ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა თუ?.. - ლევან ვარშალომიძეს აუდიტის სამსახურში ჰკითხავენ - კვირის პალიტრა

ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა თუ?.. - ლევან ვარშალომიძეს აუდიტის სამსახურში ჰკითხავენ

"საქმე ეხება ლევან ვარშალომიძის მიერ დაწყებულ კამპანიას, სადაც ის მოქალაქეებთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს და გამარჯვების შემთხვევაში მათ ბინის აშენებას ჰპირდება"

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არჩევნებში მონაწილე პარტიების შემოწირულებებთან დაკავშირებით კითხვები აქვს. როგორც პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა განგვიცხადა, აღნიშნულის გამო სახელმწიფო აუდიტის სამსახური დღეიდან პარტიების ცალკეულ შემომწირველებს გამოკითხვაზე იბარებს.

მისივე განმარტებით, კითხვები არსებობს „ყველა მსხვილი პარტიის“ შემოწირულებებთან დაკავშირებით, ვინაიდან ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ თანხა გაღებული აქვს ისეთ კერძო პირს, რომელსაც შემოსავალი არ გააჩნია.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებების შესწავლა მიმდინარეობს. შემომწირველებს, რომელთა შემოსავლებთან დაკავშირებითაც შეკითხვები გაგვაჩნია, გამოკითხვაზე ვიბარებთ. ასეთი ამ დროისთვის 40-მდე შემომწირველია, კითხვები კი ყველა პარტიასთან დაკავშირებით არსებობს, მათ შორის მსხვილ პოლიტიკურ ძალებთან მიმართებაშიც. არიან შემომწირველები, რომლებსაც შემოსავლების სამსახურში საერთოდ არ უფიქსირდებათ შემოსავლები, ამ დროს კი პარტიის სასარგებლოდ საკმაოდ მსხვილი თანხები აქვთ გაღებული. შესაბამისად, ვითხოვთ მოსვლას, რომ პირადად წარმოადგინონ საჭირო ინფორმაცია“, - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.

ცნობისთვის, თუკი განხორციელებული შემოწირულობის კანონიერება ვერ დადასტურდა, შემომწირველი ფიზიკური პირი პარტიის სასარგებლოდ გადარიცხული თანხის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდება.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მივიდა. ვარშალომიძემ უწყებაში შესვლამდე მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

„მიზეზი ყველამ კარგად იცით. ეს არის პროგრამა „სოციალური სახლი“, რომელიც ეხება სამი კატეგორიის სახლებს. ეს არის ავარიული სახლები, მეწყერსაშიში ზონიდან ხალხის ჩამოყვანა და ე.წ. „ოცნების“ ქალაქები, რომლებიც აჭარაში ბოლო 4 წლის განმავლობაში შეიქმნა. პროგრამა ითვალისწინებს ამ კატეგორიის ხალხისთვის ბინების გადაცემას. მოლოდინია ის, რომ ჩვენ ამ სახლებს მაინც ავაშენებთ“, - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველ ნომერი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზე რამდენიმე დღის წინ დაიბარეს. საქმე ეხება ლევან ვარშალომიძის მიერ დაწყებულ კამპანიას, სადაც ის მოქალაქეებთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს და გამარჯვების შემთხვევაში მათ ბინის აშენებას ჰპირდება. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ ფაქტს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად აფასებენ.