვილის წერილი ციხიდან - კვირის პალიტრა

"მე ცოტა ხანში მაინც დავტოვებ საპყრობილეს" - ვანო მერაბიშვილის წერილი ციხიდან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მერაბიშვილი პირველ რიგში მის მიმართ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ადვოკატებს მადლობას უხდის. როგორც ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი აღნიშნავს, სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე ხელისუფლებას დაუყოვნებლივ უნდა გაეთავისუფლა ის პატიმრობიდან, თუმცა ეს არ გააკეთა.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში, მე არ გამიკეთებია არც ერთი განცხადება და არ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია თუ შეხედულება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩემი დუმილი მხოლოდ ერთი მიზეზით იყო გამოწვეული, მე ველოდებოდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას - ევროპის ადმიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენს. 14 ივნისს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც პირველად საქართველოს ისტორიაში და მეშვიდედ სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში, დადგინდა ხელისუფლების მხრიდან ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ადვოკატებს, განსაკუთრებით ოთო კახიძეს და პროფესორ ფილიპ ლიჩს, რომელთა მაღალმა პროფესიონალიზმმა განაპირობა ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება.

ოთო კახიძე საზოგადოებისთვის ცნობილი არის, როგორც მაღალი კვალიფიკაციის იურისტი. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოში სამართლებრივი რეფორმების განხორციელებაში და დიდი გამოცდილება აქვს საადვოკატო საქმიანობაში. ნებისმიერმა იურისტმა იცის, რომ სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვება დიდი წარმატებაა. ამასთან კონვენციის 18-ე მუხლის მოგება განსაკუთრებულ წარმატებად ითვლება, ვინაიდან აქამდე სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში მხოლოდ ექვსი მსგავსი შემთხვევა არსებობდა", - აცხადებს ვანო მერაბიშვილი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ამაყობს, რომ ოთარ კახიძესთან მუშაობა და ურთიერთობა მოუწია. "მიმაჩნია, რომ იგი საქართველოს დიდი პატრიოტია. მისი კვალიფიკაციის იურისტს, განსაკუთრებით სტრასბურგის სასამართლოში 18-ე მუხლის მოგების შემდეგ, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში გარანტირებული აქვს ძალიან მაღალანაზღაურებადი თანამდებობის დაკავება. თუმცა, მან მაინც გადაწყვიტა საკუთარ ქვეყანას ემსახუროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის წარმატებას მიაღწევს ოქტომბრის არჩევნებში, გახდება საქართველოს პარლმენტის წევრი და განაგრძობს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ჩვენი ქვეყნის რეფორმირების და განვითარების პროცესში.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე მადლობა მინდა გადავუხადო პროფესორ ფილიპ ლიჩს, რომელმაც ჩემი დაცვა ოთო კახიძის შეთავაზებით გადაწყვიტა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მას ჩემგან არც ერთი ფუნტის ანაზღაურება არ მოუთხოვია და სრულიად უანგაროდ განახორციელა ჩემი დაცვა. ორი წლის წინ, როდესაც სტრასბურგის სარჩელს ვამზადებდით, მშვენივრად მესმოდა, რომ 18-ე მუხლის დარღვევის გასაჩივრება ძალიან სარისკო იყო. ვიცოდი, რომ ამ მუხლის მოგება ძალიან რთული იქნებოდა. მიუხედავად ამისა, მე არ მიყოყმანია, რადგან ჩემთვის მხოლოდ ასეთი გადაწყვეტილება იყო მისაღები. მე ან გავიმარჯვებდი და ამით ყველა შეკითხვაზე მექნებოდა პასუხი გაცემული, ან წავაგებდი და მარცხს შევეგუებოდი. მიუხედავად ხელისუფლების წინააღმდეგობისა, დაემორჩილოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მოიქცეს ისე, როგორც სხვა ქვეყნები მოიქცნენ 18-ე მუხლის წაგების შემდეგ, ანუ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სტრასბურგის მიერ აღიარებული პოლიტპატიმარი, მე ცოტა ხანში მაინც დავტოვებ საპყრობილეს. სამწუხაროა ის, რომ რაც უფრო გვიან მოხდება ეს, მით მეტი ზიანი მიადგება ჩვენი ქვეყნის იმიჯს ცივილიზებულ სამყაროში. სწორედ ეს მნიშვნელოვანი წარმატება მაძლევს საშუალებას თამამად გავაგრძელო ჩემი ბრძოლა და შრომა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია ვანო მერაბიშვილის განცხადებაში.