ბურჭულაძე, ჯაფარიძე და ვაშაძე ერთ საარჩევნო ბლოკში ერთიანდებიან? - კვირის პალიტრა

ბურჭულაძე, ჯაფარიძე და ვაშაძე ერთ საარჩევნო ბლოკში ერთიანდებიან?

როგორც ჩანს, პაატა ბურჭულაძის გარშემო "ნაციონალური მოძრაობიდან" წასული პოლიტიკური ჯგუფების შემოკრების თაობაზე გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაცია მალე რეალობად იქცევა. პოლიტიკურმა გაერთიანება "ვაშაძე - ჯაფარიძე - ახალი არჩევანი" საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლითაც პაატა ბურჭულაძე და მის პოლიტიკურ პარტიას "სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ პოლიტიკურ ცენტად გაერთიანება შესთავაზა.

"ჩვენ დავდექით მოცემულობის წინაშე რომ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის დრო ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ახლა ქვეყანას მაღალი რეპუტაციის, მაღალი კომპეტენციის ადამიანები სჭირდება, რომლებსაც შეუძლიათ იტვირთონ პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე. ჩვენ ვხედავთ პაატა ბურჭულაძისადმი მაღალ ნდობას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, მის რეპუტაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ და მისი საქმიანობის დადებით შედეგებს მთელს საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ბურჭულაძეს აქვს ყველა რესურსი, გააერთიანოს მის გარშემო ყველა პროდასავლური ძალები და მართლაც ძლიერი პროდასავლური ცენტრი ჩამოყალიბდეს. ეს ქვეყანას გამოიყვანს იმ ღრმა კრიზისიდან რომელიც დღეს არის. მივმართავთ პაატა ბურჭულაძეს და გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ის გამოცდილება და ენერგია, რომელიც ჩვენს საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს აქვთ გავაერთიანოთ მის ირგვლივ, მის გუნდთან ერთად. დღეს საქართველოს სჭირდება ახალი არჩევანი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სრულიად ახალ პერსპექტივას მისცემს. ვფიქრობ რომ პაატა ბურჭულაძის გარშემო შეგვიძლია გავერთიანდეთ ყველა ის ღირებულებებისა და ფასეულობების მქონე ადამიანი, ვინც ხვალინდელი საქართველოს მშენებლობაში ითამაშებს მნიშვნელოვან როლს",- განაცხადა გაერთიაანების სახელით გიორგი ვაშაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური შეთანხმება, ფატქობრივად, მიღწეულია და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მესამე პოლიტიკურ ძალად, ბურჭულაძესთან ერთად, მოგვევლინებიან: ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი", გიორგი ვაშაძის "ახალი საქართველო", ბაჩუკი ქარდავას "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" და "ახალი მემარჯვენეები".