"რესპუბლიკელი” მინისტრები პირობას ასრულებენ"- თინა ხიდაშელმა პრემიერს გათავისუფლების შესახებ მიმართა - კვირის პალიტრა

"რესპუბლიკელი” მინისტრები პირობას ასრულებენ"- თინა ხიდაშელმა პრემიერს გათავისუფლების შესახებ მიმართა

"უწყების განმარტებით, ხიდაშელი თანამდებობას 1-ელი აგვისტოდან დატოვებს"

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრემიერ-მინისტრს გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა. აღნიშნულის შესახებ თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უწყების განმარტებით, ხიდაშელი თანამდებობას 1-ელი აგვისტოდან დატოვებს.

„დღეს, დღის მეორე ნახევარში, თავდაცვის მინისტრმა მიმართა საქართველოს პრემიერს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 1-ელი აგვისტოდან“, - აცხადებენ სამინისტროში.

"რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის თქმით კი, ”რესპუბლიკელი” მინისტრები ასრულებენ პირობას, რაც მათ საჯაროდ დადეს, რომ ვიზიტების დასრულების შემდეგ თანამდებობებს დატოვებდნენ.

როგორც დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ბუნებრივია, რომ ”რესპუბლიკელი” მინისტრები დღეს მთავრობის სხდომას არ ესწრებოდნენ.

”უსუფაშვილმა პარტიის ოფისში თქვა, რომ ჩვენი მინისტრები ბოლო ვიზიტებს დაამთავრებენ და შემდეგ აღარ იქნებიან მინისტრები.თინა ხიდაშელს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, პაატა ზაქარეიშვილს - გერმანიაში. ორივე მათგანი ჩამოვიდა. ბუნებრივია, რომ არცერთი დღეს არ ყოფილა მთავრობის სხდომაზე - ისინი ასრულებენ იმ პირობას, რაც ”რესპუბლიკურმა პარტიამ” და მინისტრებმა საზოგადოებას მივეცით, რომ ისინი საარჩევნო პოლიტიკურ პროცესში იქნებიან ჩართულნი. არის რაღაც რამდენიმე დღიანი პროცედურა, რომელიც დასამთავრებელია. ისინი მინისტრები არ არიან,”-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა „იმედთან“ საუბარში.