"წარმოდგენაც კი მზარავს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები" - რა მოელის საქართველოს, თუ კავკასიაში პარტნიორის გარეშე დარჩა?! - კვირის პალიტრა

"წარმოდგენაც კი მზარავს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები" - რა მოელის საქართველოს, თუ კავკასიაში პარტნიორის გარეშე დარჩა?!

რა მოელის საქართველოს, თუ კავკასიაში პარტნიორის გარეშე დარჩა?!

ერდოღანმა, პრაქტიკულად, არმიას თავი წააცალა, 103-ზე მეტი გენერალი დააპატიმრა. დასჯილთა შორის არის პრეზიდენტის მთავარი სამხედრო მრჩეველიც. 2 700 მოსამართლე და პროკურორი გადააყენეს, მათგან 170-მდე დაკავებულია. უამრავ მეცნიერსა და პროფესორს შეუჩერდა სტატუსი. ერდოღანმა სამსახურიდან 45 000 სახელმწიფო მოხელე დაითხოვა...

თურქეთში მიმდინარე პროცესები ქართველი საზოგადოებისა და ექსპერტების განხილვის საგანი გახდა. ზოგიერთის აზრით, საქართველოს კავკასიაში პარტნიორების გარეშე დარჩენა და იზოლირება ემუქრება, რის გამოც, შესაძლოა, მოვლენები დრამატულად განვითარდეს. ქართველი ექსპერტები თურქეთში შექმნილ მდგომარეობასა და საქართველოსთვის რისკ-ფაქტორების სიმძიმეს აფასებენ.

"სახელმწიფო გადატრიალება" ახლა თავად ერდოღანმა დაიწყო"

გიორგი სანიკიძე: - თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მარცხით დამთავრდა, თუმცა ახლა ქვეყანაში არანაკლებ სახიფათო ვითარებაა. არავინ ამართლებს სამხედრო ამბოხებას და დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტის გადაყენების სურვილს, მაგრამ რაც ახლა თურქეთში ხდება, ისიც დაუშვებელია.

თურქეთის ხელისუფლება ახლა თავად აწყობს "სახელმწიფო გადატრიალებას". მან დროებით შეაჩერა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედება, მკაცრად გაუსწორდა დამნაშავეებსა და ოპონენტებს. ერდოღანმა, პრაქტიკულად, არმიას თავი წააცალა, 103-ზე მეტი გენერალი დააპატიმრა. ტელევიზიით ვნახეთ, რა სასტიკად სცემეს მათ. დასჯილთა შორის (რაც უნდა პარადოქსული იყოს) არის პრეზიდენტის მთავარი სამხედრო მრჩეველიც. დაახლოებით 2 700 მოსამართლე და პროკურორი თანამდებობიდან გადააყენეს, მათგან 170-მდე დაკავებულია. რეპრესიებია უნივერსიტეტებში, უამრავ მეცნიერსა და პროფესორს შეუჩერდა სტატუსი, აეკრძალათ ქვეყნიდან გასვლა (ერდოღანი ეჭვობს, რომ სამხედრო გადატრიალება ინსპირირებული იყო მისი ოპონენტის, ამერიკაში მცხოვრები სწავლულის, ფეთჰულაჰ გიულენის მიერ). ერდოღანმა სამსახურიდან 45 000 სახელმწიფო მოხელე დაითხოვა. არ არის გამორიცხული, ქვეყნის პარლამენტმა სიკვდილით დასჯის აღდგენა შემოიღოს. შეიძლება ითქვას, გიულენს ვინც იცნობდა, ყველა რეპრესირებულია. გიულენი თურქეთში, ერდოღანის შემდეგ, მეორე გავლენიან პირად ითვლება. მას აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მიღებული და ოფიციალური ანკარა მის ექსტრადიციას ითხოვს. ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთში არმია, სასამართლო და საგანმანათლებლო, საუნივერსიტეტო სისტემა კოლაფსშია! ამგვარი მეთოდებით ერდოღანი ცდილობს, გააუვნებლოს ოპონენტები და გადატრიალების მორიგი საფრთხე აიცილოს. ცხადია, დასავლეთი და აშშ გმობენ სამხედრო გადატრიალებას, თუმცა ერდოღანს დამნაშავეთა დასჯის ცივილიზებული მეთოდების გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი დროებითია და ერდოღანის მიზანი მხოლოდ ის არის, ღალატის ფესვები ძირშივე ამოძირკვოს. ის მაინც დასავლური ფიგურაა, ცოტა ხორკლიანი, მაგრამ მაინც დასავლური... გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც: მოსახლეობა ერდოღანის მხარესაა, მოწოდებისთანავე ქუჩაში გამოვიდა და ამბოხებულ სამხედროებს ეკვეთა...

მე მაინც ვვარაუდობ, რომ თურქეთი ნატოს წევრობას არ დათმობს, რადგან ეს მასვე დააზარალებს. ამასთან, დასავლეთის ინტერესების საწინააღმდეგოდაც იქნება მიმართული. აშშ-იც არ დათმობს თურქეთს, ის მისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო პარტნიორია. ვფიქრობ, ნატოს საწინააღმდეგო განცხადებები მხოლოდ ცხელ გულზეა გაკეთებული.

მართალია, თურქეთის ხელისუფლება სამხედრო ამბოხების მომზადებას გიულენს მიაწერს, თუმცა, რაც მოხდა, იმას სხვა მიზეზებიც აქვს. სამხედროების უკმაყოფილება ქვეყანაში შექმნილ არაჯანსაღ ვითარებას უკავშირდება. გაუთავებელი ტერორისტული აქტები, ქურთისტანის პრობლემის წინ წამოწევა, "ისლამურ სახელმწიფოსთან" არცთუ მკაფიო დაპირისპირება და ა.შ. სამხედროთა თვალთახედვით, ხელისუფლების პოლიტიკამ თურქეთის ჭეშმარიტ ინტერესებს გადაუხვია და ათათურქის პრინციპები უარყო, რაც სეკულარიზმს უკავშირდება.

"რუსეთისა და თურქეთის ინტერესები ისტორიულად ერთმანეთის საწინააღმდეგოა"

სოსო ცინცაძე - ის ძალები, რომლებიც თავს ათათურქის პრინციპების ერთგულებად მიიჩნევდნენ, ერდოღანთან დამარცხდნენ. ერდოღანის რისხვა თავს დაატყდა გიულენის თანამოაზრეებს. ახლახან ბაქოში მისი სასწავლებელი აიკრძალა, რადგან თურქეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ სასწავლებელში აქტიურად უწევენ პროპაგანდას, რომ თურქეთმა ათათურქის პრინციპებს გადაუხვია.

სახეზეა თურქეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება, თუმცა ეს რუსეთის უპირობო გამარჯვებას არ ნიშნავს. მართალია, ამ ეტაპზე თურქეთი და რუსეთი დასავლეთთან დაპირისპირების გამო ერთ ორბიტაზე აღმოჩნდნენ, მაგრამ კრემლში თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ ეს ასე გაგრძელდება, ძალიან ცდება. რუსეთისა და თურქეთის ინტერესები ისტორიულად ერთმანეთის საწინააღმდეგოა, ისინი ბევრ რამეში არ ეთანხმებიან ერთმანეთს და მალე ეს ისევ თავს იჩენს. პუტინი და ერდოღანი ვერასოდეს შეთანხმდებიან ასადის საკითხზე, ერდოღანი მისი მოწინააღმდეგეა.

ემუქრება თუ არა საქართველოს იზოლაცია

- თუკი საქართველო კავკასიაში ერთადერთი პროდასავლური კურსის მქონე ქვეყანა იქნება, ეს კარგს არაფერს გვიქადის. წარმოდგენაც კი მზარავს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ამიტომ კომენტარისგან თავს შევიკავებ. მხოლოდ ვიტყვი, რომ მოქმედებების მთელი სიმძიმე დიპლომატიურ ურთიერთობებზე უნდა გადავიდეს. საქართველომ ვერ იქნა და ვერ მოახერხა ძლიერი დიპლომატიური სკოლისა და ბაზის შექმნა! დავბერდი კაცი, 50 წელია, საგარეო პოლიტიკას თეორიულად ვსწავლობ და ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის გვარიც კი არ ვიცი, არ მახსოვს... რა ბედი გველის ამ რეალობაში?! ერთადერთი ნორმალური სპეციალისტი ამ საქმეში თედო ჯაფარიძეა, რომელიც რატომღაც ხმას არ იღებს. სამაგიეროდ, პოლიტიკაში მოდის სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ძლივს აწყობილი სამინისტრო დაშალა და პროფესიონალები ქუჩაში გაყარა, შემდეგ კი ვინ შემოიკრიბა გვერდით, თავადაც არ იცის. არადა, ჩვენი ერთადერთი სიძლიერე დიპლომატია უნდა იყოს, რადგან არასდროს გვეყოლება ისეთი ძლიერი არმია, რომ საკუთარი თავი მარტოებმა დავიცვათ.

საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არა აქვს სამუდამოდ მტკიცედ დადგენილი საზღვრები მეზობლებთან, თვით თურქეთთანაც კი... ყოველ შემთხვევაში, თურქი საზოგადოება არ ცნობს ამ საზღვრებს. მათ იციან, რომ მე-11 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოებში მთელი აჭარა თურქეთის ფერშია წარმოდგენილი და აწერია "ბათუმის ოკუპირებული სანჯაყი".

ყველაზე საიმედოდ დაცულია იმ ქვეყნის საზღვრები, რომელთაც მეზობლები აღიარებენ. არ არის აუცილებელი, ყველა მეზობელთან "ჩახუტებული" ვიყოთ, თუმცა დანასისხლად გადამტერება რომ არ შეიძლება, ფაქტია. მშვიდობიანი თანაარსებობის რეჟიმი, ეს ქართული დიპლომატიის უპირველესი ამოცანაა. ქართულმა დიპლომატიამ არათუ ნატოში გაწევრებას, იმასაც კი ვერ მიაღწია, საჭირო დროს სამხედრო დახმარების მიღების შესახებ ბრიუსელთან დადებულიყო ხელშეკრულება... ასეთი ხელშეკრულება აქვს ბრიუსელს ფინეთთან, მაშინ როცა ეს უკანასკნელი ნატოს წევრი ქვეყანა სულაც არ არის. ჩვენი უნიათობით აღმოვჩნდით ამ დღეში, როცა თურქეთში ვითარება აირია და არ ვიცით, ის საით წავა და როგორი იქნება... ამ ვითარებაში ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: რა მოგველის კავკასიაში პარტნიორის გარეშე დარჩენილებს? - ეს კითხვა დამოკლეს მახვილივით კიდია ჩვენს თავზე. უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ თურქეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა დალაგდება, თუმცა, შესაძლებელია, მოვლენები იმაზე უარესად განვითარდეს, ვიდრე წარმოგვიდგენია.

"რისკები ძალიან მაღალია"

გია ხუხაშვილი: - თურქეთის მოვლენებმა, შესაძლოა, მთლიანად სამყაროსთვის ძალიან სახიფათო ტენდენციები გამოავლინოს. მოგეხსენებათ, თურქეთი ჩვენივე გაცხადებული საგარეო ვექტორის რეალიზებისთვის ხიდის ფუნქციასაც ასრულებს, რომელიც ევროპაშიც მიმავალია და ნატოსთან კომუნიკაციასაც გვიიოლებს. ასე რომ, თურქეთსა და დასავლეთს შორის ბზარის გაჩენა უპირველესად ჩვენ დაგვაზარალებს. თუკი დასავლეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირება იმით დასრულდება, რომ უკან დაბრუნების წერტილი ვერ იქნება ნაპოვნი, როგორ განხორციელდება ყველაზე დრამატული სცენარი? ამ შემთხვევაში რეალობა თურქეთს რუსეთისკენ უბიძგებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო დაკარგავს კავკასიაში პარტნიორს და მარტო, იზოლირებული აღმოჩნდება. დიდი სახელმწიფოების შეთანხმება საქართველოში არსებული ძირითადი მოთამაშეების (რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის) გეოპოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებას სწორედ ჩვენს ხარჯზე მოინდომებს. წარმოდგენაც არ მინდა, რაც შეიძლება მოხდეს, რომელ ტერიტორიებს დავკარგავთ და რა რეაქცია მოჰყვება...

ჯერჯერობით აზერბაიჯანი და თურქეთი ჩვენი პარტნიორები არიან, ამიტომ არ მინდა ფრჩხილები გავხსნა და სრულად დაგიხატოთ, თუ როგორ შეიძლება ეს დრამატული სცენარი განხორციელდეს.

საქართველო თუ აქამდე გადარჩა, სწორედ იმიტომ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის შეუძლებელი იყო ინტერესთა შეთანხმება. მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა გვახსოვს, როცა რუსეთი და თურქეთი დაზავდნენ და ისიც ჩვენი ტერიტორიების დაკარგვით დასრულდა. ცხადია, დიდი ქვეყნები ერთმანეთს ხელს უშლიან იმაში, რომ პატარა ქვეყნებში საკუთარი ინტერესების ლობირება მოახდინონ. მათი შეთანხმების შემთხვევაში კი ეს ბალანსი ირღვევა და რომელიმე პატარა ქვეყანა, შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე დიდი მოთამაშის გავლენის სფეროში აღმოჩნდეს. ასე რომ, პერსპექტივა იმისა, რომ კავკასიის რეგიონში საქართველო, შესაძლოა, აღმოჩნდეს ერთადერთი "პროდასავლური კუნძული", ნურავის გაახარებს. ჩემი აზრით, ამერიკამ და დასავლეთმა თურქეთთან დამოკიდებულება უნდა შეარბილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მთლიანად რეგიონს, შავ ზღვას, შუა აღმოსავლეთთან კავშირს და ძალიან ბევრ რამეს დაკარგავენ. ნეგატიურ ფაქტორებად შეიძლება ისიც განვიხილოთ, რომ ევროპაში მიგრაციის დიდი პრობლემაა, თურქეთს შეუძლია ლტოლვილებს ევროპისკენ კარი გაუხსნას, მათ შორის კი, ბევრი ტერორისტიც აღმოჩნდება. ვითარებას ართულებს წინასაარჩევნო კამპანია აშშ-შიც, ამ პერიოდში პოლიტიკოსებს სიბრძნე ღალატობთ და უფრო აგრესიულ მოქმედებებზე გადადიან. ასე რომ, არსებულ ვითარებაში სხვადასხვა სუბიექტური ფაქტორით განპირობებული რისკები ძალიან მაღალია.

ეკა ასათიანი