"უნდა ჩავთვალო, რომ მიკროფონს ვესაუბრები და არა ადამიანებს" - კვირის პალიტრა

"უნდა ჩავთვალო, რომ მიკროფონს ვესაუბრები და არა ადამიანებს"

"ეს არ იყო ოფიციალური კომენტარი, ეს არ იყო კამერებთან და მიკრიფონებთან გაკეთებული კომენტარი"

პარლამენტის ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ დღეს მედიასთან უკმაყოფილება მისი იმ გამონათქვამების გავრცელების გამო გამოხატა, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნას ეხებოდა.

“ძალიან უხერხულია, როცა ჟურნალისტები ჟურნალისტურ ეთიკას, რესპონდენტთან ურთიერთობის ელემენტარულ წესს არღვევენ და არამიკროფონებთან, არაოფიციალურად გამოთქმულ მოსაზრებას, გამონათქვამს ნიუსის და ოფიციალური კომენტარის სახეს აძლევენ. მგონი, ეს არანაირ სტანდარტში არ ჯდება. ეს არ იყო ოფიციალური კომენტარი, ეს არ იყო კამერებთან და მიკრიფონებთან გაკეთებული კომენტარი. ეს იყო ჩვეულებრივ, ადამიანთან გაკეთებული კომენტარი, მაგრამ, როგორც ჩანს, როცა თქვენ გესაუბრებით, უნდა ჩავთვალო, რომ მიკროფონს ვესაუბრები და არა ადამიანებს“, - მიმართა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას, რომელიც ოჯახის წევრების ზეწოლის მცდელობაზე საუბრობდა, პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე გამოეხმაურა. მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს ბრიფინგის დროს ალკოჰოლის დიდი დოზა ჰქონდა მიღებული.

”დაიწყო პაპუაშვილით, გააგრძელა კორცხელით, დაამთავრა თავისი ნათესავით. მე გამიჩნდა განცდა, რომ ცოტა მეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული. მე ასეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, უბრალოდ არ ვთქვი ეს ეკრანზე. პირველი, რაც ვიფიქრე ის იყო, რომ პრეზიდენტს ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი და ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული. ეს ღიმილი - თუ ზეწოლებია, არაფორმალური კავშირებია და ქვეყანა იქცევა, შენ რა გაცინებს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ”, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

იხილეთ ასევე: "პრეზიდენტს ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები... ვფიქრობ, დიდი დოზა ჰქონდა მიღებული"