"ფავორიტი არა, მაგრამ ძალიან ბევრი საყვარელი მინისტრი მყავს" - ვინ მოიგო ივანიშვილის გული?! - კვირის პალიტრა

"ფავორიტი არა, მაგრამ ძალიან ბევრი საყვარელი მინისტრი მყავს" - ვინ მოიგო ივანიშვილის გული?!

"ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს მენტალურად იძალადოს მოსახლეობაზე"

საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში მედიასთან შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, საქართველოში უამრავი გაჭირვებულია და ამიტომ ნაკლებად ჩანს მინისტრების ეფექტურობა. თუმცა ყოფილ პრემიერს არ გაუჭირდა საყვარელი მინისტრების დასახელება:

"ფავორიტი არა, მაგრამ ძალიან ბევრი საყვარელი მინისტრი მყავს - ნახეთ, როგორ მუშაობს დიმიტრი ქუმსიშვილი, დავით სერგეენკო, თუ გინდათ, კახა კალაძე... მინისტრებს შორის გრადაცია შეიძლება გააკეთო მენეჯმენტით და პროფესიონალიზმით, მაგრამ სტანდარტებს ყველა იცავს. რამდენსაც გინდა, იმდენს დავასახელებ"

ივანიშვილი შეეხო "ნაციონალური მოძრაობის" ახალ საარჩევნო კამპანიას და როგორც მან განაცხადა: "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს მენტალურად იძალადოს მოსახლეობაზე".

"შეიძლება მოსახლეობას ჩვენ წინ ვეღარ დავუდგეთ და მოგვიწიოს ამ პარტიაზე საუბარი, რაც იქნება ძალიან მძიმე. ეს იქნება ცუდი ქვეყნის იმიჯისთვის. ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო ვიღაცა და ამიტომ უნდა დავსაჯოთ - ასეთი მიმართულებით წასვლა არ აწყობს პირველ რიგში საზოგადოებას და არც ქვეყანას. ასე არ შეიძლება, რომ კაცი მხოლოდ იმიტომ გავრიყოთ, რომ ადრე სადღაც დადგა"

"დღეს ისევ მენტალურად ცდილობენ იძალადონ საზოგადოებაზე, არ არის ჩვენი საზოგადოება ასე გამოთაყვანებული", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩნოსნების, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე:

"საზოგადოებაში ჩნდება ისევ განცდა, რომ მათ პასუხი ვერ აგეს. რაც გაკეთდა გავაკეთოთ ამის ანალიზი: პრეზიდენტი დევნაშია, პრემიერ-მინისტრი ციხეშია, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ქალაქის მერი ციხეში არიან, მთავარი პროკურორი დევნაშია. თუ თქვენ ერთ პრეცენდენტს დამისახელებთ მსოფლიო ისტორიაში, რომ ამდენი მაღალი რანგის ჩინოვნიკი დასჯილიყოს ქვეყანაში და ამ დროს ჩვენი პარტნიორები, ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიულად აფასებენ ქვეყნის განვითარების პროცესს"

"რა თქმა უნდა, "ლეიბორისტული პარტია "ნაციონალურ მოძრაობაზე" უარესია, იმიტომ რომ მათ ემსახურება და ამ დროს კიდევ ცრუობს, რომ იქ არაა. ორმაგი დანაშაული გამოდის",- განაცხადა ივანიშილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ყოფილმა პრემიერმა მესამე სექტორიც შეაფასა:

"რომელი მესამე სექტორი?! ის მესამე სექტორიც ხომ დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოება მათ, უკაცრავად და გარყვნეს, ისეთ ხალხი შედის და ისეთ ნიშას იკავებენ, რომ ისეთი აგრესიული "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც არ არიან, ძალიან ხშირად. ალბათ, "პაგონებიანმა" გიგაურმა თქვა. იქ ფულზე რომ იყო საუბარი, გიგაურმაც მიიღო "პაგონები" მაგ დროს - მე არ ვიცი ეს ჭორები, მაგრამ უწერენ მაგასაც. მე მესამე სექტორს კი არ ვაკრიტიკებ, მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს ვაკრიტიკებ. ამ სექტორს ნუ აბინძურებენ, გამოვიდნენ და დაირქვან სახელი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

"ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ შეფასებას ეხებოდა, ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ "რესპუბლიკური პარტია" პინგ-პონგს თამაშობს:

"ჩემი აზრით, მე "რესპუბლიკური პარტიის" ამომწურავი შეფასება გავაკეთე და ახლა პინგ პონგის თამაშის დრო არა მაქვს, რომ მაგათ ყველა განცხადებაზე პასუხი გავცე. მე ამომწურავად შევაფასე "რესპუბლიკური პარტია" და საკმარისია. მათთან უამრავი, უფრო სერიოზული კითხვებია. პინგ-პონგის თამაში უნდათ და მე მაგისთვის არ მცალია. მაგათ მეტი საქმე არ აქვთ, როგორც ჩანს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რესპუბლიკელებთან დაკავშირებით

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით