"ბატონმა პაატამ მთხოვა, ცხელ გულზე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებასო" - მეტრეველი ბურჭულაძის პარტიას დატოვებს?! - კვირის პალიტრა

"ბატონმა პაატამ მთხოვა, ცხელ გულზე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებასო" - მეტრეველი ბურჭულაძის პარტიას დატოვებს?!

"მეც დავადასტურე საბოლოო ჯამში, რომ მქონდა უარყოფითი დამოკიდებულება ამ გაერთიანების მიმართ".

პაატა ბურჭულაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის", "გირჩის", "ახალი მემარჯვენეებისა" და "ახალი საქართველოს" ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანების შესახებ და ამასთან დაკავშირებით გუნდის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"ჩემი პირველი ნაბიჯისას, როდესაც ფეხი შემოვდგი პოლიტიკაში, ვთქვი, რომ ჩვენი კარები ღიაა ყველასთვის, ვისაც აინტერესებს საქართველოს წინსვლა და ვიცი აზრებიც ემთხვევა ჩვენს ხედვებს. ორი დღის წინ მოვიდა ასეთი შემოთავაზება ამ ძალებისგან, რომ ჩვენ გვინდა თქვენთან გაერთიანება, ჩვენ გვინდა თქვენთან თანამშრომლობა. ჩვენ ეს განვიხილეთ გუნდში. გუნდმა აღიქვა უმეტესად ძალიან დადებითად. მერაბ მეტრეველი არ იყო მაინცდამაინც კმაყოფილი ამ ყველაფრის, ხათუნა ლაგაზიძე ნამდვილად თავის საქმით არის დაკავებული" - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ თითქოს მერაბ მეტრეველმა პარტია დატოვა, ეს ინფორმაცია ბურჭულაძემ უარყო.

"მერაბთან საუბარი გვქონდა. უბრალოდ, არ იყო კმაყოფილი. მას სხვანაირი წარმოდგენა ჰქონდა თუ რა მიმართულებით ვიქნებოთ, ჩვენ ვიქნებოდით მარტო, მაგრამ მე ნამდვილად არ შემიძლია კარი დავუხურო იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა და უნდა, რომ წინ წავიდეს ქვეყანა. მართლაც, დღეს ჩვენი გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანი იყო", - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრმა მერაბ მეტრეველმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღიანი პაუზა აიღო და პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით ორშაბათს მიიღებს გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა „სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩის”, ”ახალი მემარჯვენეებისა” და ”ახალი საქართველოს” გაერთიანებასთან დაკავშირებით, თუმცა პაატა ბურჭულაძის თხოვნით, გადაწყვეტილების „ცხელ გულზე“ მიღებისგან თავი შეიკავა.

„გუშინ არც ვაპირებდი ამაზე ლაპარაკს, მაგრამ რადგან პარტიის ლიდერმა გაახმაურა, მეც დავადასტურე საბოლოო ჯამში, რომ მქონდა უარყოფითი დამოკიდებულება ამ გაერთიანების მიმართ. უბრალოდ, ბატონმა პაატამ მთხოვა, ცხელ გულზე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას, რამდენიმე დღე იფიქრე და მერე გადაწყვიტეო“, - აღნიშნა მერაბ მეტრეველმა.

მისივე განმარტებით, თუ რატომ იყო ამ გაერთიანების წინააღმდეგი, ამის შესახებ ორშაბათს ისაუბრებს.

„არ მინდა განსაკუთრებული ზიანი მივაყენო პარტიას, შიდა განხილვების გარეთ გამოტანას არ ვაპირებ. მე მაქვს ჩემი არგუმენტები, თუ რატომაც ვიყავი წინააღმდეგი, ორშაბათს შეიძლება ვთქვა კიდეც რამდენიმე“, - აღნიშნა მერაბ მეტრეველმა.

"ინტერპრესნიუსი"