"მაყურებელი დაიღალა ერთი და იგივე მსახიობებისა და სპექტაკლების ყურებით" - "პროტესტის" პროტესტი - კვირის პალიტრა

"მაყურებელი დაიღალა ერთი და იგივე მსახიობებისა და სპექტაკლების ყურებით" - "პროტესტის" პროტესტი

კიაზო ჯობავამ თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა, პროფესიით მსახიობი და რეჟისორია, აქამდე სხვადასხვა თეატრში მოღვაწეობდა, თუმცა ამჟამად თავისივე დაარსებულ თეატრში ახალი სეზონის გახსნისთვის ემზადება, რომელსაც სახელად "პროტესტი" ჰქვია. რატომ გადაწყვიტა ახალი დასის ჩამოყალიბება, თან ასეთი სახელით, ამაზე კიაზო ჯობავა გვესაუბრება.

- არასოდეს მქონია რეჟისორობის სურვილი, მინდოდა მსახიობობა და სცენაზე დგომა. თეატრის შექმნის იდეა სრულიად მოულოდნელად გამიჩნდა, ერთ დღესაც გადავწყვიტე გამეკეთებინა საკუთარი თეატრი, სადაც ახალგაზრდა მსახიობებს დავასაქმებდი, რადგან, ვფიქრობ, რომ მაყურებელი დაიღალა ერთი და იგივე მსახიობებისა და სპექტაკლების ყურებით.

- რითი იქნება განსხვავებული თქვენი თეატრი სხვა თეატრებისგან?

- მოგეხსენებათ, რომ ყველა თეატრში აუცილებელია მსახიობისთვის დიპლომის ქონა, ჩვენთან კი ასე არ არის. ასევე, ბილეთების ფასი განსაზღვრული არ იქნება, რადგან თეატრი საქველმოქმედოა და ყველა სურვილისამებრ გადაიხდის საფასურს.

თეატრს არ ექნება კონკრეტული მისამართი, რადგან, ვაპირებთ, სხვადასხვა რეგიონებში სიარულს და იქაურ თეატრებში თამაშს. მინდა აღვნიშნო, რომ 13 ივლისს გვქონდა პრემიერა მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ეროვნულ ცენტრ "მუზაში", სადაც ჩვენმა სპექტაკლმა "ათვინიერებენ მიმინოს" დიდი მოწონება დაიმსახურა.

- საინტერესოა, რატომ შეარჩიეთ ეს სახელი, რას აპროტესტებთ?

- ვაპროტესტებთ უსამართლობას ნებისმიერ სფეროში. ჩემთვის მთავარია ადამიანი იყოს ნიჭიერი და არ აქვს მნიშვნელობა ექნება თუ არა მას მსახიობის დიპლომი. თეატრალურ უნივერსიტეტში შეიძლება ისწავლო ბევრი რამ თეორიულად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ბევრი ნიჭიერი ადამიანი ვერ აგრძელებს სწავლას სხავდასხვა მიზეზების გამო, ასეთ შემთხვევაში მას უნდა ჰქონდეს საკუთარი ნიჭის რეალიზაციის საშუალება.

- როდის ხსნით სეზონს?

- 28 სექტემბერს, თეთრიწყაროს რაიონში, დათვების ტყე-პარკში. გვყვავს მოწვეული სტუმრები. სეზონის გახნაც იქნება საქველმოქმედო, სადაც შემოსული თანხას გადავცემთ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს.

- რატომ გადაწყვიტეთ, რომ სეზონის გახსნა გქონოდათ დათვების ტყე-პარკში?

- ბევრმა ალბათ არც იცის, რომ დათვების ტყე-პარკი ეს არის მე-19 საუკუნის ღია ცის ქვეშ აშენებული თეატრი, სადაც ტარდებოდა ფოლკლორული ღონისძიებები, ასევე იქ ადიოდნენ ცნობილი მწერლები და პოეტები და აწყობდნენ საღამოებს, თუმცა წლებია ეს ადგილი მიტოვებულია, რაც ძალიან სამწუხაროა. მეეჭვება, რომ კულტურის სამინისტრო ამას ყურადღებას აქცევდეს, რადგან ჩემი თვალით ვნახე როგორ გამოიყურება იქაურობა. იქ ამჟამად ფიზიკურად შეუძლებელია ჩატარდეს რაიმე ღონისძიება, თუმცა, ჩვენი თეატრალური ჯგუფი ვიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ იქაურობა მოვაწესრიგოთ.

მინდა, კულტურის სამინისტროს მივმართო და ვუთხრა, რომ ასეთი ადგილის მიტოვება არ შეიძლება!

- არის ვინმე ვინც გეხმარებათ ამ ყველაფრის ორგანიზებაში?

- ჩვენი პროდიუსერია როინ ჩიტუაშვილი, რომელმაც გადაწყვიტა ამ ტყე-პარკის აღდგენა. მისი მეშვეობით ვხსნით 2016 წლის სეზონს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით. ჩვენს გვერდში დგას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ბატონი დიმიტრი ჯაიანი, ასევე გალის რესურსცენტრის განყოფილების გამგე ნონა შონია, რომელმაც გამოგვიყო სარეპეტიციო დარბაზი სოხუმის მოზარდმაყურებელთა პროფესიულ თეატრში.

მარიამ კაპანაძე (სპეციალურად საიტისთვის)