"წელს სააკაშვილთან სატელეფონო საუბარი არ მქონია" - "სუს-ი, მუსი, პუსი ყოველდღიურად გვისმენს რას ვაკეთებთ, რა რევოლუციაზეა საუბარი?" - კვირის პალიტრა

"წელს სააკაშვილთან სატელეფონო საუბარი არ მქონია" - "სუს-ი, მუსი, პუსი ყოველდღიურად გვისმენს რას ვაკეთებთ, რა რევოლუციაზეა საუბარი?"

27 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ.

აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

უფრო კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რევოლუციური სცენარი სწორია, თუმცა თუ ეს არ გამოვა, კოალიციებისთვის უნდა მოემზადონ, რასაც ექს-პრეზიდენტი არ ეთანხმება. (იხილეთ: "აქ მოხდება... კადაფი"! "ივანიშვილის სახლი არის ასათვისებელი"! - რაზე ლაპარაკობენ, სავარაუდოდ, სააკაშვილი და "ნაცმოძრაობის" წევრები?!)

გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკვე გამოეხმაურნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.

"ასეთი უნიჭო მონტაჟებით სურს ივანიშვილს თავისი გარდაუვალი დამარცხების თავიდან აცილება? ჩვენი ხალხის გასულელება არ გამოუვა!" - დაწერა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუკში".

აკაკი ბობოხიძე ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ რევოლუციისთვის მზადებას კატეგორიულად უარყოფს. ამასთან, აცხადებს, რომ პარტია საარჩევნოდ ხმებს დაიცავს, ისევე როგორც ამას ყველა სხვა ოპოზიციური პარტია გააკეთებს.

"რა თქმა უნდა, რევოლუციისთვის არ ვემზადებით და რა თქმა უნდა, ხმებს დავიცავთ. ეს ყველაფერი არის სრული უნიჭობა. ეს არის გათვლილი უწიგნურ, ბრმადმორწმუნე „ქოცებზე“, რომლებზეც არგუმენტი არ ჭრის. გასულ წელს პარტიის პოლიტსაბჭო იყო კიევში. მიმდინარე წელს ამ შემადგენლობით კიევში არ ვყოფილვართ. წელს მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბარი არ მქონია, აქედან გამომდინარე, დასკვნები გააკეთოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც ლოგიკურად აზროვნება შეუძლია. გარდა ამისა, როცა კაცი შეიგინები, უზრდელი ხარ, არადა, ამ ჩანაწერის კომბინაციის გამკეთებელს, ვითომ ჩამწერს და დამვალებელს დიდი სიამოვნებით ვეტყოდი: მტყუანის დედა... მტყუანის მკვდარი... მტყუანის ცოცხალი... და ასე შემდეგ. ამათთან სხვანაირი არგუმენტებით საუბარს აზრი არა აქვს”.

როგორც გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მსგავსი საუბარი მას მიხეილ სააკაშვილთან საერთოდ არ ჰქონია.

,,ყველა ხვდება, რომ ეს არის უნიჭო ხელისუფლების მიერ გამოშვებული კადრები. არ ვიცი რას ემსახურება. მე ვარ ქუთაისში. ვატარებ წინასაარჩევნო კამპანიას. სუსი, მუსი, პუსი თუ ვიღაცა გვიყურებს და გვისმენს თუ რას ვაკეთებთ ყოველდღიურად. რა რევოლუციაზეა საუბარი. რა სისულელეა. რას ემსახურება ეს, ან რისი მომტანია. მე რომ ვთქვა ახლა, გვჭირდება რევოლუციური გარდაქმნა ეკონომიკაში, ეს რევოლუციაზე მიუთითებს? დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფრაზები საიდანღაცაა ამოგლეჯილი და გაკეთებული. ამით ჩემს გამარჯვებას ვერ შეაჩერებენ. უსაქმური ვინც არის ის აკეთებს ამას. ასეთი საუბარი მე საერთოდ არ მახსოვს. რადიკალურ პოლიტურ ბრძოლაზე დღესაც ვამბობ, რომ ჩვენ ვართ იმ ფაზაში, როცა გვაქვს აქტიური პოლიტიკური ბრძოლა. საერთოდ, ძალიან იშვიათად მაქვს მიხეილ სააკაშვილთან საუბარი. სახელმწიფო გადატრიალებას კი თვითონ ეს ხელისუფლება ამზადებს".

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით