"აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თავად განვითარდნენ, ან შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში, ან დაბრუნდნენ იქ, სადაც იყვნენ" - კვირის პალიტრა

"აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თავად განვითარდნენ, ან შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში, ან დაბრუნდნენ იქ, სადაც იყვნენ"

14 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ვლადიმირ ჟირინოვსკის ერთ-ერთი სასაუბრო თემა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი იყო. ჟირინოვსკის განცხადებით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არაღიარებული ტერიტორიებია და ამიტომ აფხაზეთი კრასნოდარის მხარის აფხაზურ რაიონად უნდა იქცეს. ამ უკანასკნელის განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ აფხაზი ექსპერტები და პოლიტიკოსები.

პრესკონფერენციაზე სააგენტო ТАСС-ის ჟურნალისტმა ჟირინოვსკის დაუსვა კითხვა, რამდენად გონივრულია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის ფინანსური დახმარების გაწევა. როგორც რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ამ დღეებში გამოქვეყნებულ წერილშია აღნიშნული, 2019 წლამდე რუსეთმა შესაძლოა, საქართველოს ამ ოკუპირებულ რესპუბლიკებს საკუთარი ბიუჯეტიდან დაახლოებით 15 მილიარდი რუბლი გამოუყოს. ჟირინოვსკის პასუხი კი ასეთი იყო: "ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის პოზიცია არის ის, რომ არცერთ რესპუბლიკას არასდროს არავინ დაეხმაროს".

"ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიას ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს გამოკვეთილი პოზიცია: უნდა შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში რაიონის უფლებებით. აფხაზეთი იქნება კრასნოდარის მხარის რაიონი, სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთის ნაწილი, დნესტრისპირეთი კი ყირიმის ოლქის ნაწილი. ხოლო ამ ტერიტორიების შენახვა თავის ტკივილია. ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგები ვართ ვალების ჩამოწერის და ახლის გაცემის. როგორ უნდა აიღო ფული კრედიტად, თუ გადახდა არ შეგიძლია? ჩვენ ყოველთვის კატეგორიული წინააღმდეგები ვიქნებით პლანეტის ნებისმიერი წერტილს გამოვუყოთ თანხები. ისინი თავად განვითარდებიან, ან შემოვლენ რუსეთის შემადგენლობაში, ანდაც დაბრუნდნენ იქ, სადაც იყვნენ".

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი ბესლან ცვინარია რუს კოლეგას გამოეხმაურა. მისი თქმით, ჟირინოვსკის განცხადებებზე ყურადღების მიქცევა საჭირო არ არის.

"აფხაზეთი იქნება თუ არა კრასნოდარის მხარის, საქართველოს, იტალიის თუ სხვა რომელიმე ტერიტორიული გაერთიანების შემადგენლობაში, ამას არც მე ვწყვეტ და არც ჟირინოვსკი. ამისთვის არსებობს ხალხის ნება".

აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის "ქალები პოლიტიკაში" თავმჯდომარეს, ირინა აგრბას მიაჩნია, რომ ჟირინოვსკის განცხადებებზე ემოციების გამოხტვა არ ღირს. აგრბას განცხადებით, რუსი პოლიტიკოსის ზემოაღნიშნული გამოსვლა წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში უნდა განიხილონ, რადგან 18 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებია დანიშნული.

წყარო