"საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო, ისეთივე დარჩა ამ 4 წლის განმავლობაში" - კვირის პალიტრა

"საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო, ისეთივე დარჩა ამ 4 წლის განმავლობაში"

24 სექტემბერს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ორგანიზაცია ”მოქალაქის” ინიციატივით ფორუმი ”ეკონომიკური განვითარება - მიღწევები და პერსპექტივები" გაიმართა. ფორუმს ბიზნესმენებთან და ეკონომისტებთან ერთად, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

ექსპრემიერმა ეკონომიკური ფორუმის მოწვევის რამდენიმე მიზეზი დაასახელა. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიების მოწვევის აზრი პირველ რიგში არის ის, რომ საზოგადოებას უჭირს მთავრობის ეკონომიკურ მიღწევებზე ანალიზის გაკეთება. მისივე თქმით, ფორუმის მოწვევის მეორე დანიშნულება არის ის, რომ ბიზნესთან ერთად გამოინახოს უფრო სწორი გზები ეკონომიკის განვითარების.

როგორც ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა განაცხადა, "საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო, ისეთივე დარჩა ამ 4 წლის განმავლობაში".

"მათ ძალიან უჭირთ შეაფასონ მთავრობის და გარდაქმნების როლი, ძალიან უჭირს კაცს, რომელსაც არ ჰქონდა სამსახური და არ აქვს დღესაც, ასეთი კი ბევრია. როგორც არ ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სამსახური ისევე არ გააჩნია დღესაც, შემოსავალიც მნიშვნელოვნად არ გაზრდია, ან საერთოდ არ გაზრდია ძალიან ბევრს".

”ბიზნესმენები რა დღეში იყავით ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ყველანი ვცდილობდით და ვახერხებდით ეს სირცხვილი არ იყო, რომ რაღაც ხაზი გვქონოდა ვიღაცასთან, რომ რამე არ მოგვსვლოდა. დღეს ასეთი ხაზები მოიძებნება მხოლოდ იმისთვის, რომ მთავრობა ვაიძულოთ რომ თქვენ ლობირება გაგიწიოთ სწორი მიმართულებით განვითარებაში. ამ მხრივ კვირიკაშვილი და მთელი მთავრობა მოწოდებულია და არ მგონია ვინმეს რაიმე პრეტენზია გაგაჩნდეთ. სწორედ ისეთი მთავრობაა დღეს, როგორიც სჭირდება ბიზნესს. არ იფიქროთ, რომ თქვენს საკრიტიკოდ მოვედი. დღეს ბიზნესიც თავის სიტყვას ამბობს”.

ბიძინა ივანიშვილმა მიმართა ბიზნესს და აღნიშნა, რომ სწორედ ბიზნესსექტორია ის, ვისაც ყველაზე კარგად გაეგება ეს საკითხი და არის ყველაზე კარგი შემფასებელი.

”ამ მხრივ შესაძლებლობები გაქვთ, მაგრამ მე მაქვს კითხვა, რამდენად აქტიურობთ თქვენ? ფაქტია, რომ ანალიზის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ რამდენად ეხმარებით საზოგადოებას, რამდენად აქტიურები ხართ ამ მიმართულებით, რამდენად ცდილობთ, რომ თქვენც განუმარტოთ და თქვენი წვლილი შეიტანოთ არჩევნებში. მე მაქვს ეს შეკითხვა. შეკითხვა არასდროს დამისვამს. 2012 წელს, როდესაც არჩევნები ჩატარდა, 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში მოვედი არასდროს არ მომიკითხავს ბიზნესი განსაკუთრებით და არასდროს დამისვამს მსგავსი შეკითხვა - რას აკეთებს ბიზნესი? რამეთუ გარკვეულ მიზეზებს მე გაგებით ვეკიდებოდი. დღეს მინდა დავსვა ეს კითხვა - ჩაიხედეთ თითოეულმა თქვენს თავში, ვინც აქ ხართ და ვინც არ ხართ. რამდენად აქტიურები ხართ თქვენ დღეს, რამდენად ცდილობთ განუმარტოთ თუ გინდა თანამშრომლებს, თუ გინდა ფართო საზოგადოებას ის გარდაქმნები, რაც მოხდა ქვეყანაში, ან თქვენ თვლით, რომ სხვანაირად არაფერი მომხდარა და არაფერი განსამარტი არ არის”,

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ბევრი პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული ექსპერტი ცდილობს, რომ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა აკრიტიკოს და ამ ფორუმზე დასწრებას თავს არიდებს.

”პერსონალურად დაპატიჟეს დღესაც გოცირიძე და მისთანანი, ვინც ექსპერტობას იბრალებენ და რეალურად წევრად წარმოგვიდგა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“. ამაში ცუდი არაფერია”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ რომან გოცირიძემ დღეს თავად დაპატიჟა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ასევე ეკონომიკურ ფორუმზე, ბიძინა ივანიშვილის თქმით, რომან გოცირიძემ ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა.

”ეს იმას ჰგავს, რაზეც ახლა შრომობს პრემიერი. კვირიკაშვილის ინიციატივა იყო, არ ვიცი რამდენმა მოაწერა ხელი, რომ ერთი პარტიის ღონისძიებაზე მეორე პარტიის წარმომადგენლები არ მივიდნენ და დებოში არ ატეხონ. ახლა გოცირიძემ ეს ხერხი იხმარა და ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა. ის ერთი-ორჯერ შემოძვრა აქ, რომ ნახა მე ვიყავი, იმ წუთას გაიპარა. ვერავითარი გამოსვლა ვერ მოახერხა. გარეთ გააკეთა კომენტარი, შიგნით - არა. ბიზნესთან ამას ვერ ბედავს პროფესიონალებთან და ცდილობს ხომ ხალხი, რომელსაც ეკონომიკური განათლება არ აქვს სიბნელეში ამყოფოს. მისი ყველა გამოსვლა სიცრუეზეა დაფუძნებული. დღევანდელი ტრიუკი თუ ასეა, რომ თითონ დაიწყო ფორუმის დაფუძნება არჩევნებამდე 2 კვირით ადრე მხოლოდ სასაცილოა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს უპასუხისმგებლო ხალხის ცდილობს ადამიანებს, რომლებსაც დღეს მართლა უჭირთ საქართველოში და ქვეყანაში ბევრი გაჭირვებულია, თუმცა ამაში არ არის ხელისუფლების დანაშაული, ეს ჩვენი ხვედრია ბოლო წლების, ათწლეულების. ამ ხალხს დაანახონ, ეს ყველაფერი მთავრობას დააბრალონ და ამით პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ. ამას ვერ ახერხებენ და აქ ვერ მოდიან, რადგან არ აქვთ სათქმელი".

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით