საფრთხე, რომელიც ყოველ მეხუთე ამომრჩეველს ემუქრება - რას ფიქრობენ პარტიები საგანგაშო მდგომარეობაზე - კვირის პალიტრა

საფრთხე, რომელიც ყოველ მეხუთე ამომრჩეველს ემუქრება - რას ფიქრობენ პარტიები საგანგაშო მდგომარეობაზე

რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაიწელება დროში ონლაინკაზინოებისა და ბეთების შემზღუდავი რეგულაციების მიღება, მით უფრო მეტ ადამიანს ემუქრება საფრთხე ლუდომანიის ჭაობში ჩათრევისა, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ოჯახი დაინგრევა, უფრო მეტი ადამიანი გაუბედურდება და გააუბედურებს სხვებს და უფრო მეტი სასოწარკვეთილი მოთამაშე საბოლოო გამოსავალს თვითმკველობაში იპოვის.

რეგულაციების მიღებას პოლიტიკური ნება სჭირდება. ზოგადად, პოლიტიკოსებს უყვართ ციფრებზე დაყრდნობით დაპირებების გაცემა ან საკუთარი პოზიციის გამყარება. მათ საყურადღებოდ - ექსპერტების მონაცემებით, საქართველოში ონლაინკაზინოების "ვირუსი" 400 000 ადამიანს აქვს შეყრილი. ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან გამომდინარე, ყოველ მეხუთე ამომრჩეველს ემუქრება საფრთხე, რომ გახდეს მძევალი იმ ჭაობისა, საიდანაც ამოსვლა ძალიან ძნელია. თუმცა რატომღაც პოლიტიკოსებისგან ამ თემაზე აქტიური საუბარი არ გვესმის.

აქვთ თუ არა საარჩევნო პროგრამაში წამყვან პოლიტიკურ პარტიებს ონლაინკაზინოებთან დაკავშირებული სტრატეგია ან რას ფიქრობენ პრობლემაზე, რომელიც ლამის ეროვნულ უბედურებად იქცა? ეს კითხვა ჩვენ წამყვან პოლიტიკურ პარტიებს დავუსვით:

"შესაბამის უწყებებს დაევალათ ამ საკითხის სერიოზულად გაანალიზება"

ირაკლი სესიაშვილი,("ქართული ოცნება"): "ჩვენი საარჩევნო პროგრამა ჯერ არ გამოქვეყნებულა, ამიტომ დეტალებზე საუბარი სწორი არ იქნება, თუმცა ონლაინკაზინოების საკითხი გუნდში განხილული გვქონდა. ჩემი აზრით, ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით რეგულაციები აუცილებლად უნდა იყოს მიღებული. თუმცა ამ რეგულაციებმა არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ ქართული ონლაინკაზინოების მომხმარებელმა უცხოურ საიტებზე დაიწყონ თამაში. შესაბამის უწყებებს დაევალათ ამ საკითხის სერიოზულად გაანალიზება და დარწმუნებული ვარ, ჩვენს პროგრამაში ონლაინკაზინოებთან დაკავშირებულ პრობლემებზე აქცენტები გაკეთდება.

"როგორც მინიმუმ, არასრულწლოვნების თამაში უნდა აღიკვეთოს"

გიორგი ვაშაძე,( ბლოკ "სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთი ლიდერი): "ჯერ-ჯერობით ონლაინკაზინოების საკითხი ასე კონკრეტულად საარჩევნო პროგრამაში გაწერილი არ გვაქვს. პოზიციებს ვაჯერებთ ერთმანეთთან და ამ საკითხსაც შევეხებით. ზოგადად კი, ძალიან მნიშვნელოვანია კონტროლის სისტემის აგება იმის გასანაალიზებლად, თუ ვინ არიან მოთამაშეები - ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვნებიც თამაშობენ ონლაინკაზინოებში. მოსაფიქრებელია კონტროლის მექანიზმები - როგორც მინიმუმ, არასრულწლოვანების თამაში უნდა აღიკვეთოს.

"ჩვენი პოზიცია შეიძლება აკრძალვისკენაც გადაიხაროს"

დავით ონოფრიშვილი,( "თავისუფალი დემოკრატები"): როგორც ასეთი, საარჩევნო პროგრამაში დეტალურად არ განგვიხილავს ეს საკითხი, თუმცა გუნდში ვისაუბრეთ. საჭიროა როგორც მინიმუმ, ამ სფეროს მკაცრი რეგულირება, ზოგადად კი ჩვენი პოზიცია შეიძლება აკრძალვისკენაც გადაიხაროს, მაგრამ ეს არ არის საკითხი, რომელიც ჩვენ დეტალურად გვაქვს პროგრამაში განხილული. დღეს არსებული რეგულაციები დამაკმაყოფილებელი არ არის - რთულია მოთამაშის ასაკის კონტროლი და პრობლემასაც ეს ქმნის.

"ეს ხელისუფლების პრობლემაა.."

მიხეილ მაჭავარიანი, ("ნაციონალური მოძრაობა"): ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით არანაირი სტრატეგია არ გვაქვს შეტანილი და არც ვაპირებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკას გაცილებით დიდი გამოწვევები აქვს და ამ გამოწვევის შემდეგ უნდა დავუბრუნდეთ ონლაინკაზინოებს. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლებისგან მხოლოდ სიტყვების ლაყა-ლუყი გამიგია. ეს ხელისუფლების პრობლემაა, სწორედ მათ წამოწიეს ეს თემა. გაიხსენეთ, რომ მოვიდნენ 2012 წელს, ჯერ ჩვეულებრივ კაზინოებს კრძალავდნენ, მერე ონლაინკაზინოებს შეეხნენ.

ჩვენს პარტიაში ამ საკითხზე სხვადასხვა დამოკიდებულებაა. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ საჭიროა მკაცრი რეგულაციები დაწესდეს, რადგან ბევრი ოჯახი ზარალდება. ზოგი კი ფიქრობს, რომ ონლაინკაზინოების რეგულირება მოგვიტანს იმას, რომ ეს ყველაფერი წავა იატაქვეშეთში.

"რაც სიტყვა ონლაინით იწყება, ყველაფერი დასარეგულირებელია"

ნოდარ ებანოიძე, ("რესპუბლიკური პარტია"): კონკრეტულად ონლაინკაზინოებზე პროგრამაში რაიმე სტრატეგია არ გვაქვს შეტანილი, თუმცა როდესაც მონეტარულ პოლიტიკას განვიხილავდით ამ საკითხსაც შევეხეთ. ზოგადად კი, რაც სიტყვა ონლაინით იწყება ყველაფერი დასარეგულირებელია.

"ონლაინკაზინოების რეკლამა უნდა აიკრძალოს"

დავით თარხან-მოურავი, ("პატრიოტთა ალიანსი"): "ინტერნეტსივრცის კონტროლი ძალიან ძნელია, მაგრამ ონლაინკაზინოების რეკლამაც კი უნდა აიკრძალოს. ზოგადად, კაზინოს რეკლამა არ უნდა იყოს არც ინტერნეტ სივრცეში, არც მედიაში და არც ბილბორდებზე. ჩვენი გუნდი ონლაინკაზინოების წინააღმდეგია. საკითხი პრობლემატურია, თუმცა საჭიროა სერიოზული ნაბიჯები. ჩვენი გუნდის საარჩევნო კლიპებში ხშირად ვლაპარაკობ ონლაინკაზინოების პრობლემაზე".

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)