მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს ხვალ საავადმყოფოდან გაწერენ - რა მდგომარეობაში ავტოავარიისას დაშავებული კიდევ 3 ადამიანი? - კვირის პალიტრა

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს ხვალ საავადმყოფოდან გაწერენ - რა მდგომარეობაში ავტოავარიისას დაშავებული კიდევ 3 ადამიანი?

21 ივლისს, ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ.

რაც შეეხებათ ავარიის დაშავებულ კიდევ ერთ მორაგბე - გიორგი ლომინაძეს, მის მეუღლეს და ასევე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეს, როგორც "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ განუცხადა, ისინი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ორჯონიკიძის განმარტებით, სამივეს მდგომარეობა უცვლელია.

"კვირიკაშვილს დღეს საკონტროლო კვლევები ჩაუტარდა. შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. თუ ყველაფერი ნორმაში იქნება, დღეს თუ არა ხვალ გავწერთ. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა კი კვლავ უცვლელია. ხელოვნური სუნქთვის აპარატზე არიან შეერთებულნი და მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში მათი მდგომარეობა არ შეიცვლება", - განაცხადა ანჟელა ორჯონიკიძემ.

21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები დაშავდნენ, მათ შორის ერთ-ერთ მორაგბე გიორგი ლომინაძეს ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი აღენიშნება.

სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"