"პრეზიდენტს ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები... ვფიქრობ, დიდი დოზა ჰქონდა მიღებული" - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტს ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები... ვფიქრობ, დიდი დოზა ჰქონდა მიღებული"

”დაიწყო პაპუაშვილით, გააგრძელა კორცხელით, დაამთავრა თავისი ნათესავით. მე გამიჩნდა განცდა, რომ ცოტა მეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული."

ქვეყნის პირველი პირის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით შსს განმარტებას აკეთებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკის ჩატარება შსს-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში სსკ-ს 236-ემუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. მათივე განმარტებით, მინდია გოგოჭურის სახლში კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩნდა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გავაკეთოთ განმარტება საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სამართალდამცველების მიერ მისი ოჯახის წევრის ჩხრეკის ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა პრემიერ-მინისტრს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული შემთხვევის გარკვევა დაავალა შს მინისტრს. შესაბამისად, არსებობს ვარაუდი, რომ პრეზიდენტი დღევანდელ განცხადებაში, შესაძლოა, გულისხმობდა შემდეგ ფაქტს, კერძოდ:

შსს-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება). ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სამართალდამცველების მიერ, თბილისში, 2016 წლის 28 ივნისს განხორციელდა სამი პირის ჩხრეკა: 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თორნიკე კ.-ს, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ თ.-ს და 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი მინდია გ.-ს. აქედან, ერთ-ერთი პირი იყო პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცი. აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მიხეილ თ.-სა და მინდია გ.-ს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდათ, ხოლო თორნიკე კ. -ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ცივი იარაღი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ცნობილი.

ამავე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა მინდია გ.-ს კუთვნილი ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, არ დამდგარა.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილე პირთა უფლებების სრული დაცვით და მიზნად ისახავდა შესაძლო დანაშაულის გამოვლენასა და პრევენციას. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამდენად, საპოლიციო ღონისძიების ნებისმიერი სხვა ფორმით ინტერპრეტაცია მიუღებლად მიგვაჩნია“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე გამოეხმაურა. მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს ბრიფინგის დროს ალკოჰოლის დიდი დოზა ჰქონდა მიღებული.

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი მარგველაშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრებზე, ისევე როგორც მოსამართლეებზე, ზეწოლის მცდელობა იყო.

”დაიწყო პაპუაშვილით, გააგრძელა კორცხელით, დაამთავრა თავისი ნათესავით. მე გამიჩნდა განცდა, რომ ცოტა მეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული. მე ასეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, უბრალოდ არ ვთქვი ეს ეკრანზე. პირველი, რაც ვიფიქრე ის იყო, რომ პრეზიდენტს ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი და ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული. ეს ღიმილი - თუ ზეწოლებია, არაფორმალური კავშირებია და ქვეყანა იქცევა, შენ რა გაცინებს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ”, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

განცხადება გააკეთა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმაც. ის ზეწოლასთან დაკავშირებით როგორც პრეზიდენტის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრალდებებში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს.

“ბრალდებები მაღალი ტრიბუნიდან გვესმის. გვესმის ერთგვარი პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ ამ პასუხისმგებლიან ხალხს გააზრებული აქვს, რომ თუ საკითხში გვინდა გავერკვეთ, ყოველდღე ამ თემებით აპელირებით და ინსტიტუტების დისკრედიტებით კი არ უნდა დაკავდნენ, არამედ შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ. ამიტომ მეჩვენება, რომ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური მოტივაცია. ეს განცხადებები უფრო მეტად გათვლილია იმაზე, რომ ნიუსებში ასეთი სათაურები გამოვიდეს. ქუხს, მაგრამ არ წვიმს - ასე შეიძლება შეფასდეს ეს ვითარება. პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის დაცვის გარანტია, თუკი ხედავს, რომ მოქალაქის უფლება დაირღვა და, არა აქვს მნიშვნელობა, ის მისი ოჯახის წევრია თუ მეზობელი, თუკი ამაზე რეაგირების ნაცვლად, ელოდება, სად შეიძლება უფრო ეფექტური იყოს მისი განცხადება, უკვე პოლიტიკიური მოტივი იკვეთება“, - განაცხადა სესიაშვილმა

იხილეთ ასევე: "პრეზიდენტს არ შეეფერება მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი! ვალდებულია ღიად თქვას, ვინ ახდენდა ზეწოლას მისი ოჯახის წევრზე და რა მიზნით"?!

"ინტერპრესნიუსი"