"ვარდების რევოლუციისას" სააკაშვილი შევარდნაძეს ქუჩიდან ეძახდა, 30 000 კაცი ვდგევართ და არ გეყოფა, რომ გადადგეო"? - კვირის პალიტრა

"ვარდების რევოლუციისას" სააკაშვილი შევარდნაძეს ქუჩიდან ეძახდა, 30 000 კაცი ვდგევართ და არ გეყოფა, რომ გადადგეო"?

"ერთადერთი ვისაც საქართველოში დესტაბილიზაცია და არეულობა აწყობს, ეს არის რუსეთი. "ნაციონალების" ეს ინიციატივა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს"

27 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ, რომლებიც რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი:

- შესაძლო სახელმწიფო გადატრიალება ლოგიკურია, რომ მხოლოდ არჩევნების შედეგებს დაუკავშირდება. რაც შეეხება კითხვას, აქვს თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას" შესაბამისი რესურსი, გავიხსენოთ რომ სააკაშვილს დიდი ადამიანური რესურსი არც "ვარდების რევოლუციის" დროს ჰქონდა. მიტინგის დროს სააკაშვილი შევარდნაძეს ქუჩიდან ეძახდა, 30 000 კაცი ვდგავართ და არ გეყოფა, რომ გადადგეო? ამის მერე მოვლენები უკვე ისე ვითარდებოდა, რომ 30 000 კაცი დიდ რაოდენობად არ ითვლებოდა, მაგრამ "ვარდების რევოლუციის" დროს სააკაშვილს სხვა რესურსი ჰქონდა, ეს იყო საგარეო მხარდაჭერა, მაშინ ამ ცვლილებას ამერიკაც და რუსეთიც მხარს უჭერდა, აგრეთვე, მიშას ჰქონდა პასიური მხარდამჭერების რესურსი, კერძოდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი მასთან ერთად შეიძლება მიტინგზე არ იდგა, მაგრამ პასიურად თანახმა იყო ცვლილებაზე და წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

დღეს სიტუაცია სხვანაირია, აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ამერიკა დაინტერესებულია პროცესები წავიდეს ისე, როგორც მიდის და დესტაბილიზაცია არავის ინტერესში არ შედის. რაც შეეხება შიდა რესურსებს, რა თქმა უნდა, "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს მომხრეები, მაგრამ უკვე აღარ ჰყავს ნეიტრალური ფენა, მას ჰყავს მოწინააღმდეგეების უზარმაზარი ფენა, რაც 2003 წელს არ იყო. ამიტომ ამ პირობებში, იმის შანსი, რომ რევოლუციამ რამე შედეგი მოუტანოს "ნაცმოძრაობას" გარდა იმისა, რომ ის დამნაშავის სკამზე აღმოჩნდეს, როგორც კონსტიტუციის წინააღმდეგ წასული პარტია, ძალზე მცირეა.

- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო პერიოდში გააქტიურებულია უკრაინიდან და ჩამოსვლასაც აანონსებს...

- ეს ჩამოსვლა უფრო თავისი მომხრეების მობილიზაციისთვის არის დაანონსებული. რეალურად ის საქართველოში ჩამომსვლელი არ არის თუნდაც იმიტომ, რომ ამ ჩამოსვლით მან შეიძლემა ის მდგომარეობა დაკარგოს, რაც ახლა უკრაინაში აქვს. სააკაშვილი ის კაცი არ არის, რომელიც თავის მაღალ მდგომარეობას იმის მცდელობისთვის დაკარგავს, რომ საქართველოში საკმაოდ მცირე შანსებით მოიპოვოს რაიმე.

- პრეზიდენტი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისა და დაძაბულობის მუხტის შეტანისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

- ბუნებრივიცაა. მართალია მარგველაშვილი ზოგს მოსწონს, ზოგს არა, მაგრამ ფაქტია, რომ ის სახელმწიფოს მთლიანობის ინსტიტუტების და ინტერესების დამცველი ყოველთვის არის, დესტაბილიზაცია კი სახელმწიფოს ურთულეს მდგომარეობაში აგდებს. ერთადერთი ვისაც საქართველოში დესტაბილიზაცია და არეულობა აწყობს, ეს არის რუსეთი. "ნაციონალების" ეს ინიციატივა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)