"სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფია მიაყენეს" - რატომ დააკავეს ბაატა ბურჭულაძის პარტიის წევრები?! - კვირის პალიტრა

"სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფია მიაყენეს" - რატომ დააკავეს ბაატა ბურჭულაძის პარტიის წევრები?!

"სამართალდამცველებისთვის მათი პოლიტიკური კუთვნილების შესახებ ცნობილი არ იყო"

შინაგან საქმეთა სამინისტრო პაატა ბურჭულაძის პარტიის ორი წევრი დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულებმა სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაუწყეს და პოლიციელების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას.

„შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გვიან ღამით, თბილისში, ანაპის დივიზიის ქუჩაზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა, რომელსაც 1985 წელს დაბადებული ბუბა კ. მართავდა. ალკოტესტით შემოწმების შედეგად, მძღოლს ალკოჰოლური თრობა არ დაუდგინდა. მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პრევენციული შემოწმება დაასრულეს, ავტომანქანის მგზავრებმა - 1971 წელს დაბადებულმა მურაზ ს.-მ და 1976 წელს დაბადებულმა კახაბერ დ.-მ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაუწყეს. პოლიციელების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ისინი არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ორივე მათგანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება) დააკავეს“, - აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება ავტომანქანის დაზიანების ფაქტს, შსს-ს განმარტებით, მფლობელის მხრიდან პრეტენზიის გამოხატვისთანავე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყო.

„აქვე გვინდა შევნიშნოთ, რომ სამართალდამცველებისთვის მათი პოლიტიკური კუთვნილების შესახებ ცნობილი არ იყო, თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკური კუთვნილება არც ერთ პირს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

სამართალდამცველები მოქმედებდნენ კანონის შესაბამისად. საპატრულო პოლიციის მიერ ავტომანქანების შეჩერება-გადამოწმება, პრევენციის მიზნით, პერიოდულად ხორციელდება და მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვასა და შესაძლო დანაშაულის თავიდან აცილებას.

პოლიცია აპოლიტიკური უწყებაა, შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მასთან მიმართებაში პოლიტიკური განცხადებებისა და ინსინუაციებისგან, რაც ამ უწყების დისკრედიტირებისკენაა მიმართული“, - აღნიშნავენ შსს-ში.

იხილეთ ასევე: რატომ დააკავეს სამართალდამცველებმა პაატა ბურჭულაძის პარტიის ორი წევრი?!

"ინტერპრესნიუსი"