"იმ ხალხზე, ვინც სისხლი მანთხევინა და სასიკვდილოდ გამიმეტა, შურისძიება არც მიფიქრია, კანონს ვარ მინდობილი" - კვირის პალიტრა

"იმ ხალხზე, ვინც სისხლი მანთხევინა და სასიკვდილოდ გამიმეტა, შურისძიება არც მიფიქრია, კანონს ვარ მინდობილი"

"ცემის და სულიერი დასახიჩრების პირველი ეტაპი, რუსთაველის გამზირზე განახორციელეს. ვიდრე თავისუფლების მოედანზე ჩამიყვანდნენ, ფიზიკურად გამისწორდა ათეულობით დაგეშილი ადამიანი"

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისის დარბევის აქამდე უცნობი კადრები გაავრცელა, რომელშიც ჩანს, კუდ -ის იმჟამინდელი ხელმძღვანელი დათა ახალაია. "მეტი დაჭერა, მეტი პრემია", - ეუბნება ახალაია გავეშებულ სპეცრაზმელებს. ასევე ჩანს, თუ როგორ აკავებენ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონს და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორს ლუკა კურტანიძეს. ჩვენ სწორედ მას დავუკავშირდით და გავრცელებულ კადრებზე კომენტარი ვთხოვეთ:

იხილეთ ასევე: "როგორი გავეშებულები მიიწევდნენ მომიტინგეებზე, თითქოს დუშმანს ებრძოდნენ"

- ჩემთვის ამ კადრებში ახალი არაფერი არის, თუმცა იმ საშინელების გახსენება ძალიან გამიჭირდა, რადგან მთელი ეს პერიოდი ვეცადე, რომ მეპატიებინა და დამევიწყებინა ეს ყველაფერი. ცხადია, დანაშაული აუცილებლად, უნდა იქნეს გამოძიებული, არა იმიტომ, რომ მე ვიღაცის დასჯა მინდა, არამედ იმიტომ, რომ აღარასდროს განმეორდეს. დანაშაულზე პასუხი იმიტომ უნდა აგოს დამნაშავემ, რომ სამომავლოდ ხელისუფლებაში ყოფნის ცდუნებამ არ აიძულოს, აკეთონ ის საშინელება, რასაც მაშინ აკეთებდა ხელისუფლება. რაც მე ხელისუფლებაში ვარ, იმ ხალხის ვინც სისხლი მანთხევინა და სასიკვდილოდ გამიმეტა, ვინც ამ ყველაფერს ვიდეოკამერით აფიქსირებდნენ და ამით პრემიებს იღებდნენ, მოძიება და შურისძიება არც მიფიქრია, კანონს ვარ მინდობილი, არცერთი დანაშაული დაუსჯელი არ რჩება, უბრალოდ ზოგის გამოძიებას დიდი დრო სჭირდება, ზოგს - ცოტა.

- ბატონო, ლუკა რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ამ ყველაფრისთვის 4 წელი? მაშინ როცა ამდენი მოწმეა, არსებობს ვიდეო მასალა და სხვა?

- ჩვენ თუ ემოციას ავყვებოდით და ფაქტებს ძიების გარეშე გავცემდით პასუხს, ასობით ადამიანი მოხვდებოდა ციხეში, ასე გავაგრძელებდით იმ მეთოდებით ბრძოლას, როგორც "ნაციონალური მოძრაობა" იბრძოდა ძალაუფლებისთვის. თუ გვინდა სამართლიანი ქვეყნის აშენება, მოთმენა უნდა ვისწავლოთ. აღარ უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში ისე, რომ ადამიანები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ისჯებოდნენ, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ იქნება ის. სხვა ქვეყნებში, პროკურატურა წლობით იძიებს ხოლმე ერთ ფაქტს, ჩვენთან კი რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ათასობით ფაქტის გამოძიება უწევს პროკურატურას, რაც ბუნებრივია დიდ დროს მოითხოვს. რაც მთავარია არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ყველა დანაშაული გამოძიებულ იქნას და ყველა დამნაშავემ კანონის წინაშე აგოს პასუხი.

- გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თქვენ აყავხართ ავტობუსში და ისმის ხმა - პირდაპირ თავში...

- ცემის და სულიერი დასახიჩრების პირველი ეტაპი, რუსთაველის გამზირზე განახორციელეს. ვიდრე თავისუფლების მოედანზე ჩამიყვანდნენ, ფიზიკურად გამისწორდა ათეულობით დაგეშილი ადამიანი. მე მათ ვერც სპეცრაზმელს და ვერც პოლიციელს ვერ ვუწოდებ, რადგან ამით შეურაცხყოფას მივაყენებ ამ სტრუქტურის თანამშრომლებს. ისინი იყვნენ დაგეშილები, რათა ადამიანები სასტიკად ეცემათ. ავტობუსში როცა ავყავდით, მაშინ უკვე დაკავებულების გადაყვანის ეტაპი იწყებოდა, მათ ვინც მოგვყვებოდა ხელში რკინის ხელკეტი და იარაღი ეჭირათ და სიტყვები "პირდაპირ თავში" რას ნიშნავს მიხვდებით ალბათ. როცა ქალაქის სამმართველოში გადაგვიყვანეს იქ დაიწყო ფიზიკური ზეწოლის მეორე ეტაპი, ეს საშინელება იყო, ადამიანები ფიზიკურად და სულიერად გაანადგურეს. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში სპორტს მივდევდი და ფიზიკურადაც საკმაოდ ძლიერი ვარ, პირადად მე, ათეულობით ადამიანი მცემდა, რომელნიც კბილებამდე შეიარაღებული იყვნენ, მათ რეზინის ხელკეტების გარდა სხვა იარაღებიც ჰქონდათ, რომლის გამოყენებაზეც უარს არ იტყოდნენ. მე ხელბორკილები მქონდა და ბუნებრივია მათთვის წინააღმდეგობის გაწევა გამიჭირდებოდა, წინააღმდეგობა რომ გამეწია და მათი შეჩერება მეცადა, აუცილებლად მომკლავდნენ...

წაიკითხეთ ასევე: "სული, გული, ყველაფერი მტკივა"

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)