კახიშვილი, კობალაძე, სესიაშვილი - ვინ შეცვლის თინა ხიდაშელს?! - კვირის პალიტრა

კახიშვილი, კობალაძე, სესიაშვილი - ვინ შეცვლის თინა ხიდაშელს?!

მოგეხსენებათ, "რესპუბლიკელი" მინისტრებიდან ორმა - პაატა ზაქარეიშვილმა და თინა ხიდაშელმა თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო გიგლა აგულაშვილმა "რესპუბლიკური პარტია" დატოვა, თანამდებობა კი შეინარჩუნა. ასევე ცნობილია, რომ თავდაცვის მინისტრსა და პრემიერს შორის შეთანხმების თანახმად, თავდაცვის უწყების პირველი პირის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდება, რაც ხიდაშელი აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტს დაასრულებს. ის მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს ვაშინგტონში.

უკვე კარგა ხანია ჩვენში აქტიურად მიდის განხილვა იმ კანდიდატურების, ვინც შესაძლოა შეცვალოს ხიდაშელი. დღემდე ყველაზე ხშირად ასახელებდნენ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილსა და ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსს კობა კობალაძეს. ამ ცოტა ხნის წინ "კვირის პალიტრამ" ინტერვიუ გამოაქვეყნა თინა ხიდაშელთან, რომელშიც ამ საკითხზეც დაისვა კითხვა:

- არაოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი სესიაშვილი ან კობა კობალაძე შეგცვლით. ისე, თქვენ პირადად, რომელ კანდიდატურას მიანიჭებდით უპირატესობას?

- ჩემს თანამდებობაზე ორ კანდიდატურაზე, ასე ვთქვათ, ჭორაობენ. ჯერ არც მოვმკვდარვარ და არც გადავმდგარვარ. ამ კითხვაზე პასუხი როგორ უნდა გაგცეთ? მე რომ არ ვიქნები ამ პოსტზე, პრემიერის გადასაწყვეტი იქნება ახალი მინისტრის ვინაობა. მე რომ მქონდეს არჩევანი, თუ თინა ხიდაშელი არა, მაშინ სხვა კანდიდატურა მეყოლებოდა, სუფთა, კვალიფიციური, პროფესიონალი... თუმცა ის კაცი კანდიდატურად ვერ გამოდგება, რადგან არასდროს დათანხმდება ამ წინადადებას. (იხ: "ჩემს თანამდებობაზე ორ კანდიდატურაზე ჭორაობენ")

ბოლო დღეების განმავლობაში გახშირდა ლაპარაკი, რომ ყველაზე რეალურია ეს მეტად მნიშვნელოვანი პოსტი დაიკავოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ამჟამინდელმა მინისტრმა, კახა კახიშვილმა.

ჯერჯერობით ოფიციალური წყაროები ამას არ ადასტურებენ.

ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მტავარი რედაქტორი:

- საქართველოს დამოუკიდებლობის 25-წლიან ისტორიაში სულ 18 თავდაცვის მინისტრი გვყავდა. 2004 წელს საერთოდ მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის უწყებამ 4 მინისტრი გამოიცვალა. თავიდან იყო დავით თევზაძე, შემდეგ გელა ბეჟუაშვილი, მერე გიორგი ბარამიძე და ბოლოს დეკემბერში ირაკლი ოქრუაშვილი.

თავდაცვის მინისტრი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ფიგურაა. რატომღაც საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ თავდაცვის მინისტრი აუცილებლად უნდა იყოს ან ყოფილი სამხედრო ან ომში მონაწილე, ეს აუცილებელი არ არის, თუმცა არც იმას ნიშნავს, რომ ელემენტარულად არ ერკვეოდეს სამხედრო ცხოვრებაში.

თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებული ძალები არავითარ შემთხვევაში პოლიტიკაში არ უნდა ჩართოს, თორემ დაახლოებით ისეთი ამბები დატრიალდება, რაც ამასწინათ თურქეთში მოხდა.

უახლოეს წარსულში გვქონდა ძალიან ბევრი ცუდი მაგალითი, თუ როგორ ერეოდა თავდცავის მინისტრი შეიარაღებული ძალების საქმიანობაში, ეს იყო განსაკუთრებით 2005-2006 წლები და "აგვისტოს ომის" შემდგომ 2009-2012 წლებში, ეს იყო ძალიან ცუდი ფაქტი და ასეთი რამე არ უნდა მოხდეს.

თავდაცვის მინისტრის მთავარი მოვალეობა პოლიტიკის წარმართვაზე, საფრთხეებზე, პრობლემებზე და ბიუჯეტზე ზრუნვაა.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)