”როცა მეზობელი სახელმწიფო ახორციელებს ჩვენი განუყოფელი რეგიონების ფაქტობრივ ანექსიას, შეუძლებელია მათთან რაიმე პროგრესსა და მიღწევაზე საუბარი" - კვირის პალიტრა

”როცა მეზობელი სახელმწიფო ახორციელებს ჩვენი განუყოფელი რეგიონების ფაქტობრივ ანექსიას, შეუძლებელია მათთან რაიმე პროგრესსა და მიღწევაზე საუბარი"

"დღეს საქართველო არის თავისუფალი სამყაროს ღირსეული წევრი, რომელიც საკუთარი ისტორიითა და კულტურით, დემოკრატიითა და სამშვიდობო პოლიტიკით, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებისაკენ სწრაფვით არის გამორჩეული და წარმოადგენს მაგალითს ბევრი ქვეყნისათვის"

"აჟიოტაჟი, რაც შეიქმნა ამ საკითხთან დაკავშირებით, წესით არ უნდა შექმნილიყო და არ უნდა მისცემოდა ასეთი რეზონანსი".

„ამბასადორიალი 2016“-ის გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიმართა. გიიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ ახლა უკვე ველით უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას.

"ევროინტეგრაციის პროცესი არ ნიშნავს ურთიერთობებს მხოლოდ ბრიუსელთან და ევროსტრუქტურებთან. მნიშვნელოვანია მუდმივი თანამშრომლობის გაღრმავება ევროპის ყველა დედაქალაქთან. თანამშრომლობის და ჩართულობის ფორმატი უნდა გავააქტიუროთ, ასევე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან და ვიშეგრადის ოთხეულთან. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია აქტიურად დავაკვირდეთ იმ პროცესებს, რაც წარიმართება ევროკავშირში, იმ შედეგებს ბრიტანეთის რეფერენდუმისა, რომელიც ბუნებრივია, გავლენას მოახდენს ევროპის პოლიტიკაზე თავის უახლოეს პარტნიორებთან და ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია, საქართველოს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერაპექტივები გაეხსნას", -განაცხადა პრეზიდენტმა.

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა კი საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ჩვენს უმნიშვნელოვანეს მოკავშირედ.

”ვფიქრობთ, მეტი სივრცე და შესაძლებლობა არსებობს თანამშრომლობის მთელი რიგი მიმართულებებით განმტკიცებისთვის, იქნება ეს უსაფრთხოება, ეკონომიკა თუ ხალხთაშორისი კონტაქტები. ჩვენი მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა კიდევ უფრო გააღრმავოს და ახალ დონეზე აიყვანოს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრიორიტეტია მეზობელ და რეგიონის ქვეყნებთან გაგრძელდეს მჭიდრო, ურთიერსასარგებლო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები და შესაბამისი პროექტები.

”საქართველო დიდ ინვესტიციას დებს, რათა სრულად მოახდინოს სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანზიტო კვანძის ფუნქციის რეალიზაცია და შეიძინოს რეგიონული ჰაბის როლი, რაც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, მეტ მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს მთელს რეგიონს. ამ მიმართულებებით კიდევ უფრო მეტი დიპლომატიური ძალისხმევის მიმართვაა საჭირო”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა რუსეთთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა.

”იმ ფონზე, როცა ქვეყნის 20% რჩება ოკუპაციის ქვეშ, როცა მეზობელი სახელმწიფო ახორციელებს ჩვენი განუყოფელი რეგიონების ფაქტობრივ ანექსიას, ცხადია, შეუძლებელია მათთან რაიმე პროგრესსა და მიღწევაზე საუბარი, თუმცა შედეგი, რაც რუსეთთან მიმართებაში ჩვენს პრაგმატულ და გაწონასწორებულ პოლიტიკას აქვს და რასაც ალტერნატივა არ გააჩნია, ეს არის ომისა და ღია შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან აცილება, განუწყვეტელი პროვოკაციების ფონზე. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და ამ რეალობის ცვლილებას სჭირდება სწორედ გრძელვადიანი, გონივრული და თანმიმდევრული პოლიტიკა ჩვენი მხრიდან”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა ამისა, ის შესაძლებლობები, რასაც ჩვენი ევროპული დღის წესრიგი და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარება ხსნის, შესაძლოა, დამატებითი მყარი საფუძველი გახდეს საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ჩართულობისა და კონტაქტების გასაძლიერებლად. პრემიერმა მიმართვაში ქართველ ელჩებს მიულოცა, რომ ისინი საქართველოს წარმოადგენენ, ღონისძიებას ესწრებოდა

აშშ-ში საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე, რომელმაც ბოლო პერიოდში მომხდარზე კომენტარი გააკეთა:

”ჩვენი მხრივ, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და სხვა ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობის სარგებელი ხელმისაწვდომი გახადოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენთაგანი ძალ-ღონეს არ დაიშურებს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. მე მინდა გითხრათ, ჩვენო პატივცემულო ელჩებო, რომ თქვენ ბედნიერი ადამიანები ხართ, რადგან წარმოადგენთ ქვეყანას, რომლითაც შეგიძლიათ მხოლოდ იამაყოთ. დღეს საქართველო არის თავისუფალი სამყაროს ღირსეული წევრი, რომელიც საკუთარი ისტორიითა და კულტურით, დემოკრატიითა და სამშვიდობო პოლიტიკით, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებისაკენ სწრაფვით არის გამორჩეული და წარმოადგენს მაგალითს ბევრი ქვეყნისათვის”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის შეფასებით, მისი განცხადებებისადმი ისტერიკამდე მისული რეზონანსი არაადეკვატური იყო.

"როგორც იცით, ვრჩები თანამდებობაზე. ის ინტერპრეტაციები, რაც მიეცა ზოგადად მედიაში, საზოგადოებაში ამ ამბავთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას, ჩემთვის იყო უცნაური და მიუღებელი. ამის თაობაზე ახსნა-განმარტებები გავაკეთე სამინისტროში. ყველა არგუმენტი წარვუდგინე, მათ ეს განიხილეს და ჩათვალეს მიზანშეწონილად, რომ ეს საკითხი ამოწურულია და მეც, ჩვეულებრივ ვაგრძელებ მუშაობას",- განაცხადა გეგეშიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რას გულისხმობს ინტერპრეტაციებში, გეგეშიძის თქმით, "ზოგადად, საკითხის მიმართ გაზვიადებული ინტერესი და ისტერიკამდე მისული რეზონანსი იყო გადაჭარბებული და არაადეკვატური".

"ზოგადად აჟიოტაჟი, რაც შეიქმნა ამ საკითხთან დაკავშირებით, წესით არ უნდა შექმნილიყო და არ უნდა მისცემოდა ასეთი რეზონანსი".

"ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი",- დასძინა გეგეშიძემ.

ამასთან, დიპლომატმა ამჯერად უპასუხოდ დატოვა კითხვა იმის შესახებ, მიიჩნევს თუ არა, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალები არიან.

შეგახსენებთ, რომ არჩილ გეგეშიძემ, რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ მმართველ უმრავლესობაში პრორუსულად განწყობილი ადამიანები არიან, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მათი პოზიცია გადაწყვეტილების მიღებისას გავლენას ვერ ახდენს.