"თურქეთის და რუსეთის უახლესი ისტორია და ალბათ, სამომავლო გეგმებიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს" - კვირის პალიტრა

"თურქეთის და რუსეთის უახლესი ისტორია და ალბათ, სამომავლო გეგმებიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს"

ყოფილი პარლამენტარი, ჟურნალისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" თურქეთში მიმდინარე პროცესებს აფასებს. შეგახსენებთ, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, სამხედრო გადატრიალების კრახით დასრულების შემდეგ, რეპრესიები არ წყდება. უკვე დაკავებული ან სამსახურიდან გათავისუფლებლია 50 000-მდე ადამიანი, გავრცელებული ინფორმაციით, ასეულობით საჯარო და კერძო სკოლას ემუქრება დახურვა.

"ბუნებრივია შეშფოთებული ინტერესი(!) იმ ცვლილების მიმართ, რაც თურქეთში უკვე ხდება და, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში კვლავაც განხორციელდება.

თვალნათლივ ჩანს, რომ თურქეთის ხელისუფლება თანდათან უარს ამბობს ქემალიზმზე და განვითარების ახალ გზას ნეოოსმანურ იდეოლოგიაზე აფუძნებს, თუმცა, არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ათათურქი დემოკრატიის შუქურა იყო, ხოლო ქემალიზმი პროსპექტი დემოკრატიისკენ.

ათათურქი ნაციონალისტურ სახელმწიფოს აშენებდა - თურქეთს მხოლოდ თურქებისთთვის, ხოლო ქვეყნის ეგრეთ წოდებული ევროპეიზაცია მას სჭირდებოდა უკიდურესად ჩამორჩენილი სახელმწიფოს მოდერნიზაციისთვის, რასაც თურქული ნაციონალიზმი უნდა დაფუძნებოდა.

დღეს თურქეთი ერთ-ერთი ეკონომოკური და სამხედრო თვალსაზრისით წარმატებული და ძლიერი ქვეყანა გახდა და მისმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მოვიდა დრო, როდესაც თურქეთმა უნდა დაიბრუნოს ძველი დიდება ისევ ჩაუდგეს სათავეში ძველ ოსმანურ სამყაროს, გახდეს რეგიონში მთავარი მოთამაშე, ისლამური სამყაროს ლიდერი და ანგარიშგასაწევი ძალა მსოფლიოს მასშტაბით.

თურქეთში მიმდინარე პროცესები გარეგნულად ათათათურქის გზაზე უარის თქმას ჰგავს, თუმცა, თავის არსით ძლიერი თურქეთის აღორძინებას ისახავს მიზნად და ათათურქის დაწყებულ საქმეს აგრძელებს.

თურქეთის და რუსეთის უახლესი ისტორია და, ალბათ, სამომავლო გეგმებიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს. სადღაც ორ კვირაში ამ ორი ნაჩხუბარი და ახლადშერიგებული ქვეყნის პრეზიდენტები შეხვდებიან ერთმანეთს და ეტყვიან მსოფლიოს, როგორ ხედავენ მოვლენათა შემდგომ განვითარებას", - წერს მაღლაფერიძე. (წყარო)