"სააკაშვილს აქ ჩამოსვლა ძალიან ძვირი დაუჯდება" - რას გეგმავს სააკაშვილი?! - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს აქ ჩამოსვლა ძალიან ძვირი დაუჯდება" - რას გეგმავს სააკაშვილი?!

"იმჟამად მოსკოვშიც და ვაშინგტონშიც ხელს აძლევდათ შევარდნაძის სააკაშვილით შეცვლა"

"ეს ნიშანი უნდა იყოს რევოლუციის მსურველთათვის!"

ბოლო ხანს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ბევრს ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ დაპირისპირებების პროვოცირებას და არეულობის მოწყობას გეგმავს. ერთ-ერთი ვერსიით, წინსაარჩევნოდ ვითარების გასამწვავებლად შესაძლოა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის წინააღმდეგაც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ქვეყანაში შემოსვლა სცადოს. ის ბოლო დროს გავრცელებულ ვიდეომიმართვებში საქართველოში დაბრუნებაზე ბევრს ლაპარაკობს. ამ საკითხზე გვესაუბრება ექსპერტი რამაზ საყვარელიძე:

- არეულობის მცდელობაზე განცხადებები, კარგა ხანია, ისმის. გახსოვთ, ალბათ, ე.წ. უკრაინულ ჩანაწერებშიც ფიგურირებდა ეგ თემა. არის თუ არა ეს ჩანაწერები ნამდვილი, ძნელი სათქმელია, თუმცა, ფაქტია, რომ ამგვარი განცხადებები ჩვენში არავის აკვირვებს. ჩვენში იმას კი არ კითხულობენ, გადადგამს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" ასეთ ნაბიჯს, არამედ კითხულობენ, აქვს თუ არა მას ამის რესურსი, ანუ ამ ძალისგან დესტრუქციულ ქმედებებს ელიან, რასაც საფუძველი ნამდვილად აქვს. "ნაციონალები" ხელისუფლებაში მოვიდნენ რევოლუციით, მათ ამის გემო იციან. განსხვავება ის არის, რომ მაშინ ამ რევოლუციაში მათ მხარს უჭერდა ერთი მხრივ აშშ და მეორე მხრივ - რუსეთი. ჩვენ გვახსოვს რევოლუციურ პროცესებში ჩართული აშშ-ის იმჟამინდელი ელჩი მაილზი და რუსეთის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი ივანოვი. იმჟამად მოსკოვშიც და ვაშინგტონშიც ხელს აძლევდათ შევარდნაძის სააკაშვილით შეცვლა. ამგვარ პირობებში რევოლუციის მოწყობა ადვილი იყო, დღეს კი სხვა ვითარებაა. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად სპეციალური რეზოლუცია მიიღო და მოვისმინეთ კონგრესმენთა განცხადებები, რომლებშიც ცალსახად იყო ნათქვამი, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ის აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად რჩება. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ დასავლეთი დღევანდელი საქართველოთი კმაყოფილია. ვნახეთ ხელისუფლებისადმი გამოცხადებული მხარდაჭერა, მოვისმინეთ საქებარი სიტყვებიც... ეს ნიშანი უნდა იყოს რევოლუციის მსურველთათვის! ცხადად ჩანს, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია დასავლეთისთვის მიუღებელია. სტაბილური საქართველო მიიწევს ევროკავშირისა და ნატოსკენ, დესტაბილიზაციის პირობებში კი აქ გააქტიურდება რუსეთი.

დასავლეთი, რომელიც ისედაც შეშფოთებულია მსოფლიოში რუსეთის გავლენის ზრდით, ხედავს ამ საფრთხეს და ამიტომაც მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის სტაბილურობას და განვითარების კურსს, რაც მოვისმინეთ სტოლტენბერგისგანაც. მათ კარგად იციან, რომ დესტაბილიზაციის შემთხვევაში აქ რუსეთის შემოჭრის უფრო მყარი საფუძველი შეიქმნება.

დღევანდელ პირობებში დასავლეთი გვაფრთხილებს, რომ ქვეყანაში რუსეთის გავლენა არ უნდა გაიზარდოს და ამისთვის უზარმაზარ თანხებს გამოყოფს.

როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" რევოლუციურ რესურსზე ლაპარაკობენ, უპირველეს ყოვლისა, ასაწონია საგარეო რესურსი, რაც 2003 წელს გადამწყვეტი იყო და დღეს არც ერთ ძალას არა აქვს, მათ შორის, არც - "ნაციონალურ მოძრაობას". რაც შეეხება საშინაო რესურსს, ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ ძალამ ერთი ისეთი მიტინგი ვერ მოაწყო, როგორიც უნდოდა... მოკლედ, შეიძლება სცადონ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ რევოლუციის მოწყობა. ასეთ ვითარებაში "ნაციონალებს" ისღა დარჩებათ, როგორმე კადრში ბევრი ადამიანი მოახვედრონ და მერე უცხოელებს უმტკიცონ, არჩევნები გაყალბდა და ქვეყანაში საპროტეტო განწყობააო. ამისთვის ქმნიან საფუძველს NDI -ის და IRI - ის კვლევებით და ჯიუტად ამტკიცებენ, თითქოს ამ ორ პარტიას ერთნაირი რეიტინგი აქვს, რაც, ჩემი აზრით, შეუძლებელია. "ქართულ ოცნებას" უნიათობას აბრალებენ, მაგრამ ვერავინ ამბობს, რომ ეს ძალა ადამიანებს ხოცავს და დამნაშავეა. დანაშაულის გამოა, რომ არ იმატებს "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი, მიუხედავად "ქართული ოცნებისადმი"" კრიტიკული დამოკიდებულებისა. შესაბამისად, პერსპექტივა, რომ ხალხი აიყოლიონ და რევოლუცია მოახდინონ, ფაქტობრივად, არ არსებობს.

- შესაძლებელია, რომ არეულობის ინსპირირება სწორედ რუსეთმა დაგეგმოს და განახორციელოს?

- ძნელია დაბეჯითებით მტკიცება, რომ რუსეთს ასეთი გეგმა აქვს, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ აქ დესტაბილიზაცია მოხდება, ამით რუსეთი აუცილებლად ისარგებლებს.

- ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ბოლო ხანს ბევრს იქადნება, რომ წელს საქართველოში დაბრუნდება. გამოითქვა ვარაუდიც, რომ მან, შესაძლოა, დესტაბილიზაციის მცირე კერაც კი გამოიყენოს და აქ დაბრუნებით პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაძაბოს...

- ძალიან მეეჭვება, სააკაშვილმა ეს გაბედოს. ის უკრაინაში მოქმედი და თანაც თვალსაჩინო პოლიტიკური ფიგურაა, აქვს უკრაინული ცხოვრება, რომელიც ჯერჯერობით აშკარად მოსწონს. მეეჭვება, გარისკოს და ამ ყველაფერზე უარი თქვას სრულიად გაუგებარი პერსპექტივის გამო. ვერ ვიტყვით, რომ მას რისკი არ ახასიათებს, მაგრამ, როგორც წესი, არ უყვარს ბრმა რისკი. მან მშვენივრად იცის, რომ თუ აქ ჩამოვა, დაიჭერენ - ამჟამინდელ ხელისუფლებას სხვა გზა არც ექნება... სააკაშვილი ამას არ ჩაიდენს.

ოდესის გუბერნატორმა ისიც კარგად იცის, რომ თუ საქართველოში პროტესტი გამწვავდა, მისი ობიექტი თვითონაც იქნება. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამჟამინდელ ხელისუფლებას სწორედ იმიტომ აკრიტიკებს, რომ სათანადოდ არ მოსთხოვა წინა ხელისუფლებას პასუხი. სააკაშვილს აქ ჩამოსვლა ძალიან ძვირი დაუჯდება.

იხილეთ სრულად