"ერთი სული მაქვს როდის დავუბრუნდები ჩემს ვენახს" - კვირის პალიტრა

"ერთი სული მაქვს როდის დავუბრუნდები ჩემს ვენახს"

"ჩვენ ძალიან დაგვარტყა რუსეთის ემბარგომ და სწორედ მაშინ გადავწყვიტე პატარა ვენახის შეძენა ყვარელში იმიტომ, რომ ჩამეყვანა მთელი მსოფლიოდან პრეზიდენტები, პრემიერები, ტელევიზიები და გამეკეთებინა რეკლამა ჩვენი ღვინისთვის"

მიხეილ სააკაშვილი ამჯერად კახეთის მოსახლეობისადმი მიმართვას ავრცელებს. ერთი სული მაქვს როდის დავუბრუნდები ჩემს ვენახს, თითოეულ თქვენგანს და როდის გავაგრძელებთ თქვენთან ერთად დიდ აღმშენებლობას, - ასე მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთის მოსახლეობას.

ვიდეომიმართვა მიხეილ სააკაშვილმა ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, კახეთი არის პოტენციურად მდიდარი რეგიონი და სიტყვა გაჭირვება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარჩეს შორეულ წარსულში.

”საყვარელო კახელებო, ჩემო კარის მეზობლებო. კახეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი უზარმაზარი პოტენციალის მქონე რეგიონი თავისი განსაკუთრებული საზოგადოებით. ჩვენ ვაქციეთ კახეთი ტურიზმის ცენტრად - რამდენი ახალი ადგილი აშენდა და ეს ყველაფერი თქვენი მეშვეობით, თქვენი ხელშეწყობით, თქვენი მონაწილეობით გაკეთდა, სხვანაირად ამას ვერ გავაკეთებდით. ჩვენ ძალიან დაგვარტყა რუსეთის ემბარგომ და სწორედ მაშინ გადავწყვიტე პატარა ვენახის შეძენა ყვარელში იმიტომ, რომ ჩამეყვანა მთელი მსოფლიოდან პრეზიდენტები, პრემიერები, ტელევიზიები და გამეკეთებინა რეკლამა ჩვენი ღვინისთვის, ჩვენი სამზარეულოსთვის, ჩვენი ადგილებისთვის და მე მგონი, თქვენთან ერთად გამოგვივიდა ეს. დღეს ქართული ღვინო გადის მთელ მსოფლიოში”, - აცხადებს ექს-პრეზიდენტი.

სააკაშვილის თქმით, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი პრობლემები.

”სიღნაღში უფრო ნაკლები ტურისტი ჩადის იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება. ეს ხომ არასწორია?! ეს ნიშნავს, რომ ხელი მოაკლეს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ისე არ გაკეთდა. ხალხს აქვს სხვა პრობლემებიც, სოციალური გაჭირვება, ბევრგან წყალი არ მიიყვანეს, ბევრგან გზა არის მისაყვანი და რაც მთავარია, ხალხს არ უნდა ჰქონდეს პროდუქციის გასაღების პრობლემა. არ უნდა იყოთ დამოკიდებული სეზონურ ფლუქტუაციებზე, ფასების რყევაზე და ბანკის პროცენტის გასტუმრებაზე. იმდენი შემოსავალი უნდა გქონდეთ, ისეთი წესები უნდა იყოს, რომ ვერც ერთ თქვენგანს ამან პრობლემები არ შეუქმნას”, - აღნიშნავს სააკაშვილი კახელებისადმი მიმართვაში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლებისადმი ბოლო პერიოდში არაერთი მიმართვა გაავრცელა.