"აფერუმ, ირაკლი"! - რატომ ფიქრობს სესიაშვილი, რომ უსუფაშვილი და ბურჯანაძე შეხმატკმილებულად მოქმედებენ? - კვირის პალიტრა

"აფერუმ, ირაკლი"! - რატომ ფიქრობს სესიაშვილი, რომ უსუფაშვილი და ბურჯანაძე შეხმატკმილებულად მოქმედებენ?

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ერთი მხრივ, საქართველოს უბლოკო სტატუსის შესახებ ნინო ბურჯანაძის ინიციატივა, მეორე მხრივ კი, უბლოკო სტატუსის საწინააღმდეგოდ დავით უსუფაშვილის საკონსტიტუციო წინადადება საარჩევნო პიარის ნაწილია.

"აშკარაა, რომ როგორც ბურჯანაძის, ისე უსუფაშვილის ინიციატივები მათი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. მეტიც, მეჩვენება რომ შეხმატკბილებულები არიან - ერთმა თემა ასწია და მეორემ გააგრძელა, ამიტომ საქმე გვაქვს არა რეალურ ინიციატივასთან, არამედ საარჩევნო კამპანიასთან. შესაბამისად, ამ პოლიტიკური ინიციატივის აყოლა წინასაარჩევნო პერიოდში არ მგონია ჩვენთვის გამართლებული იყოს: ყველას თავისი პოლიტიკური დღისწესრიგი აქვს. ჩვენმა ხელისუფლებამ საქმით აჩვენა, რომ "ქართული ოცნება" არის გამოკვეთილად პროდასავლური ძალა, რომელმაც მიაღწია ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ნატოს-თან ინტენსიურ ურთიერთობებს და მთელი რიგი პერსპექტივები გვიჩნდება ვიზალიბერალიზაციის კუთხითაც, რასაც ძალიან მალე ველოდებით. ამიტომ ჩვენი ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვა ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მიზანი. ამ ვითარებაში, არ მიმაჩნია სწორად ჩვენ ბურჯანაძე-უსუფაშილის პოლიტიკური პიარ-დუეტის ნაწილი გავხდეთ. ჩვენ ევროატლანტიკურ სივრცესთან მიმართებაში კონსტრუქციულ მიდგომებს დავუბრუნდებით უკვე არჩევნების შემდგომ და ამ საკითხზე სერიოზულად ვიმსჯელებთ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, დავით უსუფაშვილი საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის მინიჭების მომხრეთა საწინააღმდეგოდ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით გამოდის.

პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ კონსტიტუციის პრეამბულაში, იქ სადაც საუბარია, რა სურს ქართველ ხალხს, უნდა დაემატოს ფრაზა - "დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში". უსუფაშვილმა საპარლამენტო ძალებს აღნიშნულ წინადადებაზე ხელმოწერა სთხოვა, რათა მისი ინიცირება შესაძლებელი გახდეს.

სესიაშვილის ამ განცხადებას რესპუბლიკელემა ლევან ბერძენიშვილმა უპასუხა, პოლიტიკოსის აზრით, უსუფაშვილის საკონსტიტუციო ინიციატივა არ შეიცავს პოპულისურ ხასიათს:

"თუკი საქართველოს უშიშროება იმ ინფორმაციასაც ვერ ფლობს, ნინო ბურჯანაძე და დავით უსუფაშვილი ერთად არიან თუ ცალ-ცალკე, თუკი ჩვენ ამ ხელისუფლებასაც რუსეთის აგენტები ვგონივართ, კარგად ყოფილა მათი საქმე"

"დავით უსუფაშვილის საკონსტიტუციო ინიციატივა პოპულისტური საკითხი არ არის. საქართველოს უსაფრთხოება სჭირდება არჩევნების დროს და არჩევნების შემდეგ. აღნიშნულ საკონსტიტუციო ინიციატივას არჩევნების შემდეგაც დავაყენებთ - თუ ახლა მოაწერენ დეპუტატები პროექტს ხელს, ეს კარგია, თუ არა - ჩვენ არასდროს მიგვაჩნია, რომ ყველაფერი ერთ დღეში უნდა გაკეთდეს... პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა არის პასუხი იმ კომიკურ ინიციატივაზე, რომელიც ქალბატონმა ბურჯანაძემ შემოიტანა. პასუხად მან ძალიან უცნაური ბრალდებები მიიღო. სიტყვები არ მყოფნის ირაკლი სესიაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, უსუსური ვარ ასეთი ტიპის განცხადებებთან დაკავშირებით, შემიძლია მხოლოდ "ვეფხისტყაოსნიდან" გავიმეორო: - "კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების". სესიაშვილმა გვაჩვენა, როგორ აზროვნებს. თუკი ასე ფიქრობს, შეუძლია ასე გააგრძელოს - ვინ დაუშლის, მაგრამ ამ კაცის ხელში რაიმე სარიოზული საქმის ჩაგდება, ამ განცხადების შემდეგ, არასერიოზული იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, "ხელისუფლებას ფლანგიდან "ცენტრისტები" გაექცათ და ახლა "რესპუბლიკელები" იპოვეს რუსული ინტერესების გამტარებლად".

"ყოჩაღ ირაკლი, აფერუმ, რა დიდი აზროვნება გქონია! ქართველები მსოფლიოს აოგნებენ მსოფლიო რეკორდებით, სესიაშვილი აზროვნებს თავისი აზროვნების სიმაღლით", - დასძინა ბერძენიშვილმა.

ეს საკითხი პასუხგაუცემელი არც "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დატოვა. ლორთქიფანიძის თქმით, თუ ირაკლი სესიაშვილი ვერ არჩევს ერთმანეთისგან უბლოკო სტატუსსა და ნეიტრალიტეტს, მაშინ მას შეუძლია ამის განმარტება, თუნდაც პარლამენტში მიიღოს, აპარატის მეშვეობით.

"ინტერპრესნიუსი"