"ამომეწურა დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი" - რას წერდა დავით უსუფაშვილი ივანიშვილისა და კვირიკაშვილის?! - კვირის პალიტრა

"ამომეწურა დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი" - რას წერდა დავით უსუფაშვილი ივანიშვილისა და კვირიკაშვილის?!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ყოფილი და მოქმედი პრემიერების, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს.

წერილში უსუფაშვილი ადრესატებს წერს, რომ სასწრაფოდაა გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი. მისივე შეფასებით, ეს არის ნომერ პირველი კოალიციური, სახელისუფლებო და სახელმწიფო ამოცანა.

წერილში საუბარია "რესპუბლიკელებთან" ურთიერთობაზე. უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში მას პრაქტიკულად ამოეწურა "დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი".

დავით უსუფაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონო ბიძინა, ბატონო გიორგი,

ალბათ მოგაბეზრეთ კიდეც თავი ჩემი პრობლემური წერილებით, მაგრამ მაინც გწერთ და დარწმუნებული ვარ, რომ არ ვაჭარბებ პრობლემის დასმაში...

ბატონ ბიძინასთან ხანგრძლივი და კომპლექსური კონსულტაციების შემდეგ, ჯერ კიდევ 2015 წლის მარტ-აპრილში შევთანხმდით, რომ კოალიცია საარჩევნო რელსებზე უნდა გადაგვეყვანა 2015 წლის 1-ელი სექტემბრიდან, რათა წელგამართული შევხვედროდით არჩევნებს. კოალიციის საყრდენად კი მოაზრებული იყო რეფორმირებული პარტია "ქართული ოცნება" და "რესპუბლიკური პარტია", ცხადია, კოალიციაში სხვა სუბიექტების არსებობითაც.

მრავალი მიზეზის გამო, პროცესი გაჭიანურდა და ნოემბერში დაისვა პრემიერის შეცვლის საკითხიც. ბუნებრივია, საარჩევნოდ გადაწყობის პროცესი უნდა დალოდებოდა ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას. გაჩნდა იმის შანსიც, რომ სწორედ ახალი პრემიერის პოლიტიკურ სცენაზე შემოსვლას დამთხვეოდა კოალიციის საარჩევნოდ გადაწყობის პროცესიც.

განვლილ ორთვენახევარში პრემიერის თითქმის მთელი დრო და ენერგია წაიღო უაღრესად საშურმა სამთავრობო საქმეებმა. პარალელურად კოალიციის დამფუძნებელმა გადაწყვიტა კოალიციურ-პოლიტიკურ-საარჩევნო საქმეებიდან მაქსიმალური დისტანცირება. შედეგად მივიღეთ გარკვეული ვაკუუმი კოალიციის პოლიტიკურ მენეჯმენტში და მიმდინარე პოლიტიკური პროცესიც და კოალიციის საარჩევნოდ გადაწყობის პროცესიც წარიმართა ძირითადად თვითდინებით, სხვადასხვა მხრიდან წამოსული თვითდამაზიანებელი ინდივიდუალური ინიციატივებით და კონტრ-ინიციატივებით. ეს მაშინ, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სწორედ კონსოლიდაცია, დისციპლინა და მონოლითურ გუნდად წარმოჩენაა გადამწყვეტი მნიშვნელობის ამოცანა.

დღევანდელი მდგომარეობით, ჩემი შეფასებით, ვითარება პრაქტიკულად გამოსულია კონტროლიდან და ყოველდღე შეიძლება მივიღოთ ახალ-ახალი უკიდურესად დამაზარალებელი სიურპრიზები სხვადასხვა მხრიდან. გარკვეული გაგებით, დღეს მე ვეღარც მართალს ვხედავ ვინმეს და ვეღარც მტყუანს. ეს ის ვითარებაა, როცა ყველას თავისი სიმართლე აქვს, იმიტომ, რომ ერთიანი გუნდის განცდა მინიმუმის ნიშნულზეა და "ყველა თავისას ცდილობს, რას ერჩი"... (სხვათა შორის, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი უნებურად სწორი ტაქტიკა გამოვიდეს - არჩევნებამდე დარჩენილი დროის ცაიტნოტის და "ფუტკრის აშლილი სკის" სინდრომის ერთობლიობამ შესაძლოა სწრაფ და ეფექტურ დალაგებამდე მიგვიყვანოს...)

ასეა თუ ისეა, 6-7 თვის დაგვიანებით, სასწრაფოდაა გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი და, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის ნომერი პირველი კოალიციური, სახელისუფლებო და სახელმწიფო ამოცანა. ცხადია, ამ საკითხში კოალიციის დამფუძნებელს და კოალიციის დღევანდელ ლიდერს ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვაც, ინიციატივაც და პასუხისმგებლობაც. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები და შეწყვიტოთ კოლექტიური კოალიციური თვითდაზიანების პროცესი. საკითხს მრავალი სასწრაფოდ მოსაგვარებელი ასპექტი აქვს ("ქართული ოცნების" შიდა პარტიული რეფორმა, კოალიციის დღევანდელ თუ მომავალ პარტნიორებთან მიმართება, საარჩევნო შტაბი, კანდიდატები და ა.შ), მაგრამ ამ ეტაპზე მე მათზე ერთნაირი დოზით ვერ მექნება ვერც მოსაზრებები და ვერც ინიციატივები. მაგრამ ერთ კონკრეტულ ასპექტზე - "რესპუბლიკელებთან" ურთიერთობაზე - ვალდებული ვარ დაუყოვნებლივ მოგმართოთ:

• თუ ძალაშია შარშან აპრილში კოალიციის დამფუძნებელთან მიღწეული ზოგადი შეთანხმება, რომელიც დადასტურებული იქნა კოალიციის ლიდერის მიერ ერთი კვირის წინ, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა დავსხდეთ და საჯარო აჟიოტაჟის გარეშე დავაკონკრეტოთ რას და როგორ ვგეგმავთ.

• თუ რაიმე მიზეზის გამო ეს ზოგადი შეთანხმება აღარ არის ძალაში, მაშინ მაინც დაუყოვნებლივ უნდა დავსხდეთ და ყველაფერი ვიღონოთ, რათა ისე გავიყაროთ, რომ ქვეყნის ინტერესებს რაც შეიძლება ნაკლები ვავნოთ.

მე პირადად ეჭვი არ მეპარება თქვენს გულწრფელ სურვილში, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ შრომა და ბრძოლა, მაგრამ დღეს სხვა ინტერესების მქონე მოთამაშეები უფრო ქმნიან ამინდს. მაგალითად, ერთი კვირის წინ პრემიერთან შეხვედრისას შეჯერებული გეგმა და მესიჯი სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე შემდეგ დღეებში სხვების აქტიურობით პრაქტიკულად გაშარჟდა...

ვხედავ, რომ ყოველი დაყოვნებული დღე უფრო და უფრო ართულებს შესაძლო შეთანხმებასაც და შესაძლო ცივილურ გაყრასაც. არც "ოცნება" და არც "რესპები" არ ვართ დაკომპლექტებული არც ანგელოზებით და არც ბისმარკებით. რაც ვიყავით ამ ოთხწელიწადნახევრის განმავლობაში, ისევ ის ვართ. მაგრამ ახლა ვითარება იმდენად დაძაბული და გაურკვეველია, რომ ყველა საჭიროდ მიიჩნევს თადარიგის დაჭერას უარესი სცენარისთვის. სხვადასხვა მხრიდან ამგვარი თადარიგების დაჭერებით კი მივექანებით სწორედ რომ ყველაზე უარესი სცენარისკენ - არჩევნებამდე არაცივილური გაყრისკენ.

მე პირადად, არაცივილურ გაყრაზე და ქვეყნისთვის მის შედეგებზე ფიქრიც კი არ მინდა, მაგრამ შესაძლოა, ერთმანეთს აცდენილმა და ერთმანეთისთვის დროზე ვერ ახსნილმა კეთილი განზრახვების ერთობლიობამ სწორედ აქ მიგვიყვანოს... მინდა გულწრფელად გითხრათ და მინდა იცოდეთ, რომ შექმნილ ვითარებაში მე პრაქტიკულად ამომეწურა დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი.

ორივეს უმორჩილესად გთხოვთ, იმოქმედოთ დაუყოვნებლივ... თუ საჭირო გავხდი, შაბათს და კვირას თქვენს განკარგულებაში ვარ", - წერს დავით უსუფაშვილი.

აღნიშნული წერილი პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია გუშინ, "იმედის" ეთერში წაიკითხა, მანამდე კი განაცხადა, რომ მას ბრალი დასდეს ტყუილში, სიცრუეში, არაკაცობაში, უსაქმურობაში და ეს გრძელდება ყოველდღე. უსუფაშვილის განცხადებით, ამის მოთმენას აღარ აპირებს.

"დღეს მე მოვისმინე ბრალდებების ახალი კასკადი ჩემი კოლეგების მხრიდან, რომელზე პასუხის არგაცემა უკვე აღარ შეიძლება. ლაპარაკია ქვეყანაზე, ლაპარაკია სახელმწიფოზე, ლაპარაკია ჩემზე პირადად, პარლამენტის თავმჯდომარეზე, ჩემს ღირსებაზე და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. მე ბრალი დამდეს ტყუილში, არაკაცობაში, სიცრუეში, უსაქმურობაში და ეს გრძელდება ყოველ დღე. მე ამის მოთმენას აღარ ვაპირებ. არ ვაპირებ იმიტომ, რომ არჩევნებია და ამომრჩეველმა უნდა განსაჯოს ყველაფერი თავისი თვალით და თვითონ უნდა გაარკვიოს რაშია საქმე.

ამიტომ, დღეს გაგაცნობთ ერთ დოკუმენტს, იმ მრავალთაგან, რომელიც მეტყველებს ძალიან ნათლად, ვინ აზროვნებს სახელმწიფოებრივად, ვინ ზრუნავდა კოალიციაზე, ქვეყანაზე, სახელმწიფოზე და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე, როდესაც პირადად ჩემი და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირება, დიახაც არის უკიდურესად არასასურველი ამ ქვეყანაში. მაგრამ რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, რატომ დაიჯერა მან, რომ "დიდი ბიჭია, დიდი კაცია" და შეუძლია გადაუაროს პატარებს და ვიღაცეებს, ვინც "პატარა კაცებად" მიაჩნია. არანაირ პოლიტიკურ "პინგ-პონგში" მე არ ჩავრთულვარ. მან ოთხი გადაცემა მომიძღვნა პირადად მე და "რესპუბლიკურ პარტიას", გვიწოდა ყველაფერი, ახლა მოისმინეთ სინამდვილე რაშია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა, რომელმაც ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან და გიორგი კვირიკაშვილთან, 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილი წერილი წაიკითხა.