არია აირია! - "ბურჭულაძემ პოლიტიკური თვითჩაძირვის მაგალითი მოგვცა" - კვირის პალიტრა

არია აირია! - "ბურჭულაძემ პოლიტიკური თვითჩაძირვის მაგალითი მოგვცა"

"განაცებული" ბურჭულაძის რეიტინგი ამ პოლიტიკური მანევრით მხოლოდ ნულს გაუტოლდება"

"პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისში სკამიც კი "ნაციონალური მოძრაობის" ჰაერით სუნთქავს"

წინასაარჩევნოდ პროდასავლურობის პრინციპით ახალი საარჩევნო ბლოკი შეიქმნა - პაატა ბურჭულაძის პარტიასთან ერთად, პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად "გირჩი", გიორგი ვაშაძის "ახალი საქართველო" და "ახალი მემარჯვენეები" იბრძოლებენ. როგორც ითქვა, შესაძლოა, გაერთიანებას ედპ-ც შეუერთდეს.

პაატა ბურჭულაძესთან ერთად, პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ბიზნესმენმა ირაკლი გურჩიანმა დააფუძნა, თუმცა ის ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, ვინც პარტია შექმნიდან მალევე დატოვა. ირაკლი გურჩიანი "კვირის პალიტრასთან" დუმილს არღვევს და ბურჭულაძის პარტიიდან წამოსვლის მიზეზებზე დეტალურად საუბრობს:

"რაღაც იდუმალი ძალა" პარტიაში მხოლოდ "ნაციონალებს" ასაქმებდა"

- როდესაც დავრწმუნდი, რომ "სახელმწიფო ხალხისთვის" ოდესიდან იმართებოდა, პარტია მაშინვე დავტოვე. მადლობა ღმერთს, სწორი გზა დროულად დავინახე. პაატამ პარტიის ჩამოყალიბება პირველად სწორედ მე, 2015 წლის სექტემბერში შემომთავაზა - მაშინ პირველი კითხვა შემდეგი მქონდა: ხომ არ იყო ის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის ინტერესებთან? პაატამ ჩემი ეჭვები კატეგორიულად უარყო. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ვკითხე იგივე და ისევ კატეგორიულად იუარა. ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, არ მქონდა უფლება, მისი პასუხისთვის არ დამეჯერებინა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ მომატყუა. რა თქმა უნდა, ბოლომდე არ გამეხსნა, მაგრამ როგორც კი დავრწმუნდი, მოძრაობა მაშინვე დავტოვე.

- კონკრეტულად, როდის დარწმუნდით ან როდის გაგიჩნდათ ეჭვი, რომ პარტია ოდესიდან იმართებოდა?

- პარტიის ოდესიდან მართვის შესახებ ეჭვი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც რეგიონებში ოფისების გახსნა დავიწყეთ - ყველგან მხოლოდ ყოფილი "ნაციონალები" მოდიოდნენ. პირადად მე კადრების შერჩევაში ვმონაწილეობდი. ბევრი ჩემი დაწუნებული კადრი, ჩემი უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, ორ კვირაში მაინც ინიშნებოდა. ჩემს შეკითხვაზე, რატომ მიიღეს ესა თუ ის ჩემგან დაწუნებული კადრი პარტიაში, მპასუხობდნენ, რომ თავადაც შეცდომაში შეიყვანეს და ადამიანებს მათი მეგობრის რეკომენდაციით ნიშნავდნენ, იმასაც მეუბნებოდნენ, ეს ადამიანები ჩვენი ერთგული იქნებიანო. წარმოიდგინეთ, ისეთ ადამიანებზეა საუბარი, რომლებიც მეუბნებოდნენ იმ უბედური 9 წლის განმავლობაში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვიყავით და 2014 წლამდე შტაბში ან გამგეობაში ვმუშაობდითო, რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობის" კვოტით. ერთი აპლიკანტი მოვიდა და როდესაც ვკითხე, რომელიმე პარტიის წევრი თუ ყოფილხარ-მეთქი, მიპასუხა, დღესაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვარო. ასეთი ადამიანი როგორ უნდა მიმეღო?! ბოლოს საერთოდ დავანებე გასაუბრებებში მონაწილეობას თავი, რადგან "რაღაც იდუმალი ძალა" პარტიაში მხოლოდ "ნაციონალებს" ასაქმებდა. ჩემთან ერთად გასაუბრებებს ხათუნა ლაგაზიძეც ესწრებოდა, თითქოს ჩემთან ერთად ისიც იწუნებდა ყოფილ "ნაციონალებს", თუმცა პარტიაში თანამდებობებზე მაინც ინიშნებოდნენ.

პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისში სკამიც კი "ნაციონალური მოძრაობის" ჰაერით სუნთქავს. სხვა დეტალებზე, როცა დრო იქნება, აუცილებლად ვისაუბრებ!

- დღეს როგორ აფასებთ პაატა ბურჭულაძის "გირჩთან", გიორგი ვაშაძესა და "ახალ მემარჯვენეებთან" გაერთიანებას?

- ყველანი, "სახელმწიფო ხალხისთვის", "გირჩი" და გიორგი ვაშაძე, ოდესას ჯაჭვით არიან მიბმული. პაატა ბურჭულაძის პარტია იმ სექტის ნაწილია, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია - პოლიტიკური ძალის, რომელმაც ჩვენს ხალხს სულში ჩააფურთხა. ამ ადამიანებთან ერთად მე ვერასოდეს ვიდგებოდი.

"თავი კომკავშირის შეკრებაზე მეგონა"

ნინო ნადირაძე-კუზანოვა: - პარტიაში არსებული გაუგებარი ვითარება ყრილობაზევე შევნიშნე. როგორც ვთქვი, თავი კომკავშირის შეკრებაზე მეგონა. ამ პარტიაში მყოფ ადამიანებს არ სჯერათ იმის, რასაც ამბობენ, ზედმეტად ხელოვნურები არიან. ყველაფერს თითქოს ნაძალადევად აკეთებენ. რაც შეეხება ახალ გაერთიანებას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ინტუიცია არასოდეს მღალატობს და პარტიის დატოვებით, თავის დროზე, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

"ეს პოლიტიკური დასამარებაა"

არჩილ გამზარდია, ექსპერტი: - ბლოკში ისეთი პოლიტიკური ძალები შეიკრიბნენ, რომლებსაც უდავოდ "ნაციონალური მოძრაობის" ელფერი დაჰკრავს -"ახალი მემარჯვენეები" ყოველთვის "ნაციონალების" არაოფიციალურ პარტნიორებად მოიაზრებოდნენ, ვაშაძე სააკაშვილისეულ განცხადებებს აკეთებდა და დღესაც იმავე აზრზეა. რეალურად, ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" ბოკერიასთან დაპირისპირების გამო დატოვა, ლიდერად კი დღესაც სააკაშვილს მიიჩნევს. ლოგიკურია, რომ პოლიტიკური სცენიდან გაქრობის რეჟიმში მყოფი "ნაცმოძრაობა" ახალი სატელიტი გაერთიანებით სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას ცდილობს. ვფიქრობ, პოლიტიკურ ამინდს დღესაც სააკაშვილი ქმნის... თანაც, მიუხედავად იმისა, რომ აქცენტს პროდასავლურობაზე აკეთებენ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პარტიები გაერთიანდნენ - არა მგონია, კაციტაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს ან გიორგი ვაშაძეს ერთმანეთთან პრინციპები აერთიანებდეს. ვფიქრობ, პაატა ბურჭულაძეს არჩევნებში დამოუკიდებლად გასვლის შემთხვევაში მეტი შანსი ჰქონდა, პარლამენტში წარმომადგენლობით შესულიყო, სააკაშვილის ხელისუფლების გარემოს დაცვის მინისტრთან და ადეიშვილის ყოფილ მოადგილესთან ალიანსმა კი ის პოლიტიკურად დაასამარა. ბურჭულაძემ პოლიტიკური თვითჩაძირვის მაგალითი მოგვცა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ბურჭულაძის რეიტინგი ისედაც სტაბილურად მცირდებოდა, მას საზოგადოების ნაწილი მაინც ალტერნატიულ ძალად მიიჩნევდა. დღეს პაატა ბურჭულაძეს ეს მოცემულობაც აღარ შერჩა.

"სააკაშვილი "ნაცმოძრაობის" რებრენდინგს ცდილობს"

რამაზ საყვარელიძე, ექსპერტი: - რეალურია ვერსია, რომ სააკაშვილი პაატა ბურჭულაძის ირგვლივ ახალი საარჩევნო ბლოკის შექმნით "ნაციონალური მოძრაობის" რებრენდინგს ცდილობს - ეს არის მანევრი, რომ პოლიტიკურ ორბიტაზე "ნაციონალური მოძრაობის" ახალი პოლიტიკური მოდელი ჩამოყალიბდეს. ვფიქრობ, სააკაშვილი ორივე პოლიტიკური ძალის - "ნაციონალური მოძრაობისა" და პაატა ბურჭულაძის ახალი გაერთიანების საარჩევნო რესურსს ცდის. თუ აღმოჩნდება, რომ ახალი ბრენდი უფრო მისაღები იქნება საზოგადოებისთვის, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა", ბლოკის ლიდერად თავად მოგვევლინება, თუ "ნაციონალური მოძრაობა" აღმოჩნდა ასეთი ძალა, პაატა ბურჭულაძეს სატელიტ ძალად დაიტოვებს.

- რა საფუძველი აქვს ამ ვერსიას, როდესაც ბურჭულაძეს სწორედ "ნაცმოძრაობიდან" წამოსული პოლიტიკოსები უერთდებიან?

- მთავარი პოლიტიკური თამაშიც სწორედ ამაში მდგომარეობს - ყოფილი "ნაციონალები" ისევ ერთიანდებიან, ამჯერად პაატა ბურჭულაძის დახმარებით. თუმცა, "განაცებული" ბურჭულაძის რეიტინგი ამ პოლიტიკური მანევრით მხოლოდ ნულს გაუტოლდება. არადა, თავდაპირველად მისი რეიტინგი დაახლოებით 7% იყო, ახალ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ სხვა პარტიებს კი პულსი უკვე დიდი ხანია აღარ ესინჯება.

პაატა ბურჭულაძეს თანაგუნდელებთანაც მოუწევს გამკლავება - მას საარჩევნო სიაში საკუთარი პარტიის წევრების ადგილის დათმობა ახალი პარტნიორებისთვის მოუწევს.

ამ რეალობას ბევრი არ შეეგუება, მეტიც, შესაძლოა, პროცესი თავად ბურჭულაძის პარტიის დაშლამდეც კი მივიდეს, შედეგად კი ბლოკში მხოლოდ პაატა ბურჭულაძე და სხვა ყოფილი, მაგრამ მაინც მოქმედი "ნაციონალები" დარჩნენ, რაც, ბუნებრივია, "ქართული ოცნების" რეიტინგზე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს.

"ბურჭულაძის განცხადებები, რომ საბჭოთა ადამიანად მიიჩნევდა თავს, წვრილმანი დეტალებია..."

გიორგი ვაშაძე, "ახალი საქართველოს" ლიდერი: - პირადად მე პაატა ბურჭულაძესთან კონსულტაციები არ მქონია, თუმცა, მოლაპარაკება ამ პროცესს წინ უძღოდა. მთავარი ისაა, რომ გაერთიანება შედგა - ახალ ბლოკში ისეთი ადამიანები შევიკრიბეთ, რომლებსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის სურვილი რეალურად გვამოძრავებს და გეგმებიც შემუშავებული გვაქვს. თუ ამ გაერთიანების შექმნა ბურჭულაძის რამდენიმე თანაგუნდელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ეს პარტიის საერთო განწყობას ნამდვილად არ ეპასუხება.

- გვახსოვს "გირჩის" წევრების განცხადებები, რომლებიც პაატა ბურჭულაძის განცხადებებს, რომ ის თავს საბჭოთა ადამიანად მიიჩნევს და ამაყია, რომ მსოფლიოში რუსულ ბანად წარადგენდნენ, საჯაროდ აკრიტიკებდნენ. ბურჭულაძის ირგვლივაც ამოწურეთ კითხვები?

- ეს მხოლოდ წვრილმანი დეტალებია, რაც საერთო კამპანიაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამ საკითხზე საუბარი ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

"ქართულ ოცნებას" ვაფრთხილებ..."

გიორგი რუხაძე, "სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთი ლიდერი: - გაერთიანებაზე შემოთავაზება "გირჩისგან", "ახალი საქართველოსა" და "მემარჯვენეებისგან" მივიღეთ, ბლოკის შექმნის მთავარი მოტივი კი პროდასავლური ძალების მაქსიმალური კონსოლიდაცია და მომძლავრებულ პრორუსულ განწყობებთან დაპირისპირებაა. დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ძლიერი ალტერნატივა უნდა გაჩნდეს - საზოგადოების ნდობით აღჭურვილი, მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერის გარშემო ღირებულებებით გაერთიანებული ერთობა, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, არჩევანი არა ცუდსა და უარესს, წარსულში ჩარჩენილ "ქართულ ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას", არამედ წარსულსა და მომავალს შორის გააკეთოს.

- ფაქტია, რომ თქვენი პარტიის წევრებისთვის, მათ შორის, მერაბ მეტრეველისთვის, ყოფილ "ნაციონალებთან" გაერთიანების შექმნა მიუღებელი აღმოჩნდა. გამოდის, პარტიისთვის საკუთარ წევრებზე მნიშვნელოვანი ახალი პოლიტიკური პარტნიორები აღმოჩნდნენ?

- ბუნებრივია, გაერთიანების შექმნა იოლი გადაწყვეტილება არ გახლდათ - პარტიაში არის მცირე ჯგუფი ადამიანებისა, მათ შორის, მერაბ მეტრეველიც, რომლებიც ამ ნაბიჯს არ ემხრობიან. ეს ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის ნაწილია, თუმცა დემოკრატიის მთავარი პრინციპი სწორედ ის არის, რომ გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს.

- ახალი ბლოკის შექმნის შემდეგ გაჩნდა ვერსია, რომ გაერთიანება "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი იქნება წინასაარჩევნოდ, თანაც, ხშირად აღნიშნავთ, პროდასავლურ ოპოზიციურ სპექტრს ვაერთიანებთო. ამ ლოგიკით, რატომ არ აწარმოებთ მოლაპარაკებას "თავისუფალ დემოკრატებთან" ან რესპუბლიკელებთან?

- სპეკულაციები არასდროს დასრულდება. ზოგისთვის "ნაცმოძრაობის" პროექტი ვიყავით და ზოგისთვის - "ქართული ოცნების". პაატა ბურჭულაძე და მისი გუნდი ქართველი ხალხის პროექტია, რომელსაც შესწევს ძალა და აქვს რესურსიც, ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანოს.

"ოცნების" ხელისუფლების შავი პიარი და სუს-ის ზეწოლა იმისთვის, რომ პაატა ბურჭულაძის რეპუტაცია შელახოს და ჩვენს პარტიაში ბზარი გააჩინოს, უშედეგოდ დასრულდება.

"ნაციონალური მოძრაობაც" ებრძოდა ოპოზიციურ ძალებს ბინძური მეთოდებით, მაგრამ სწორედ ეს გახდა მათი დასასრულის დასაწყისი. "ქართულ ოცნებას" ვაფრთხილებ - მსგავსი მეთოდებით მიზანს ვერ მიაღწევს, სამაგიეროდ, ქართულ სახელმწიფოსა და მის რეპუტაციას დააზარალებენ.

შესაძლოა, რამდენიმე ადამიანმა ზეწოლას ვერ გაუძლოს და ჩვენი რიგები მართლაც დატოვოს, თუმცა მათ ადგილს სხვა პატრიოტები დაიკავებენ და ჩვენც კიდევ უფრო გავძლიერდებით.

იხილეთ ასევე: სანდრიზმი, როგორც ახალი "ნაცმოძრაობა", ბუა მიშა და ბან-ჯოკერი ბურჭულაძე

რუსუდან შელია