„ასობით ათას ადამიანს დღესაც არ აძლევენ შინ დაბრუნების უფლებას" - რაზე ილაპარაკა კვირიკაშვილმა გაერო-ში გამოსვლისას? - კვირის პალიტრა

„ასობით ათას ადამიანს დღესაც არ აძლევენ შინ დაბრუნების უფლებას" - რაზე ილაპარაკა კვირიკაშვილმა გაერო-ში გამოსვლისას?

"ოკუპანტების მიერ აღმართული მავთულხლართები და გამყოფი კონსტრუქციები ერთმანეთს აშორებს ქართულ ოჯახებსა და თემებს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მთავრობის მეთაურმა საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავს მტკიცე, ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ჩამოყალიბებას ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან და მის ფარგლებს გარეთ.

„ივლისში საქართველო გახდა ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა და ჩვენი სტრატეგიები, ინსტიტუტები და საბაზრო ნორმები უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს. ჩვენ ვართ ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყანა... თავისი არსით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავს მტკიცე, ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ჩამოყალიბებას ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც გააერთიანებს ომის გამო გახლეჩილ მოსახლეობას და გააუქმებს 21-ე საუკუნეში არსებულ „გლინიკეს ხიდის“ თანამედროვე ვერსიას, რომლის შედეგიცაა ჩვენი ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაცია და ორივე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის ერთმანეთისგან დაშორება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ყურადრება გაამახვილა ოკუპაცის საკითხზეც:

„ასობით ათას ადამიანს დღესაც არ აძლევენ შინ დაბრუნების უფლებას. ჩვენ მადლობას მოგახსენებთ იმ მორალური მხარდაჭერისათვის, რომელიც ასახულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. დადგა დრო, რომ ეს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს.

ოკუპანტების მიერ აღმართული მავთულხლართები და გამყოფი კონსტრუქციები ერთმანეთს აშორებს ქართულ ოჯახებსა და თემებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა განიცდის მუდმივ დისკრიმინაციას და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს. შეზღუდულია მათი გადაადგილებისა და საკუთრების უფლებები. მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობაც კი არა აქვთ.

მე ვგმობ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სახელმწიფო დუმას არჩევნების ჩატარების ფაქტს, როგორც მოსკოვის მხრიდან ანექსიისკენ გამიზნული პოლიტიკის ფარგლებში გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.

ყველაფერი ეს კი ხდება საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის პირობებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეზღუდული საქმიანობის ჩათვლით, რომელსაც უარი ეთქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლაზე“- განაცხადა პრემიერმა

რუსეთ-საქართველოს დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის გარდა, პრემიერმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა. როგორც კვირიკაშილმა განაცხადა, წინასაარჩევნო პერიოდი, რომელიც სამი თვის წინ დაიწყო, მოწმობს, რომ საქართველო რეალურად დემოკრატიულად ვითარდება. პრემიერის თქმით, მთავრობა უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს, „რომელიც გამოირჩევა მედიისა და პოლიტიკური გარემოს თავისუფლებითა და პლურალიზმით, ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით და შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზით“.

„8 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და ჩვენი დემოკრატია მომავალშიც ქვეყნის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა პრემიერმა.

გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა თანამდებობის პირთა დაუსჯელობის პრინციპის გაუქმებაზეც საუბრა.

„ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი ზომები კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად. ჩვენ განვახორციელეთ სასამართლო სისტემის, პროკურატურის, მართლმსაჯულების ეთიკისა და ადვოკატთა პასუხისმგებლობათა ძირეული რეფორმა. ჩვენ გავაფართოვეთ ბრალდებულთა უფლებები და წერტილი დავუსვით ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ თანამდებობის პირთა დაუსჯელობას.

დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე და ყველას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს მართლმსაჯულების სისტემით“ - განაცხადა სესიაზე პრემიერმა

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით