მიხეილ სააკაშვილი: "ჟვანიას გარდაცვალება იყო ჩემთვის დიდი დარტყმა, კარგა ხანს ვერ მოვდიოდი გონზე" - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი: "ჟვანიას გარდაცვალება იყო ჩემთვის დიდი დარტყმა, კარგა ხანს ვერ მოვდიოდი გონზე"

"მომენატრეთ ყველა, ივანიშვილის გარდა"

მიხეილ სააკაშვილი არჩევნების მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებულად ცდილობს გააქტიურებას საქართველოში. "რუსთავი 2" - ის ეთერის გარდა, ის უკვე სოციალურ ქსელშიც ძალიან აქტიურია.

ის პირდაპირი ეთერით ჩაერთო "ფეისბუკის" პირად გვერდზე და სოციალური ქსელის მომხმარებლების შეკითხვებს უპასუხა. ის გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ 2011 წლის 26 მაისის უცნობი კადრების გავრცელებასა და რიგი ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის ამჟამად ოდესის პოლიციის უფრსის გია ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენებას.

"ყურით მოთრეული თემაა. სინდისიც კარგი საქონელია, რა შუაში იყო იქ ლორთქიფანიძე. ალბათ უნდათ, რომ ლორთქიფანიძე შეაშინონ, რომ საქართველოში არ ჩავიდეს, მაგრამ მას ვერ შეაშინებენ", - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ლორთქიფანიძე მაშინ უფროსი და გადაწყვეტილების მიმღები არ იყო.

სააკაშვილის მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად მოიგებს არჩევნებს და მისი გაყალბების საშუალება არავის მიეცემა:

"ბიძინა ივანიშვილს არ შეუძლია, რომ რაღაც არ გააყალბოს და არ იმანიპულიროს, მაგრამ არსებობს უამრავი მექანიზმი, იქნება ეგზიტპოლი. "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლი ხომ იქნება. 2012 წელს კომისიის ინფორმაციას კი არ დაველოდე, "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლის შედეგები ვნახე და მაშინ გამოვაცხადე, რომ წავაგეთ. ყველამ იცის, რომ "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლის შედეგები იქნება მართალი. როცა მივალთ არჩევნებზე, ვუთხრათ სიმართლე, ეს შეიკრიბება დიდ მდინარედ, რომელიც შემდეგ იქცევა წარღვნად ივანიშვილისთვის", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

"დაჭერები დაივიწყეთ!" - ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ერთ-ერთ მომხმარებელს, რომელიც დაინტერესდა, თუ ვის დაიჭერდა სააკაშვილი ხელისუფლების დაბრუნების შემთხვევაში.

"არავინ არ არის დასაჭერი. დაჭერები დაივიწყეთ. არ მოგბეზრდათ ეს შოუეები? ივანიშვილს პროკურატურის ბრიფინგების მეტი არაფერი უკეთებია. პროკურატურაში ყოველ დღე ახალი ბრიფინგი, კადრები, კასრები, ცოცხები. დავივიწყოთ ეს ყველაფერი, როგორც კოშმარული სიზმარი", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, "ფეისბუკზე" არ იგებენ არჩევნებს, "წადით არჩვენებზე და მოვიგებთ არჩევნებს"! - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ისაუბრა ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზეც და ძველებურად განაცხადა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო: "ჟვანიას გარდაცვალება იყო ჩემთვის დიდი დარტყმა, კარგა ხნას ვერ მოვდიოდი გონზე".

დასასრულ ოდესის გუბერნატორმა განაცხადა, რომ დანარჩენს ის უკვე საქართველოში ისაუბრებს: "მომენატრეთ ყველა, ივანიშვილის გარდა".

იხილეთ ასევე: "სააკაშვილს აქ ჩამოსვლა ძალიან ძვირი დაუჯდება" - რას გეგმავს სააკაშვილი?!