ნარმანია საკრებულოში და დაპირისპირება სხდომათა დარბაზში - კვირის პალიტრა

ნარმანია საკრებულოში და დაპირისპირება სხდომათა დარბაზში

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას გამოსვლა შეაწყვეტინეს. თბილისის მერის მიერ ანგარიშით გამოსვლას სხდომაზე მყოფი რამდენიმე პირის უკმაყოფილება მოჰყვა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თბილისის მერს სიტყვა შეაწყვეტინა ცოტნე გამსახურდიამ, რომელიც საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სხდომას იარუსიდან ადევნებდა თვალყურს.

დავით ნარმანია საუბრობდა იმის შესახებ, რომ საზოგადოება უნდა დაელოდოს გამოძიებას ყაზბეგის 22 ნომერში ხეების გაჩეხვის ფაქტთან დაკავშირებით და შემდეგ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება რომელიმე პირის პასუხისმგებლობის შესახებ. ამ ფრაზამ საკრებულოს სხდომათა დარბაზის იარუსზე მყოფ პირთა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. მათ ხმამაღალი შეძახილებით მერის გამოსვლა ჩაშალეს.

აღსანიშნავია, რომ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება თავად საკრებულოს სხდომათა დარბაზის იარუსზე მყოფ პირებს შორის მოხდა. ისინი მალევე დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა.

"დავით ნარმანიას არ სჯერა იმის, რომ ყაზბეგის გამზირზე ჯანმრთელი ხეები დაჩეხეს და გამოძიების დასრულებას ელოდება. სანამ გამოძიება დასრულდება, დასრულდება უამრავი ადამიანის სიცოცხლე ამ ქალაქში, სწორედ იმ ეკოლოგიური მდგომარეობის გამო, რომელშიც ნარმანია და მისი უუნარობაა დამნაშავე“, - განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.

"ინტერპრესნიუსი"