"სასამართლოსთვის უცხო არ არის მოსამართლეთა შორის აზრთა სხვადასხვაობა" -საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების განცხადება - კვირის პალიტრა

"სასამართლოსთვის უცხო არ არის მოსამართლეთა შორის აზრთა სხვადასხვაობა" -საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების განცხადება

"საფუძველს მოკლებულია მოსამართლეების პრეტენზია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ, რომ "რუსთავი 2"-ის, ე.წ. კაბელებისა და საქართველოს მოქალაქე - გიორგი უგულავას საქმეები პლენუმის მიერ არაგონივრულ ვადებში იქნა განხილული"

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე და მაია კოპალეიშვილი განცხადებას ავრცელებენ .

Kvirispalitra.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გულდასაწყვეტი და გაუგებარი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილის მიერ გაკეთებული განცხადება კონკრეტული სარჩელების პოლიტიკური ნიშნით გამორჩევასთან დაკავშირებით.

სასამართლოსთვის უცხო არ არის მოსამართლეთა შორის აზრთა სხვადასხვაობა, რაც ხშირად სასამართლოს გადაწყვეტილებებშიც ასახულა. თუმცა, დღემდე არასდროს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შორის ოპონირება არ მომხდარა საჯაროდ, მედიის საშუალებით. მოსამართლეებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირონ სათათბირო ოთახში საქმის არსებით, თუ ფორმალურ მხარესთან დაკავშირებით. მედიის გამოყენებით მოსამართლეთა შორის პაექრობა აკნინებს მოსამართლეთა ღირსებას და ზიანს აყენებს სასამართლოს რეპუტაციას. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა ასეთი არასახარბიელო, იძულებითი არჩევანის წინაშე დაგვაყენეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს, მისთვის კონსტიტუციით დაკისრებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ხშირად უწევს პოლიტიკურად დამუხტული სარჩელების განხილვა. 20 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო, ამ თვალსაზრისით, არაერთი გამოწვევის წინაშე დამდგარა და გულწრფელად მიგვაჩნია, რომ სასამართლო, ყოველ ჯერზე, ღირსეულად უმკლავდებოდა მისი კონსტიტუციური მანდატის მიზნობრივად განხორციელების რთულ და საინტერესო ამოცანას.

შევახსენებთ განცხადების ხელმომწერ მოსამართლეებს, რომ პირველი კოლეგიის მიერ ”რუსთავი 2”-ის საქმე განიხილებოდა 2015 წლის ოქტომბრიდან. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსაზრება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ საქმეს ფორსირებულ რეჟიმში განიხილავს. ამავე დროს, პოლიტიკური ელფერი ამ საქმემ ნამდვილად შეიძინა მას შემდეგ, რაც არსებითად განხილული ”რუსთავი 2”-ის საქმე, რომელზეც გადაწყვეტილების პროექტიც უკვე მომზადებული იყო, ხელახლა არსებითად განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.

ასევე საფუძველს მოკლებულია მოსამართლეების პრეტენზია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ, რომ ”რუსთავი 2”-ის, ე.წ. კაბელებისა და საქართველოს მოქალაქე - გიორგი უგულავას საქმეები პლენუმის მიერ არაგონივრულ ვადებში იქნა განხილული, ვინაიდან ამ საქმეების განხილვის თარიღი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა, მათ შორის განცხადებაზე ხელმომწერი ყველა მოსამართლის თანხმობით, ერთსულოვნად გადავწყვიტეთ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეების განხილვა არასდროს ხორციელდებოდა და არ უნდა ხორციელდებოდეს რიგითობის ზედმიწევნით დაცვით. რიგითობა შეიძლება იყოს ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი ძირითადი კრიტერიუმი. საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლიანი პრაქტიკა ამაზე ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს. გარდა ამისა, როგორც წესი, რიგითობის მიუხედავად საქმეები განიხილებოდა, მათ შორის, იმ მოსამართლეთა მიერ, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ განცხადებას აწერენ ხელს. იმავდროულად, მჭირდო ვადებში, პრიორიტეტულად განიხილებოდა საქმეები, რომლებიცუკავშირდებოდა ადამიანების თავისუფლების უფლებას, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც საქმის დაგვიანებით გადაწყვეტა არაეფექტური იქნებოდა უფლების დაცვის თვალსაზრისით.

ასევე ძალიან სამწუხაროა ზოგიერთი მოსამართლის მიერ გაკეთებული შეფასება, რომ თითქოსდა ხდება სარჩელების ე.წ. „ჩანაცვლება“, ვინაიდან მოსარჩლეს დამატებითი ინფორმაციის წარდგენისა და სარჩელის დაზუსტების შესაძლებლობა მიეცა. შევახსენებთ კოლეგებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსული სარჩელების ავტორები, სარჩელის რეგისტრაციის დღეს ან უახლოეს პერიოდში(საქმის განხილვამდე) ითხოვდნენ მათი სარჩელის დაზუსტებას ან/და წარმოადგენდნენ დამატებით არგუმენტაციას. საკონსტიტუციო სასამართლოს არც ერთ ასეთ შემთხვევაზე დღემდე უარი არ უთქვავს, ვინაიდან ეს შექმნიდა ხელოვნურდ აბრკოლებებს, გააჭიანურებდა ან შეუძლებელს გახდიდა საკითხის განხილვა/გადაწყვეტას. გარდა ამისა, დამატებითი ინფორმაციისა თუ მასალების წარდგენის უფლება მხარეებს აქვთ საქმისწარმოებს ნებისმიერ ეტაპზე, არამხოლოდ საქმის განხილვის დაწყებამდე, არამედ მისი დასრულების შემდეგაც.

იმედს გამოვთქვავთ, რომ თითოეული მოსამართლე შევძლებთ მომავალშიც ვიმოქმედოთ საკუთარი პროფესიურლი ღირსებისადმი პატივისცემით, ამასთან კონსტიტუციისა და საკონსტიტუციო სასამართლოსადმი ერთგულებით”, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.