"სააკაშვილმა მითხრა, რომ უნდა დაგვეწყო საპროტესტო აქციები, მოხდებოდა უწყებების ბლოკირება და ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყოლოდა მსხვერპლი" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილმა მითხრა, რომ უნდა დაგვეწყო საპროტესტო აქციები, მოხდებოდა უწყებების ბლოკირება და ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყოლოდა მსხვერპლი"

26 სექტემბერს, „თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის უკვე ყოფილმა წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს და იმ დავალებებზე ისაუბრეს, რაც მათივე თქმით უკრაინიდან საქართველოში იგეგმებოდა.

„თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარის, ბესო კალაძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციაა მოსალოდნელი და ამაში ის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.

„ორგანიზაციის „საქართველოს ერთგულების სახელით“ მთავარი მიზანი იქნება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა. აგვისტოს თვიდან პარტიულ შეკრებებზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციას აპირებს. მე ოდესაში მითხრა სააკაშვილმა, რომ ინსტრუქციებს შუამავლის მეშვეობით მივიღებდით. არჩევნების გაყალბების სახელით უნდა დაგვეწყო საპროტესტო აქციები. ხალხი გვეიძულებინა, ქუჩაში გამოსულიყო. მოხდებოდა სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყოლოდა მსხვერპლი. მე სააკაშვილს ამ დიალოგის დროს დავთანხმდი, რადგან უკრაინიდან მშვიდობით მინდოდა წამოსვლა“, - განაცხადა ბესო კალაძემ.

კალაძის თქმით, თუ მისი გუნდის რომელიმე წევრს რაიმე დაემართება, მთელ პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.

„მე ვაფრთხილებ „ნაციონალურ მოძრაობას“: თუ ჩემი გუნდის რომელიმე წევრს რაიმე დაემართება, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ „ნაციონალურ მოძრაობას“. მე ვაფრთხილებ საზოგადოებას: არ აჰყვნენ პროვოკაციას და „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ წევრებს ვთხოვ დატოვონ ეს უკვე დანაშაულებრივი ორგანიზაცია“, - განაცხადა ბესო კალაძემ.

„თავისუფალი ზონის“ უკვე ყოფილი წევრები უახლოეს დღეებში ბრიფინგის გამართვას გეგმავენ, სადაც დეტალურად ისაუბრებენ, თუ რა იგეგმებოდა უკრაინიდან საქართველოში 9 ოქტომბერს.

ბესო კალაძის გარდა დღეს ”თავისუფალი ზონის” დატოვების შესახებ განცხადება ორგანიზაციის წევრებმა: მარიამ კოხრეიძემ, ირაკლი ქომეთიანმა, ქრისტი კვარაცხელიამ, გიორგი არჩვაძემ, ლანა აბრამაშვილმა, დევიდ ლაბაძემ, თამუნა კეკელიძემ, გიორგი ჭინჭარაულმა და ნინო ახალმოსულიშვილმა გააკეთეს.

ყოფილი წევრების განცხადებას უკვე გამოეხმაურა "თავისუფალი ზონის" მოქმედი წევრი დავით გოგოხია. მისი განცხადებით, იმ პირებზე, რომლებმაც დღეს ორგანიზაცია „ვითომდა დესტაბილიზაციის მოწყობის დავალების გამო დატოვეს“, ზეწოლა განხორციელდა.

მისივე თქმით, ”ივანიშვილის რეჟიმი” აგონიაშია და აბსურდული სპექტაკლებით ცდილობს თავის გადარჩენას.

ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახური, რომლის ნომერ პირველი მოვალეობაა ქვეყნის უსაფრთხოება, დაკავებული იყოს თავისი პირდაპირი საქმიანობის განხორციელებით, დაკავებულია ასეთი ბინძური საქმეების კეთებით, დაშანტაჟებით, მოსყიდვის გზით ახალგაზრდების გადაბირებით, ახალგაზრდების ბინძურ პროვოკაციებში ჩართვით. ეს ყველაფერი აჩვენებს ძალიან ნათელ სურათს, რომ ივანიშვილის რეჟიმი აგონიაშია, მაგრამ ეს ძალიან მალე დასრულდება. ორი კვირა დარჩა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებამდე და ის აბსურდული სპექტაკლებით ცდილობს თავის გადარჩენას. 2 კვირაში ივანიშვილის რეჟიმი აღარ იქნება საქართველოში , ის გადავა ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით“, - განაცხადა გოგოხიამ.

როგორც ცნობილი გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრები, რომლებმაც ორგანიზაციის დატოვების მიზეზებთან დაკავშირებით დღეს ხმაურიანი განცხადება გააკეთეს, გამოკითხვაზე დაიბარა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით