მერაბ მეტრეველმა პაატა ბურჭულაძის პარტია ”სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვა - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველმა პაატა ბურჭულაძის პარტია ”სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვა

"არსებობს სხვადასხვა მიზეზები, რის გამოც ვიღაცასთან ერთად ჩემთვის ყოფნა მიუღებელია"

დღეს, პაატა ბურჭულაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბ მეტრეველმა განაცხადა, რომ პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა და ამის მიზეზად პაატა ბურჭულაძის რამდენიმე პარტიასთან გაერთიანება დაასახელა.

”არსებობს სხვადასხვა მიზეზები, რის გამოც ვიღაცასთან ერთად ჩემთვის ყოფნა მიუღებელია. ეს მიზეზები უკვე ითქვა, რომ ეს გაერთიანება ჩემთვის მიუღებელია. მე მინდა ამ პარტიას ვუსურვო წარმატებები და არჩევნებში გამარჯვება”, - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

პაატა ბურჭულაძემ კი აღნიშნა, რომ მერაბ მეტრეველის წასვლა პარტიისთვის დიდი დანაკარგია.

”მე მინდა მერაბს გზა დავულოცო და მადლობა ვუთხრა გაწეული მუშაობისთვის”, - განაცხადა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე პაატა ბურჭულაძემ "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის", "გირჩის", "ახალი მემარჯვენეებისა" და "ახალი საქართველოს" ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანების შესახებ ისაუბრა.

"ჩემი პირველი ნაბიჯისას, როდესაც ფეხი შემოვდგი პოლიტიკაში, ვთქვი, რომ ჩვენი კარები ღიაა ყველასთვის, ვისაც აინტერესებს საქართველოს წინსვლა და ვიცი აზრებიც ემთხვევა ჩვენს ხედვებს. ორი დღის წინ მოვიდა ასეთი შემოთავაზება ამ ძალებისგან, რომ ჩვენ გვინდა თქვენთან გაერთიანება, ჩვენ გვინდა თქვენთან თანამშრომლობა. ჩვენ ეს განვიხილეთ გუნდში. გუნდმა აღიქვა უმეტესად ძალიან დადებითად. მერაბ მეტრეველი არ იყო მაინცდამაინც კმაყოფილი " - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

"რადგან პარტიის ლიდერმა გაახმაურა, მეც დავადასტურე საბოლოო ჯამში, რომ მქონდა უარყოფითი დამოკიდებულება ამ გაერთიანების მიმართ. უბრალოდ, ბატონმა პაატამ მთხოვა, ცხელ გულზე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას, რამდენიმე დღე იფიქრე და მერე გადაწყვიტეო“ - განაცხადა ბრიფინგის შემდეგ მერაბ მეტრეველმა.

იხილეთ ასევე: "ბატონმა პაატამ მთხოვა, ცხელ გულზე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებასო" - მეტრეველი ბურჭულაძის პარტიას დატოვებს?!